სილვიო ბერლუსკონის პოსტი ქალებმა შეუნარჩუნეს

სილვიო ბერლუსკონის პოსტი ქალებმა შეუნარჩუნეს

იტალიაში, სილვიო ბერლუსკონის ბედი ორმა ქალმა გადაწყვიტა. პარლამენტში კენჭი უყარეს პრემიერ–მინისტრის უნდობლობის ვოტუმს. 311 დეპუტატმა უნდობლობას დაჭირა მხარი, 314 - ბერლუსკონის. სასწორის პინა ბერლუსკონის სასარგებლოდ ორი დეპუტატი ქალის ხმამ გადასწონა.

 

ამის შემდეგ დარბაზში გაწევ-გამოწევა ატყდა. ალიაქოთი იყო პარლამენტის კედლებს გარეთაც. ათასობით დემონსტრანტი, რომლებიც ბერლუსკონის გადაყენებას ელოდა, იმედგაცრუების შემდეგ ძალადობაზე გადავიდა.

ამ დროისთვის პარლამენტის გარშემო გზები ბლოკირებულია და 1500 სამართალდამცავი იცავს სილვიოს უსაფრთხოებას.

 

დონ სილვიოს განცხადებით, მისი გადადგომის შემდეგ ქვეყანას ქაოსი მოიცავს. აშკარად საინტერესო პარალელები იკვეთება ამ ტიპის ოდიოზური ლიდერების გამოსვლებში. საქართველოში სათავეში მოსული ნებისმიერი ხელისუფლება, გადადგომის მოთხოვნის დაყენებისას „ჯერარნახული არმაგედონის“ სცენარებს ხატავს.

 

აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ამ კენჭისყრამდე გადადგომისთვის ემზადებოდა. როგორც „იტარ-ტასი“ იუწყება, კენჭისყრამდე ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ იგი მზადაა თანამდებობიდან გადადგეს იმისთვის, რომ პარლამენტის ნდობა მოიპოვოს. იგი ოპოზიციას ახალ „პოლიტიკურ შეთანხმებას“ სთავაზობს.

 

როგორც „ბი-ბი-სი“ იტყობინება, პრემიერმა განაცხადა, რომ იტალიის ხელისუფლებისთვის მემკვიდრეობითობა აუცილებელია და მისმა გადადგომამ, შესაძლოა, ქაოსი გამოიწვიოს. 

 

პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს „რეალისტური და პოლიტიკურად ჭკვიანური“ კენჭისყრისკენ მოუწოდა. „ახლა პოლიტიკურ კრიზისში ჩაფლობა სისულელეა“, - მიმართა ყოფილ პარტნიორებს ბერლუსკონიმ. ქვედა პალატის სპიკერმა ჯანფრანკო ფინიმ და რამდენიმე ათეულმა ადამიანმა ბერლუსკონის პარტია ცოტა ხნის წინ დატოვა. ამის შემდეგ პრემიერის პარტია, ქვედა პალატაში უმრავლესობაში აღარ არის. 

 

„ქვეყნის ინტერესებისთვის სტაბილურობის გარანტიები დღეს უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბერლუსკონიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა „მმართველი გუნდი გააძლიეროს“. კაბინეტის მეთაურმა პარლამენტარებს შეახსენა, რომ უმრავლესობა კანონიერად არის არჩეული და მოუწოდა, „ამომრჩევლებს არ უღალატონ“.

 

სილვიო ბერლუსკონის სკანდალური WikiLeaks–იც მკაცრად მოექცა. იტალიის პრემიერ-მინისტრს აშშ-ს ელჩი რომში „დაუდევარ, პატივმოყვარე და არაეფექტურ ევროპელ ლიდერად“ მიიჩნევს. WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ სხვა დოკუმენტში, ნათქვამია იმ უკვე ცნობილი დეტალების შესახებ, რომ ბერლუსკონი „ძალიან გვიან იძინებს და ღამის წვეულებები უყვარს“.

 

ნათქვამია ასევე ბერლუსკონის ძალიან ახლო ურთიერთობებზე რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან, რომლებიც თითქოს ვიღაც ორენოვანი შუამავლის მომსახურებით სარგებლობენ და ერთმანეთისთვის ძვირფას საჩუქრებს არ იშურებენ. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა მის ელჩებს ორივე ქვეყანაში მოსთხოვა მისთვის ინფორმაციის მიწოდება ამ ადამიანებს შორის ნებისმიერ კომერციულ გარიგებებსა და მეგობრულ ურთიერთობებზე.

 

თავად ბერლუსკონიმ ჩვეულ სტილში უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიდან პირად სარგებელს იღებს.

 

„შემიძლია შვილები და შვილიშვილები დავიფიცო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს არც ერთი დოლარი არ მიმიღია და ყოველთვის ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ ვმუშაობდი“, – განაცხადა ბერლუსკონიმ და იქვე საკუთარი ოპონენტები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი აზრით, ქვეყნის საკეთილდღეოდ არაფერს აკეთებენ.

 

ასევე შეგახსენებთ სააკაშვილის განცხადებას, რომ იტალიისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრებს თითქმის ინტიმური ურთიერთობა აკავშირებთ. ამის შესახებ პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

 

„სილვიო ბერლუსკონი გამოდიოდა სენატში და მოჰყავდა მაგალითები იმ სერიოზული დამასახურებების შესახებ, რომელიც აქვს კაცობრიობის და იტალიის წინაშე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა თბილისში ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობისგან ჩემი გადარჩენა.

 

ჩვენ მთლიანად ევროკავშირის მადლობელი ვართ. მადლობელი ვართ იმ როლის, რომლის თამაშიც ევროკვშირმა სცადა. როგორ გამოუვიდა, ეს სხვა საკითხია, რადგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შესრულებული არ არის და მას რუსეთი, როგორც გავიგე, აღარც სცნობს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბერლუსკონისაგან მსგავსი რამ პირველად არ ესმის.

 

სააკაშვილის თქმით, 2008 წლის აგვისტოში ევროპელი დიპლომატების მიერ შესრულებული როლი მისასალმებელია. პრეზიდენტმა ომის პერიოდში მსოფლიო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებებიც გაიხსენა:

 

„მინდა, ყველას შევახსენო, როდესაც ომის დაწყებიდან რამდენიმე საათში კონდოლიზა რაისმა ჰკითხა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თუ რა იყო მათი მიზნები საქართველოზე, პასუხი იყო ძალიან მოკლე, - სრული განადგურება საქართველოსი.

 

საუბარი იყო არა პრეზიდენტის სხეულის რომელიმე ნაწილით ან მაღალ ხეზე ჩამოკიდებაზე, არამედ საქართველოს განადგურებაზე. იყო კონკრეტული შემოთვლა, რომ თბილისის აეროპორტი არ დაიბომბებოდა, თუ მთავრობა საქართველოს დატოვებდა და. პრაქტიკულად, ხელისუფლებას გადააბარებდა შემოსულ აგრესორს, როგორც ეს მოხდა 1921 წელს“.

 

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში ქვეყანა ქართველი ხალხის ერთად დადგომამ და საერთაშორისო საზოგადოების თანადგომამ გადაარჩინა.

 

„ჩვენმა ჯარმა გაწია გმირული წინააღმდეგობა და აჩვენა, რომ ბევრად მეტი პოტენციალი ჰქონდა. მსოფლიო თანამეგობრობამ ამაში მონაწილეობა მიიღო. აშშ-მ დაიწყო ჰუმანიტარული სამხედრო ოპერაცია, აშშ-ს მე-6 ფლოტი დაიძრა საქართველოსკენ. პრეზიდენტმა ბუშმა, პენტაგონის ხელმძღვანელსა და სახელმწიფო მდივანთან ერთად, გააკეთა ძალიან მკაფიო მინიშნებები სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაციის სამხედრო ასპექტებზე.

 

ჩემს მეგობარ სილვიო ბერლუსკონის, ასევე, მჭიდრო, ძალიან ახლობლური, თითქმის ინტიმური ურთიერთობა აკავშირებს ვლადიმერ პუტითან და თუ მან ეს სასარგებლოდ გამოიყენა, ამას მივესალმები“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი აზრით, საქართველოს გადარჩენაში მთავარი როლი ქართველმა ხალხმა ითამაშა:

 

„რა თქმა უნდა, ეს მოხდა ჩვენი მეგობრების დახმარებით, რადგან ჩვენი თავდაცვის ხაზი გადის არა მხოლოდ საქართველოს შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც“.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრის აზრით კი, ის, რომ 2008 წლის აგვისტოში რუსები თბილისს თავს არ დაესხნენ, მისი და საფრანგეთის პრეზიდენტის დამსახურებაა.

იტალიური მედიასაშუალებების ინფორმაციით, სენატში სიტყვით გამოსვლისას ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშილი რუსი ჯარისკაცების მიერ ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოხრჩობას დიპლომატიურმა ძალისხმევამ გადაარჩინა“.