რუსული ოპოზიცია პუტინს ძალიან გაუთამამდა. შაბათს, 23 ოქტომბერს, მისი გადადგომა უკვე 300 ადამიანმა მოითხოვა. პრემიერის გადაყენების მსურველებმა აქცია პუშკინის მოედანზე გამართეს.
როგორც რუსული მედია საშუალებები იუწყებიან, 300 კაციან აქციას 60 ჟურნალისტი ესწრებოდა. პუტინის საწინააღმდეგო გამოსვლებს თვალყურს ადევნებდა 100-ზე მეტი მილიციელი.
დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ცნობა, რომ სამართალდამცავებმა აქციის 3 მონაწილე დააპატიმრეს. რუსი სამართალდამცავები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
პუტინის საწინააღმდეგო აქცია სანქცირებული იყო. ”ინტერფაქსის” ცნობით, აქციის ორგანიზატორებმა მოსკოვის ხელისუფლებას აქციის ჩასატარებლად ნებართვა თვის დასაწყისში სთხოვეს. ოქტომბრის შუა რიცხვებში შეიტყვეს, რომ პუტინის საწინააღმდეგო აქციის ჩატარება 23-ში პუშკინის მოედანზე შეეძლოთ.
მართალია, აქციაზე მხოლოდ 300 კაცი მივიდა, მაგრამ მომიტინგეები მაინც კმაყოფილები დარჩნენ. მათ თან ხელმოწერებიც მიიტანეს. ამ ხელმოწერებს ორი კვირის განმავლობაში აგროვებდნენ. პუტინის წინააღმდეგ ჯერ მხოლოდ 61.505 ხელმოწერა მოაგროვეს.