პანდემიური 2020 მიკროსაფინანსო სექტორისთვის მომგებიანი აღმოჩნდა, სამაგიეროდ ბანკებს დიდი პრობლემები მოუტანა. ზოგადად კი, საფინანსო სექტორი ურთულეს პერიოდს გადის და უკვე ძლივს ინარჩუნებს სტაბილურობას. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მათი ჯამური მოგება შარშან 45 მილიონს გაუტოლდა. სექტორს წლიურ ჭრილში მოგება მნიშვნელოვნად გაეზარდა. 2019 წელს მათ სულ რაღაც 112 000 ლარის მოგება ჰქონდათ.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში კი ამტკიცებენ, რომ სურათი მიკროსაფინანსო ბაზარზე ბევრად მძიმეა, ვიდრე ეს ციფრებით და ერთი შეხედვით ჩანს. მათი განმარტებით, ციფრები, რომლებიც ეროვნულ ბანკს აქვს, აუდიტირებული მონაცემები არ არის, ესაა მხოლოდ კვარტლური დაჯამება, სადაც შეტანილია რეზერვის განაკვეთი, პორტფელის სტრუქტურა და ა.შ. ასოციაცია ამტკიცებს, რომ ეს ძირითადად შიდა მენეჯმენტის ანგარიშებია და სექტორის ფინანსურ მდგომარეობას რეალურად წარმოაჩენს აუდიტირებული ანგარიშები, რომელიც, როგორც წესი, ივნისამდე ქვეყნდება.
ასოციაციის პრეზიდენტის ბესო შენგელიას განმარტებით, ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიმართულება მხოლოდ ბიზნეს დაკრედიტებაა, ზარალზე არიან.
„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საკრედიტო ორგანიზაციების შემთხვევაში, რომელთა ძირითადი მიმართულება დაკრედიტებაა და არა მაგალითად, ლომბარდული მიმართულება, კონვერტაციები, ან სავალუტო ოპერაციები, უმთავრეს შემთხვევაში ზარალი გვექნება“, - განაცხადა შენგელიამ და დასძინა, რომ საერთო სურათს შეიძლება ცვლიდეს სალომბარდე მიმართულებით მომუშავე მიკროსაფინანსოების ფინანსური მაჩვენებლები, რაც ტრენდი ვერ იქნება.
„ძალიან დიდი პორტფელი აქვს ლომბარდს, საკმაოდ მაღალი შემოსავლები აქვს კონვერტაციისგან და ა.შ. ასეთი ორგანიზაციები განსხვავდებიან მათგან, ვინც ტრადიციულად მუშაობენ ბიზნეს დაკრეტიდებაზე“, - აღნიშნა „რეპორტთან“ შენგელიამ.
მიკროსაფინანსოებს კიდევ არა უჭირთ, მაგრამ საბანკო სექტორი კი სეროიზული პრობლემების წინაშეა. 2020 წელს რვაჯერაა შემცირებული სექტორის ჯამური მოგება. ასე მაგალითად: თუკი 2019 წელს 15 ბანკის მთლიანი მოგება 853 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020-ში სექტორის მთლიანი მოგება 99 მილიონი ლარამდე დავიდა.
ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკიდან 8 ბანკს მოგების ნაცვლად ზარალი აქვს. ყველაზე დიდი ფინანსური დანაკლისი უფიქსირდება „ქართუ ბანკს“ - 24.7-მილიონიანი ზარალი. ყველაზე მაღალი - 123-მილიონიანი წმინდა მოგება მიიღო „თიბისი ბანკმა“.
ზარალის მთავარი განმაპირობებელ ფაქტორად ბანკების მხრიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების რეზერვში 1.2 მილიარდი ლარის აკუმულირება სახელდება.
როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, საბანკო სექტორი რეალურად მძიმე სიტუაციაშია და ერთ-ერთი ძირითადი დარგია, რომელიც კორონავირუსის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდა.
„ბანკების საქმიანობას ჩვეულებრივ საწარმოო პროცესს ვერ გავუტოლებთ. უკანასკნელ შემთხვევაში, წარმოება შეიძლება შემცირდეს, მოგება ვერ მიიღოს, საერთოდ გააჩეროს საქმიანობა, მაგრამ ბანკმა თუ მოგება ვერ მიიღო, თანდათან დაიწყებს გაკოტრებას. ეს პრობლემა ჯაჭვური რეაქციით გადადის სხვა დარგებზეც და მთელი ეკონომიკა ინგრევა. ბანკი იმისთვის არის, მოგება და შემოსავლები მიიღოს.
ის, რომ ბანკების მოგება 8-ჯერ შემცირებულია, ძალიან ცუდი მდგომარეობის მანიშნებელია. ის მცირე მოგებაც კი, რაც სექტორმა აჩვენა, სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთების ზრდით უნდა იყოს გამოწვეული. ბიზნესს უჭირს, კრედიტების გაცემა და უკან დაბრუნებაც ფერხდება, რაც მოგების კლებას განაპირობებს. თუ ბანკმა სესხი გასცა და უკან ვერ დაიბრუნა, შემდგომ პერიოდში მას ექნება მცირე რესურსი და ვეღარ შეძლებს ეკონომიკის დაკრედიტებას, რაც დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.