როგორი მოლოდინი აქვს ბიზნესს პოსტპანდემიურ პერიოდში და რას ელის შეზღუდვების გაუქმების შემდეგ? ამასთან დაკავშირებით ეკონომისტებისა და თავად ბიზნესმენების აზრი ორად იყოფა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ დადებითი ტენდენციები აუცილებლად იქნება, ბიზნესი კი პოზიტიურ ცვლილებებს ჯერ არ ელოდება.
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარის ივა ჭყონიას აზრით, 2021 წელი გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი.
„მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა წლიდან წლამდე ეცემა. კომპანიებში რეალიზაციაც წლიდან წლამდე იკლებს და მუშაობის გაგრძელება, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, ძალიან რთულდება. ბოლო 6 წლის განმავლობაში ლარი 100%-ით გაუფასურდა, შესაბამისად, გაზრდილია ფასი თითქმის ყველა პროდუქციაზე, მათ შორის ადგილობრივ წარმოებაზე.
გაზრდილია გადასახადი ელექტროენერგიაზე, გაზზე, ეს ხომ ჯერ არ არის ასახული და რაღაც პერიოდში აისახება. გასაგებია, რომ ჯერ სუბსიდირება მოქმედებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არანაირი გეგმა არ არსებობს. ამ სუბსიდირების დასტურების შემდეგ რა გველოდება? ბიზნესი ფასებს როგორ შეინარჩუნებს?
ამიტომ ვფიქრობ, ეს წელი გაცილებით უფრო რთული იქნება, ვიდრე 2020. საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი სწრაფად აღდგება და ნორმალური ვითარება შეიქმნება, არის აბსურდი. შარშან კიდევ რაღაც ნარჩენი იყო რესურსის და ამ თანხების ხარჯვა ხდებოდა, მაგრამ დღევანდელი ვითარება განსხვავებულია და ბევრია სამუშაო. თუ გამოსავალზე ვფიქრობთ, არაერთხელ მითქვამს, რომ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება არის პირველი გამოსავალი“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსითან“ ივა ჭყონიამ.
შედარებით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ეკონომისტები. მართალია, ისინი ფასების ზრდას პროგნოზირებენ, თუმცა ბიზნესის განწყობის მიმართულებით ოპტიმისტურ მოლოდინს ამჩნევენ. „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა აღნიშნავს, რომ ბიზნესთან ერთად ადამიანებიც შეძლებენ გარკვეული შემოსავლების აღდგენას.
„ზოგადი განწყობა არის ერთმნიშვნელოვნად ფასების ზრდის მოლოდინის მიმართულებით. ერთადერთი, სამშენებლო სექტორმა ეს მოლოდინი არ დააფიქსირა, რაც ჩემი აზრით, განპირობულია იმით, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ფასების მნიშნელოვანი კორექტირება არ მომხდარა და ალბათ, ელოდებიან, რომ კლების მიმართულებით კორექცია მოხდება, მომავალი კვარტალის განმავლობაში.
სხვა ყველა სექტორში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლოდინი ფასების ზრდის მიმართულებით არის. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, ერთი მხრივ ის, რომ მწარმოებლებს უძვირდებათ პროდუქციის მიწოდება ბაზარზე, რომელსაც ისინი აწარმოებენ და თანაც შეიძლება მოლოდინი ჰქონდეთ, რომ დღევანდელ მდგომარეობასთან შედარებით, გაუმჯობესდება მოთხოვნა მას შემდეგ, რაც უკვე ეკონომიკა გაიხსნება და ადამიანები შეძლებენ გარკვეული შემოსავლების აღდგენას. ეს ორი ფაქტორი, განაპირობებს ბიზნესში ფასების ზრდასთან დაკავშირებით მოლოდინს“, - განაცხადა პაპავამ.
„აისეტმა“ ბიზნესის განწყობების შესახებ კვლევა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. ბიზნესის განწყობის ინდექსი დგება 3 ქვეკომპონენტის შედეგად. ეს კომპონენტებია მოლოდინი (ეხება ძირითადად მომავალ 3 თვეს), მიმდინარე მდგომარეობის შეფასება (ბოლო 2-3 თვის განმავლობაში რა შედეგები ჰქონდა ბიზნესს) და ასევე ფასებთან მიმართებით რა მოლოდინი აქვთ კომპანიებს - ფიქრობენ საკუთარი პროდუქტის გაყიდვა უფრო ძვირად შეძლონ თუ პირიქით, ფასების დაკლება მოუწევთ.
ამ სამი კომპონენტიდან ყველაზე მეტად ბიზნესს გაუმჯობესებული განწყობა აქვს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს დადებითი მოლოდინი გამოწვეულია იმ შეზღუდვების მოხსნით, რაც ქვეყანაში ეტაპობრივად მიმდინარეობს.
ინდექსი დღეის მდგომარეობით არის 3,4-ზე და ის დადებით ნიშნულზეა, თუმცა გაცილებით დაბლაა თუნდაც 2019 წელთან შედარებით. ბოლო 4 წლის განმავლობაში აღნიშნული ინდექსი გაცილებით მაღალი იყო.
მიუხედავად ამისა, როგორც „აისეტში“ ამბობენ, ეს არც იმას ნიშნავს, ბიზნესს საოცარი მოლოდინი უნდა ჰქონდეს ან ამან შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ეკონომიკური სურათი, რადგან პოსტპანდემიური პერიოდი საკმაოდ რთული იქნება.