8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრასპორტი მუშაობას იწყებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები დილიდან ჩვეულ რეჟიმში, 21:00 საათამდე იმუშავებენ. ახლა მთავარია ხომ არ გახდება მუნიპალური ტრანსპორტი დაინფიცირების წყარო და როგორ უნდა მოხერხდეს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა?
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტში პირბადის ტარებასა და მის მკაცრ კონტროლზე აკეთებს აქცენტს. მისი თქმით, წესები იგივე იქნება, რაც ჩაკეტვამდე იყო.
„ავტობუსებში პირბადის ტარებაზე საკმაოდ სერიოზული კონტროლი მიდიოდა. მაგალითად, ავტობუსი არ დაიძრებოდა, თუკი მოქალაქეს პირბადე არ ეკეთა ან თუ ვინმე მოიხსნიდა, კონტროლიორი აძლევდა მითითებას, ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, არაერთხელ გამოგვიძახებია საპატრულო პოლიცია. იგივე სისტემა იმოქმედებს ახლაც. რაც შეეხება მეტროპოლიტენებს, შესასვლელში იდგნენ ჩვენი კონტროლიორები და ახლაც დადგებიან. მოვახდენთ პირბადის მკაცრ კონტროლს და მის გარეშე არავინ დაიშვება“, - განაცხადა ხმალაძემ.
რაც შეეხება მეტროსადგურებში ადამიანების რაოდენობის მართვას, მერიის წარმომადგენლები პირველ რიგში, დააკვირდებიან ადამიანების რაოდენობას და შესაბამისი უწყებები ამის შესახებ მოგვიანებით იმსჯელებენ.
ხელისუფლებას აქედანვე აფრთხილებენ ინფექციონისტები. მაია ბუწაშვილის თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უმეტესობას პირბადეები ფორმალურად უკეთია და ამის კონტროლი უნდა გამკაცრდეს, რისთვისაც თითოეულ ავტობუსში მინიმუმ ერთი კონტროლიორია საჭირო.
„ტრანსპორტი შეიძლება სულ მუშაობდეს, უბრალოდ მკაცრი უნდა იყოს რეგულაციები. თუ საჭიროა დაემატოს ისეთი ავტობუსები, სადაც დიდი სივრცეა და შესაძლებელია დისტანციის დაცვა. თითო ავტობუსს უნდა ჰყავდეს თითო კონტროლიორი, რომელიც გააკონტროლებს დისტანციას და ნაკადებს, რომ ბევრი მგზავრი არ მოხვდეს ავტობუსში. ვხედავთ, რომ ტრანსპორტში, ხშირად, ფორმალურად უკეთიათ პირბადე, თუ არსებობს კონტროლიორი, რომელიც გადახდის საკითხს არეგულირებს, შეიძლება არსებობდეს კონტროლიორი, რომელიც პირბადეს და დისტანციას დაარეგულირებს“, - განაცხადა ბუწაშვილმა.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელი გელა კვაშილავა დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ჩაკეტვა არასწორი გადაწყვეტილებაა, რითაც ერთი მხრივ მოქალაქეებს ხარჯი ეზრდებათ, მეორე მხრივ კი ბიუჯეტი შემოსავლებს კარგავს.
„ტრანსპორტის მეშვეობით კოვიდის გავრცელების რისკი ძალიან მცირეა. ამაზე დაკვირვება უამრავ ქვეყანაში ჩატარდა. მარტივი რეგულაციების დაცვით შესაძლებელია, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ტრანსპორტში არ საუბრობენ და თუკი პირბადის გამოყენება იქნება, რისკი მინიმუმია.
უცხოელ კოლეგებთან მაქვს კავშირი და არც ერთ ქვეყანაში ასეთი დიდი ხნით საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გაჩერებულა. იყო შეზღუდვები თუმცა არა ამ მასშტაბის მისი დანიშნულებიდან გამომდინარე. პროცესის სწორად მართვისთვის აუცილებელია არსებული რესურსის სწორად გამოყენება, რომელიც ნამდვილად არსებობს“, - განაცხადა კვაშილავამ.