იპოთეკური სესხების სუბსიდირებით, რომელიც 2020 წელს დასრულდა, სულ 8443-მა მსესხებელმა ისარგებლა. პროგრამის ფარგლებში დამტკიცებული მთლიანი საკრედიტო პორტფელის მოცულობა კი 827 მილიონი ლარი იყო. ამ პროგრამამ გასულ წელს იპოთეკური დაკრედიტების წახალისებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
დეველოპერების შეფასებით, 2020 წელს უძრავი ქონების ბაზარი კრიზისისგან სესხების სუბსიდირების პროგრამამ დაიცვა. შესაბამისად, 2021 წელს, რადგან ეპიდემიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, სესხების სუბსიდირების პროგრამას სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები კვლას მაშველი რგოლის ფუნქციას აკისრებენ და მთავრობას მოუწოდებენ, რომ პროგრამა კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდეს.
თუმცა ასე არ ფიქრობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი აზრიით, იმ შემთხვევაში, თუკი პროგრამა გაგრძელდება, მაშინ ეროვნულ ბანკს რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მოუწევს.
„სუბსიდირების პროგრამას ჰქონდა მნიშვნელოვანი გავლენა და მან გამოაცოცხლა ბაზარი. ამ პროექტის შედეგად, 2020 წლის მეორე ნახევარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი თითქმის სრულად აღდგა და ეს იყო ფაქტორი იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორს თავიდან აერიდებინა მნიშვნელოვანი რყევა ბინების ფასებში.
ბუნებრივია, სუბსიდირების შეწყვეტა იმოქმედებს აქტივობაზე. განსაკუთრებით კი საწყის თვეებში, რადგანაც იანვარი ისედაც პასიური თვეა. ზოგადად კი არასუბსიდირებული ბინების გაყიდვის დინამიკა იძლევა იმედს, რომ პანდემიის დარჩენილ ფაზაში უძრავი ქონების ფასების მკვეთრ რყევებს არ უნდა ველოდოთ.
ეროვნული ბანკი ინარჩუნებს გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას და სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას კონტრპოროდუქტიული ეფექტი ექნება, რადგან ასეთ შემთხვევაში სებ-ს დამატებით პოლიტიკის გამკაცრება მოუწევს. შესაბმისად, დეველოპერულ სექტორზე გაწეული ხარჯის გადახდა დაეკისრება სხვა არანაკლებ დაზარალებულ სექტორებს. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ ეს ავიცილოთ, ვფიქრობ, მსგავსი პროგრამის გარეშე გაცილებით პოზიტიური შეიძლება იყოს ფისკალური დისციპლინაც და ასევე ეფექტიანობა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები კი სხვაგვარად ფიქრობენ. „არსის“ დირექტორი ბესო ორთოიძე აღნიშნავს, რომ სამშენებლო ბიზნესს არსებულ პრობლემასთან დამოუკიდებლად გამკლავება გაუჭირდება და არ არის გამორიცხული, კრიზისში აღმოჩნდეს.
„იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შედეგი იმაზე კარგია, ვიდრე მოსალოდნელი და დაგეგმილი იყო. დაახლოებით 70 მილიონი ლარი დაიხარჯა სესხების სუბსიდიაზე და 8000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა, როცა პროგნოზი 6000-მდე ადამიანზე კეთდებოდა. საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი შედეგია მიღწეული და ეს პოზიტივი როგორმე უნდა შევინარჩუნოთ. კმაყოფილია ყველა - მთავრობაც, კერძო სექტორიც და მოსახლეობაც, რადგან ძალიან კარგი შედეგი დაიდო როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე ეკონომიკაშიც.
მიგვაჩნია, რომ სესხების სუბსიდიის პროგრამა 2021 წელსაც გვჭირდება. პანდემია არ გადასულა, პირიქით, უფრო გამძაფრდა, შეიძლება, ვიღაცა ვირუსთან თანაცხოვრებას სწავლობს, ხალხი ეპიდემიურ მდგომარეობას შეეჩვია, მაგრამ უნდა შევხედოთ ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას და დასკვნები ამის მიხედვით გამოვიტანოთ“, - ამბობს ორთოიძე.
მისი შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარი არის ერთ-ერთი პირველი დარგი, რომელმაც გარკვეული სტაბილურობა, ტრანზაქციები შეინარჩუნა და ეს სწორედ იპოთეკური სესხების სუბსიდირებამ განაპირობა. ამიტომ პროგრამა უნდა გაგრძელდეს, რადგან იგი აცოცხლებს ეკონომიკას, ასტიმულირებს მოთხოვნას და ხელს უწყობს, რომ ფასები მკვეთრად არ დავარდეს.