ნავთობის ფასი პერმანენტული გაძვირების გზას დაადგა. გლობალური ბაზრებს ოპტიმიზმის საფუძველს ვაქცინაცია, დაავადებების შემთხვევათა რაოდენობის შემცირება და მთელ რიგ ქვეყნებში ლოქდაუნების გაუქმება აძლევს. საწვავმა თვლაშისაცემად გაძვირება დაიწყო საქართველოშიც. მცირე სადგურებზე 1 ლიტრის ფასმა 2,05 ლარს მიაღწია, ხოლო ბრინდირებული კომპანიების ქსელში 2,30 ლარს გადასცდა.
იანვრიდან მოყოლებული ბირჟებზე ფასები შეუჩერებლივ იზრდებოდა თებერვალში „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 61 დოლარს გადააჭარბა. ბოლოს ასეთი მაჩვენებელი 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების გაძვირების დინამიკა გაგრძელდება. ფასი ეტაპობრივად მატულობს და ახლა პანდემიამდელ ნიშნულს უბრუნდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი, მთვრალაშვილის განმარტებით, „ოპეკი პლუსის“ შეთანხმებაა ნავთობის მოპოვების კვოტებთან დაკავშირებით.
„ოპეკი პლუსის“ ქვეყნებმა უარი თქვეს იანვრიდან სადღეღამისო მოპოვებების ორი მილიონი ბარელით გაზრდაზე და საერთოდაც შემცირების პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, თუმცა რუსეთსა და ყაზახეთს უფლება მისცეს, მცირედით გაეზარდათ წარმოება. დანარჩენი წევრები კი თებერვალ-მარტში ნებაყოფლობით მოაშორებენ ბაზრიდან 1,425 მლნ ბარელს დღე-ღამის განმავლობაში. ამ მოცულობიდან 1 მილიონი ბარელი საუდის არაბეთზე მოდის. რასაკვირველია, ასეთი დაპირებების ფონზე ნავთობი გაძვირებას განაგრძობს.
„ცნობილია, რომ შემცირებულია ნავთობის მოპოვების ყოველდღიური კვოტები და „ოპეკი“ ამ შეთანხმებას ზედმიწევნით ასრულებს. გარდა ამისა, ვაქცინაციის თემამაც დიდი მოლოდინი გააჩინა. ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ეკონომიკა გაიხსნება, რაც მოთხოვნის გაზრდას ნიშნავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩინეთში ფიქსირდება ნავთობის მოხმარებისა და იმპორტის მაღალი მაჩვენებელი. ესეც დამატებითი მომენტია, რომ მიმდინარე ეტაპზე, ნავთობის ღირებულება 60-დოლარიან ნიშნულს გასცდა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია გავლენას საქართველოზეც მოახდენს და საწვავი საცალო ქსელში აუცილებლად გაძვირდება, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში.
როგორც მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარია აცხადებს, ნავთობის ფასი ისევ მაღლა წავა და ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მიზეზი ავიაციაზე მოხსნილი შეზღუდვებია.
„თუ მსოფლიო ტენდენციას გადავხედავთ, ერთ-ერთი, რამაც გაზაფხულზე ფასის ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გამოიწვია, იყო ავიაციის შეზღუდვა. ახლა მსხვილ ავიაკომპანიებს რეგულარული ფრენა აქვთ დაგეგმილი სადღაც აპრილის დასაწყისიდან ან შუა რიცხვებიდან. შესაბამისად, მოთხოვნის ზრდას უნდა ველოდოთ, დაახლოებით, ორ თვეში.
თუკი მოპოვება იმავე ოდენობით შენარჩუნდა, მაშინ ფასი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად გაიზრდება, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ნავთობმომპოვებელი ქვეყნების საერთო გადაწყვეტილებაზე, თუ როგორ შეჯერდებიან, შეამცირებენ თუ გაზრდიან ნავთობის მოპოვებას მოთხოვნის შესაბამისად“, -განაცხადა კემულარიამ.
მიუხედავად ყველაფრისა უცხოელი ანალიტიკოსები მკვეთრ ცვლილებებს აღარ ელოდებიან. ამაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას. პირველ რიგში, ის, რომ მარაგები ძველებურად საკმარისზე მეტია - მსოფლიოს მასშტაბით საცავებში 1 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობია დაგროვილი. ამასობაში მიწოდებას ზრდის ლიბია და გამორიცხული არ არის, რომ ბაზარზე ირანულმა ნავთობმა „იფეთქოს“.