ვინ და რა უთხრა ხოფერიას „ნაუშნიკში“, რამაც „რუსთავი 2“ დაატოვებინა

ვინ და რა უთხრა ხოფერიას „ნაუშნიკში“, რამაც „რუსთავი 2“ დაატოვებინა

ქვეყანა ვანო მერაბიშვილის გადადგომას ელოდა და... ეკა ხოფერია გადადგა! შუა გადაცემაში ნახევარწუთიანი განცხადება გააკეთა და წავიდა არხიდან. ყველა პირღია დატოვა, საკუთარი არხის ხელმძღვანელობაც, ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საერთოდ  საზოგადოება. ხოფერია ისე მოიქცა როგორც საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატზე. ხოფერიასაც თამაშს უწუნებდნენ საფრანგეთივით, ხელისუფლების მეხოტბედ თვლიდნენ და აი - მან ამ ხელისუფლებას კულმინაციურ მომენტში ზუსტად ის გაუკეთა რაც საფრანგეთმა ბრაზილიას. ერთით ნოლი ხოფერიას სასარგებლოდ.

სამ წინადადებაში სარმა გამოსდო ჩაფლავებულ „რუსთავი 2“-საც და უტიფარ ხელისუფლებასაც. იმ ხელისუფლებას რომლის მოყვანაშიც თავად მასაც მიუძღოდა დიდი წვლილი.

სხვები თუ ტელეეთერიდან წავიდნენ ვირებივით, ის წავიდა გმირად.

რამ მიიყვანა ეკა ხოფერია ამ ნაბიჯამდე, რა უძღოდა ამ ყველაფერს წინ და რა ხდებოდა იმ წუთებში მის ყურთსასმენში?

საერთოდ, ეკა ხოფერიას „რუსთავიდან“ წასვლაზე ლამის ორი წელია მიდის ლაპარაკი. ეს ხმები ძირითადად არხის შიგნით გორდებოდა, ხანაც ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან. მის საინფორმაციოს შეფობიდან მოხსნა-არმოხსნაზე ისეთი გზნებით ჭორაობდნენ მისი ხელქვეითები თუ ხელზევითები, ვეღარ გაიგებდი ეკა იყო თუ იულია ტიმოშენკო. კულუარულად ცნობილი იყო ისიც თუ როგორ უმიზნებდნენ მის პოსტს სხვადასხვა მაღალჩინოსნებთან დამეგობრებული მისი თანამშრომლები.

ხოფერია პოსტს ინარჩუნებდა და როგორც ახლა უკვე ცხადად გამოჩნდა აგრძელებდა წნეხის ქვეშ მუშაობას. მანამ სანამ არ გაწყდა მოთმინების ძაფი და სანამ მისთვის უკვე პიროვნულად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი არ აღმოჩნდა მისთვის ის რასაც მისგან ხელისუფლება და ამ ხელისუფლების დამქაში არხის ხელისუფლება არ ითხოვდა. ეს პიკი გირგვლიანის თემა აღმოჩნდა. მას მკვლელების გაფეტიშება მოსთხოვეს.

ვის შეეძლო ესაუბრა ამ დროს მასთან? როგორც წესი გადაცემის წამყვანებს ყურში პროდიუსერები ელაპარაკებიან. ეს წესით. ამ წესის დაცვით, ქართულ ტელეარხებში ამ ხელისუფლებამ დაამკვიდრა ერთი უწესობა. არხში გადაცემის მსვლელობისას რეკავენ ხელისუფლებიდან, იძლევიან დირექტივებს, რომლებსაც მერე პროდიუსერები, რეჟისორები ყურში ეუბნებიან წამყვანს და გადაცემაც იცვლება, სხვა მხარეს მიდის.

არხზე დარეკვის უფლებამოსილებით ხელისუფლებაში სულ რამდენიმე პირი სარგებლობს, ჟურნალისტიკური კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციების მიხედვით ასეთი პრივილეგიით, გიგა ბოკერია, გიორგი არველაძე, გივი თარგამაძე, დათო კირკიტაძე... სარგებლობენ.

არის აშკარა და დაუფარავი უმსგავსობაც როცა წამყვანს უშუალოდ პოლიტიკოსები და ან არხის ხელმძღვანელები ელაპარაკებიან.

„ალიას“ ხელთარსებული კულუარული ინფორმაციებით, რამდენიმე ვარიანტი იკვეთება.

პირველი ვერსიის თანახმად, ეკა ხოფერიას უშუალოდ გიგა ბოკერია ესაუბრებოდა. შეურაცხყოფა მიაყენა, „გოგო შენ ჩვენ პოზიციებს ვერ იცავ, და ა.შ.“. ამ ვერსიით სწორედ მან მოითხოვა დათა ახალაიასთვის მიეცათ სეფე სიტყვა. თუმცა, მეორე ვერსიით, ეს შეურაცხყოფა და ულტიმატუმი ხოფერიას ხელისუფლებიდან დამოძღვრილმა არხის ხელმძღვანელებმა წაუყენეს. ორში ერთმა - ან გენდირექტორმა ნიკა ტაბატაძემ, ან არხის დამფუძნებელმა ქიბერ ხალვაშმა.

სხვათა შორის, როგორც „ალიას“ სარწმუნო წყარომ აუხსნა, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ხოფერიას საქმიანობაში ქიბერ ხალვაში ჩაერია. იხსენებენ ასეთ ფაქტს. ჯღანას ამბები რომ იყო და სპორტსმენები რომ ქუჩაში გამოვიდნენ, სწორედ იმ დღეს ეთერში უნდა გასულიყო ეკას გადაცემა. მაშინ ის ის იყო იწყებოდა ეკას „თავისუფალთემობა“. მაგრამ უცაბედად, გადაცემა მოიხსნა და ეთერში არ გავიდა. „ალიას“ ხელთ არსებული ინფორმაციით, გადაცემა პირადად ქიბერ ხალვაშმა მოხსნა. მაშინ ეკამ მამის ავადმყოფობა მოიმიზეზა.

ასე რომ გამორიცხული სულაც არაა, რომ ახლაც ქიბერ ხალვაში ყოფილიყო ეკა ხოფერიას მოთმინების ფიალის ავსები. ისეთივე წარმატებით, როგორც ნიკა ტაბატაძე, რომელსაც საერთოდ სჩვევია უხეშობა ჟურნალისტებთან. თუმცა სამივე ამ ვერსიის მიხედვით ულტიმატუმის სათავე ისტერიკაში ჩავარდნილი ხელისუფლებაა.

ესეც რომ არა, მათი დანაბარები ულტიმატუმი და შეურაცხმყოფელი სიტყვები, რიგით რეჟისორსაც რომ ჩაეძახა ყურში ხოფერიასთვის, ვითარებას არ ცვლის.

რა მოხდა არხზე ხოფერიას პენალის შემდეგ? კაი ხანს, გონს ვერ მოვიდნენ, ეგონათ ხოფერია გადაცემას გააგრძელებდა. მაგრამ ბრახ და რა გაჩნდა ეკრანზე? შავი ფონი... მაგრამ გონს მოეგნენ, გაიგეს რომ ხოფერია სახლში წავიდა და გადაცემა ვეღარ გაგრძელდებოდა. ატყდა პანიკა, სასწრაფოდ გასცეს დირექტივა ეთერში გაეშვათ რეკლამა. ლამის შარშანწინდელი რეკლამებიც გაუშვეს და მერე ჯეობარი მიაყოლეს.

ამ დროს არხზე დაიბარეს ყველა ჟურნალისტი (ზოგს ხმა მიაწვდინეს) და ყველას სასტიკად აუკრძალეს კრინტის დაძვრა. ეს „ალიამაც“ გამოსცადა. ბევრი წამყვანი ჟურნალისტი არ იყო აზრზე... სახლში წასული ეკა ხოფერია, რაღაც დროის მანძილზე პასუხობდა ზარებს, მაგრამ არ პასუხობდა „რუსთავი 2-ელებს“. შემდეგ საერთოდ შეწყვიტა ზარების მიღება.

გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ საბოლოოდ „ჩაიფსა“. გამარჯვებული მარტო ხოფერია გამოვიდა, რომელმაც ეს არხი დატოვა.

 

 

 

 

 

 

ზაზა ზატო ეხლა მოგევლინათ პროფესიონალ მინისტრად. ნეხვს აპრავებთ?
3 წლის უკან