რესტორნები ვა-ბანკზე მიდიან და თვითნებურად აპირებენ მუშაობას

რესტორნები ვა-ბანკზე მიდიან და თვითნებურად აპირებენ მუშაობას

რესტორნები შაბათს, 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება. ინფორმაცია რესტორატორთა ასოციაციამ გაავრცეალა. საუბარია 200-მდე რესტორანზე. ასე რომ, შაბათს ცალკე მთავრობას და ცალკე რესტორნებს დიდი გამოცდა ელით. რომელი მხარე დაიხევს უკან, კვირის ბოლომდე გამოჩნდება.

„სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა. გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები. აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი“, - დაწერა სოციალურ ქსელში „გასტრონავტის“დამფუძნებელმა ლევან ქოქიაშვილმა.

გახსნის მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად 30 იანვარს, 150-მდე რესტორნის წარმომადგენელმა საპროტესტო აქცია გამართა და ბოიკოტის ნიშნად მიტანის სერვისი გათიშა. მანამდე კი პანდემიის გამო მთავრობის მიერ დაწესებული ხანგრძლივი შეზღუდვების მოხსნას და გახსნის უფლებას რამდენიმე შეხვედრის მეშვეობითა და პროტესტით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.

როგორც რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მთავრობის და ეპიდემიოლოგების მიდგომა არის ისეთი, თითქოს ბიზნესი განყენებულია საზოგადოებისგან და თითქოს მათ უკან ათიათასობით ადამიანი არ დგას, რომლებიც ლოქდაუნის გამო უმუშევრად და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„მივიღებთ იმ რეალობას, რომ სოციალური აფეთქება მოხდება იმიტომ, რომ ადამიანები მშივრები არიან. 200 ლარად ვერავითარ შემთხვევაში ვერ ირჩენენ თავს. სექტორში დასაქმებული 300 ათასამდე ადამიანი დღესდღეობით იმ პრობლემის წინაშე დგას, რომ ირჩინოს თავი. ასე საქმე მიჰყავს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც იღებენ ეპიდემიოლოგები და სახელმწიფო“, - განაცხადა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორნების მფლობელები მთავრობის წევრებს სრულ იგნორირებაში ადანაშაულებენ. რესტორან „ჰონორეს“ დამფუძნებლის ალექსანდრე ბაგრატიონის აზრით, ეკონომიკის სამინისტრო მუდმივად ცრუ აქტიურობით არის სავსე.

„საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო არის ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს ჩვენი, მარად ჰუმანიტარი ერის ეკონომიკის სამინისტრო. ერის, რომელმაც იცის ისტორია, ისიც ლევან სანიკიძისგან, მაგრამ არ იცის მათემატიკა. ამ ყველაფრისთვის ნათია თურნავა იდეალური მინისტრია. მას აქვს ძალიან ბევრი ფული და სულ ფეხებზე ჰკიდია რას იზამს სარესტორნო ბიზნესი“, - აღნიშნა ალექანდრე ბაგრატიონმა და დასძინა, რომ სახელმწიფო როგორმე უნდა გაადახტეს ამირან გამყრელიძეს, რომელიც აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა.

„ამირან გამყელიძის სახით რაღაც კლდეს ვაწყდებით, რომელიც სარესტორნო ბიზნესს უცნაურად უყურებს. სახელმწიფომ ქონების გადასახადი უზარმაზარ რესტორნებს აპატია, მაგრამ ჩვენ ვართ პატარა ბუტიკური ტიპის რესტორნები, სადაც 50-მდე ადამიანი ჯდება და ამირან გამყრელიძე ვერ ხვდება, რომ აქ ვირუსის გადადების რისკი არ არის. გარდა ამისა, არც ერთი რესტორნის ინტერესში არ შედის, რომ ჰქონდეს ისეთი სახელი თითქოს და ვირუსი იქ გავრცელდა. ამიტომ სახელმწიფო რამენაირად უნდა გადაახტეს ამ ამირან გამყრელიძეს, რომელიც აუღებელი ციხე-სიმაგრე გახდა“, - განუცხადა „კომერსანტს“ ბაგრატიონმა.

სარესტორნო ბიზნესისთვის გახსნის თარიღის მუდმივი ცვლილება დამღუპველია, რადგან ობიექტის თავიდან გახსნას დაახლოებით 5-10 ათასი ლარის და თანამშრომლების მობილიზება სჭირდება. შესაბამისად, თუ პირველ მარტამდე რეგულაციები არ მოიხსნება, ბევრი რესტორანი, უბრალოდ, ვეღარც გადარჩება.