საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობის პირველ რაუნდში 23 წლის ამერიკელ ტომი პაულს დაუპირისპირდება, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 53-ე ადგილი უკავია. ბასილაშვილი ამ დროისათვის კლასიფიკაციაში 39-ეა. აღსანიშნავია, რომ ის 2019 წლის მაისში მსოფლიოში მე-16 ნომერიც იყო.
ბასილაშვილი და პაული ერთმანეთს პირველად შეხვდებიან და გამარჯვებული ნორვეგიელ კასპერ რუდსა და ავსტრალიელ ჯორდან ტომპსონს შორის საუკეთესოს შეხვდება.
შარშანდელ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ შეხვედრაში სამხრეთკორეელ კვონ სუნ-ვუს 6:7 (5:7), 6:4, 7:5, 6:3 სძლია, შემდეგ კი ესპანელ ვეტერან ფერნანდო ვერდასკოსთან 6:4, 6:7 (5:7), 4:6, 4:6 დამარცხდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა ავსტრალიის ღია პირველობაზე კიდევ ერთ ქართველ ჩოგბურთელს ვიხილავთ. ქალების წყვილთა ტურნირში გამოვა ოქსანა კალაშნიკოვა. ის და მისი ესპანელი მეწყვილე ხეორხინა გარსია მეტოქეთა ვინაობას მოგვიანებით შეიტყობენ.