როგორც ირკვევა, მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა აღარ გაგრძელდება. არადა, წინ კიდევ ერთი ცივი თვეა და შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას გადასახადების დაფარვა გაუჭირდება. მით უფრო, რომ შეზღუდვები დაანონსებულზე გაცილებით გვიან მოიხსნა (ისიც ნაწილობრივ) და ხალხი სამუშაო ადგილებს ჯერ კიდევ არ დაბრუნებია.
ელექტროენერგიის სუბსიდიის გაგრძელებასთან დაკავშირებით მთავრობას ოფიციალურ დონეზე არაფერი უთქვამს, თუმცა ენერგოომბუდსმენისთვის მთავრობის პოზიცია ცნობილია და სუბსიდია არ გაგრძელდება. სალომე ვარდიაშვილის ინფორმაციით, პროგრამა შეჯამდა, გაკეთდა სრულფასოვანი ანალიზი და ვადებთან დაკავშირებით სიახლე, სამწუხაროდ, არ არის.
„კომუნალური გადასახადების სუბსიდიასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესი იყო. ამ ხნის განმავლობაში უამრავი ადამიანი გვიკავშირდებოდა და გვეკითხებოდა, გაგრძელდება თუ არა სუბსიდია. ჩვენ სრულფასოვნად შევაჯამეთ პროგრამა და ვიცით მთავრობის პოზიცია, რომ კომუნალური გადასახადების სუბსიდია არ გაგრძელდება.
როგორც ცნობილია, 4-თვიანი პროგრამა სრულდება. თებერვლის ქვითარი იქნება ფინალური, ამის შემდეგ მომხმარებელი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად ელექტროენერგიის მოხმარებისას, რადგან უკვე მარტში მიღებული ქვითარი სუბსიდიას არ დაექვემდებარება.
რაც შეეხება გაზრდილი გადასახადის სუბსიდიას, ჩვეულებრივ, 2021 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მნიშვნელოვანი იყო, რომ დახმარების პაკეტი განხორციელდა ზამთრის თვეებში, ყველაზე პიკური გადახდისას და მაშინ, როცა ადამიანებმა დაკაგეს სამუშაო“, - განუცხადა „რეპორტს“ ვარდიაშვილმა.
ჯერჯერობით ყველა იმ ოჯახის გადასახადი, რომელიც „თელასის“ აბონენტია და თვეში 37 ლარის ელექტროენერგიას მოიხმარს, ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოს რეგიონებს დენს „ენერგო პრო ჯორჯია“ აწვდის. ამ შემთხვევაში იფარება ის ხარჯი, რომელიც 36 ლარამდეა.
რაც შეეხება გაზგამანაწილებელ კომპანიებს, „თბილისის ენერჯის“ შემთხვევაში ფინანსდება 92 ლარის ღირებულების მოხმარებული გაზი, „სოკარ გაზისა“ და „საქორგაზის“ შემთხვევაში კი დაახლოებით 113 ლარის გადასახადი.
ეკონომისტ გივი მომცელიძის აზრით, სუბსიდიის 1 თვით გაგრძელებაც კი ხალხისთვის დიდი შეღავათი იქნებოდა.
„უამრავი ოჯახი არის დიდი გაჭირვებაში და მათთვის ასეთი დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება, შერჩევითი დასუბსიდირების მექანიზმი გამოიყენონ, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, რეალურად ვის უჭირს და ვის - აღარ, ძნელად გასარკვევია, ამიტომ ისევ არსებული მექანიზმი უნდა იქნას გამოყენებული.
მარტი საკმაოდ ცივი თვეა და სუბსიდიის გარეშე გადასახადს მოსახლეობა დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდება. სულ მცირე, 1 თვით მაინც უნდა გახანგძლივდეს, მაგრამ ესეც საკმარისი არ არის. ბევრ ოჯახს უშველა მთავრობამ სუბსიდიის გამოყენებით და ამ ვალდებულებაზე არც მომავალში უნდა თქვას უარი. ზოგჯერ იმდენად გაუაზრებელ ხარჯს ეწევა ხელისუფლება, რომ სჯობს ისევ ამ მიმართულებით დაიხარჯოს ფული და ხალხის მდგომარეობა შემსუბუქდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეების ნაწილი შეიძლება საერთოდ ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩეს.
პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს, უმუშევრობა ისევ მაღალ დონეზეა და ასეთ დროს კომუნალურ ხარჯების პირისპირ ადამიანების დატოვება მთავრობის მხრიდან არ იქნება გამართლებული“, - განაცხადა მომცელიძემ.
კომუნალური გადასახადების სუბსიდიის გადაწყვეტილება მთავრობამ ნოემბერში მიიღო. გადაწყდა, რომ 4 თვის განმავლობაში - ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით - კომუნალური გადასახადები დაიფარება. გადასახადების სუბსიდირების მიზნით 2021 სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში, 165 მილიონი ლარი გამოიყო.