შალვა ნათელაშვილმა და მისი პარტიის სამმა წევრმა - სოსო შატბერაშვილმა, გიორგი გუგავამ და კახა ძაგანიამ - წინასაახალწლოდ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სიურპრიზი მოუწყვეს. საპარლამენტო მანდატი სააკაშვილის იმპიჩმენტის დასაყენებლად გამოიყენეს და იმედოვნებენ, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვებას პარლამენტში შეძლებენ. ლეიბორისტები მიხეილ სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის და უხეშად დარღვევაში და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში სდებენ ბრალს.
ბრალდებები რამდენიმეპუნქტიანია და სისხლის სამართლის 23 და კონსტიტუციის 7 მუხლს მოიცავს.
პირველი პუნქტი 2003 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილის მიერ დანაშაულებრივი ჯგუფის მონაწილეობით, უცხო ქვეყნებიდან მიღებული დაფინანსებით, ყალბი პროპაგანდის გამოყენებით, პარლამენტის შენობაში შეჭრით და ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა განდევნით საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლაა.
შემდეგ მოდის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ბრალდებები ხელისუფლების უკანონოდ მითვისებაზე, დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბებაზე, დანაშაულებრივ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, წლების მანძილზე განხორციელებულ არაკონსტიტუციურ საქმიანობასა და მასობრივ რეპრესიებზე.
ამას მოსდევს ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ ბრძანება, რასაც ქვეყანაში პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დაპატიმრება მოჰყვა, სამართლდამცავების მიერ უდანაშაულო ადამიანების ადგილზე ლიკვიდაცია. გასული წლის 7 ნოემბერს, სააკაშვილის ბრძანებით, მხუთავი გაზის, რეზინის ტყვიების და რადიოტალღური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, „იმედში" შეჭრა, მასმედიის კონტროლი და მმართველი ძალის სასარგებლო პროპაგანდისტულ საშუალებად ქცევა, ოფიციოზისგან განხვავებული აზრის შეზღუდვა, არასანქცირებული სატელეფონო საუბრები, ყველა დონის არჩევნების ტოტალური გაყალბება მითვისებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, როგორც საზოგადოებრივ ავტორიტეტთან, ბრძოლა, ეკლესიების დარბევა–ნგრევა, კერძო საკუთრების ხელყოფა, კონსტიტუციით განსაზღვრული სტრატეგიული ობიექტების - ენერგოსისტემის, აეროპორტების, პორტების, რკინიგზის, ოქროს მომპოვებელი საწარმოს, ტყეების - გაყიდვა უშუალო განკარგულებით და კორუფციული მოტივით. აგვისტოში პროვოკაციაში ჩაბმა, რამაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა გამოიწვია. ეს უკანასკნელი ლეიბორისტებმა სამშობლოს ღალატად დააკვალიფიცირეს. კერძო საკუთრების ხელყოფის მიზეზად დასახელებულია ანგარება.
„ჩამორთმეული ქონება პრეზიდენტის და მისი ხელისუფლების წევრთა საკუთრებაში გადავიდა. თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით პრეზიდენტმა ჩამოაყალიბა მონოპოლისტური საოჯახო ბიზნესსტრუქტურები. მის საკუთრებაშია ნავთობკომპანია „ვისოლი", სადაზღვევო კომპანია „ირაო", ტელეკომპანია „რუსთავი 2", „მადნეული". ამავე დანაშაულებრივ ჯგუფს მითვისებული აქვს თბილისის და ბათუმის აეროპორტები და უამრავ სხვა სფეროში ბიზნესაქტივები", - წერია წარდგინებაში, რომელიც ლეიბორისტებმა პარლამენტში უკვე შეიტანეს და, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ხელმოწერებს ელოდებიან როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ისე უმრავლესობის მხრიდან.
ლეიბორისტების ინიციატივა - პრეზიდენტის იმპიჩმენტი - საქართველოში უპრეცედენტო მოვლენაა. მსგავსი ქმედება საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. სააკაშვილის იმპიჩმენტისთვის 45 დეპუტატის ხელმოწერაა საკმარისი.
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილს „სარკე" ამ თემაზე სასაუბროდ ეწვია.
ბატონო შალვა, საქართველოს კონსტიტუციით რა შემთხვევაში დგება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი?
- დოკუმენტი წმინდა სამართლებრივია, ეყრდნობა კონსტიტუციის და სისხლის სამართლის კოდექსის მრავალგზის და უხეშ დარღვევებს, ეს ყველაფერი იურიდიულადაა გადატანილი იმ დოკუმენტში, რომელიც რეგლამენტის და კონსტიტუციის დაცვით შედგა.
45 დეპუტატის ხელმოწერის შემდეგ იმპიჩმენტის დოკუმენტი დასკვნისთვის უმაღლეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს გადაეგზავნება. მათი დასკვნის შემდეგ საკითხი უნდა დადგეს კენჭისყრაზე. ვფიქრობ, ამ გზით გადავრჩებით სერიოზულ მიწისძვრებს, რაც 2009 წელს გველოდება. თუ გაჯიქდა, არ გადადგა და არც იმპიჩმენტი განხორციელდა, მაშინ მოხდება მისი და მისი ხელისუფლების ჩამოშლა. მიხეილ სააკაშვილის ამ სისხლის სამართლის მუხლებით 450 წლიანი სასჯელი ეკუთვნის სასჯელთა შეკრებულობის პრინციპის მიხედვით, რომელიც თვითონ შემოიტანა. ეს ანგლოსაქსური სამართლის წესია, რომელსაც ევროპა არ აღიარებდა. სააკაშვილი პირველი იყო, ვინც სასჯელის შეკრების წესი შემოიტანა. მანამდე იყო სასჯელის გადაფარვის პრინციპი, ანუ დიდი ფარავდა პატარას. ამ იდეის ავტორს 450 წლიანი სასჯელი გამოსდის.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი პირველი პრეცედენტია. ოთხმა დეპუტატმა უკვე მოვაწერეთ ხელი. ფორმალური დეპუტატები ვართ, მაგრამ ხელმოწერის უფლება გვაქვს და ამით ვისარგებლეთ. პარლამენტიდან უკვე გამოგვეხმაურნენ. ვიღაცეები ხელს აწერენ. ღმერთმა ქნას, ეს პროცესი წავიდეს. სააკაშვილიც და მისი დეპუტატებიც ფიზიკურად გადარჩებიან.
გჯერათ, რომ ამ დოკუმენტს პარლამენტში ხელს მოაწერენ? - ოპოზიციაც მოაწერს ხელს და უმრავლესობაც. 1964 წელს კომუნისტური პარტიის პლენუმზე ხომ გადააყენეს ხრუშჩოვი, როცა დაინახეს, რომ კაცმა გააფრინა.
- ძალიან მეეჭვება, უმრავლესობამ ხელი მოაწეროს. მაშინ თვითონვე გამოუტანენ საკუთარ თავს განაჩენს და სააკაშვილს გადაჰყვებიან პოლიტიკურ სამარეში. ეს ამ წელს მოხდება. ხომ იცით, როგორია მოსახლეობის განწყობა? ეს განწყობა საქმეში გადავა და სააკაშვილი ვეღარ დაარბევს ხალხს, ვერ გამოიყენებს გაზს და ჯარს.
პარლამენტში რომ ყოფილიყავით, უფრო კარგად არ მოუვლიდით ამ საქმეს? თან ლაპარაკობენ თქვენზე, სხდომებზე არ დადიან და ხელფასს იღებენო.
- არაერთხელ მითქვამს, რომ ხელფასს გივი თარგამაძეს, ეკა ხერხეულიძეს, ნუგზარ წიკლაურს არ დავუტოვებ. ხელფასს პარლამენტის ბიუჯეტიდან ვიღებთ. ჩვენ არ ავიღებთ და ნაციონალური მოძრაობა შესანიშნავად მოიხმარს საზღვარგარეთ სამოგზაუროდ და თავიანთი პრემიებისთვის. მაგის გარდა, მართლა გვჭირდება ის ფული საქმისთვის. ამ დილასაც დამხვდა სადარბაზოსთან ავადმყოფი, რომელსაც 1200 ლარი სჭირდებოდა ოპერაციისთვის და იმ ხელფასიდან მივეცი. ამისთანა რაღაცეებზე ხომ არ ვილაპარაკებ.
რაც შეეხება პარლამენტში არშესვლას, თუ გახსოვთ, ინიციატივა ჩვენი იყო. ჯერ ისევ მარტში მოვუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, თორემ სააკაშვილი ისევ გაგვაბითურებსო. მაშინ დაგვარწმუნეს მეგობრებმა, რომ აუცილებელი იყო მონაწილეობა და სააკაშვილი ვეღარ გაბედავდა ისეთ სამარცხვინო გაყალბებას. ჩატარდა არჩევნები და ვნახეთ, რა შედეგები დაიდო. სააკაშვილმა უმრავლესობა გაიყვანა და სამადლოდ რამდენიმე ადგილი მოგვიგდო. მერე მოვუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, არავინ შევსულიყავით პარლამენტში და მაშინ უკვე დამთავრებული იქნებოდა სააკაშვილის რეჟიმი. ცხინვალში ამ დამღუპველი აქციის დაწყებასაც ვერ გაბედავდა. სამწუხაროდ, ვერ დავარწმუნეთ გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილი, ქრისტიან–დემოკრატები და ჩვენმა მოწოდებამ აზრი დაკარგა.
ამის შემდეგ დანარჩენებიც უნდა შევსულიყავით, რომ სიტუაცია გაგვეკონტროლებინა, მაგრამ ხათრი ვერ გავუტეხეთ დათო გამყრელიძეს და ლევან გაჩეჩილაძეს. ხათრიც ვერ გავუტეხეთ და მათ გარეშეც არ შევიდოდით, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შევსულიყავით, იქნებ სააკაშვილს თავი შეეკავებინა ამ დამღუპველი ომისგან. მან თავი სრული დაუსჯელობის ვითარებაში იგრძნო და იფიქრა, პარლამენტში, რა დასკვნებიც მინდა, დავაწერინებო. კისერიც წაიმტვრია და ქვეყანაც დაღუპა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკი გვიანია.
რატომ? წინ კიდევ სამი წელია.
- ჩვენ ხომ აღარ შევალთ? იქ დაჯდომა სისულელეა, მაშინ უნდა მეთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ოპოზიციის ნაწილი შევიდა და პარლამენტში ოპოზიციური ფასადი შექმნა, ჩვენი შესვლაც ჯობდა.
შედეგი რომ ვერ მიიღოთ?
- ვფიქრობ, უნდა მივიღოთ. ჩვენს წარდგინებას უკვე აქვს უზარმაზარი პოლიტიკური მნიშვნელობა. ნახეთ მსოფლიო საიტები, მსოფლიოს ყველა წამყვანი სააგენტო ამაზე წერს. ახლაც დამირეკეს გერმანული „შპიგელიდან“ ინტერვიუსთვის. ეს აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოს ჩვენზე არ ეფიქრა, ყველაფერს ყლაპავენ, ყველაფერს ეგუებიანო. საქართველო დაიშალა და პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ერთმა დეპუტატმაც არაფერი თქვა.
იმ პოლიტიკურ ფიგურებზე, რომლებსაც დღეს რამდენიმე ოპოზიციური პარტია იმედით ელოდება, საუბარია ირაკლი ალასანიაზე, თქვენ განსხვავებული მოსაზრება გაქვთ. რატომ?
- ირაკლის ან სხვა ვინმეს წინააღმდეგები კი არ ვართ, წინააღმდეგები ვართ, ამერიკიდან მოიყვანონ მიშა 2 და შექმნან ნაცმოძრაობა 2. ჩვენ გვინდა, რომ ქვეყნის შიგნით, ეროვნულ ქვაბში მოხარშული პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში. არ მომცეთ ხმა, თუ ფიქრობთ, რომ შალვა ნათელაშვილი ვაშინგტონიდან ან მოსკოვიდან იმართება და იქიდან შეგულიანებული და დაფინანსებულია. საქართველო იმპორტირებულმა პოლიტიკოსებმა დააქციეს, რომლებიც პასუხისმგებლობას არ გრძნობდნენ თავიანთი ხალხის წინაშე და ანგარიშვალდებულები უცხოელ „ხაზეინებთან“ იყვნენ. ეს უნდა დამთავრდეს. თუ ირაკლი დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ ჩვენ სხვა ინფორმაცია გვაქვს.
კონკრეტულად?
- რომ ამერიკა სარეზერვო ფიგურებს ამზადებს, თან ერთს კი არა, სამ–ოთხს და იმავე სცენარით.
თქვენ თუ ხართ მაგ სცენარში?
- რა თქმა უნდა, არა. მე არასოდეს ვარ არც ამერიკის და არც რუსეთის სცენარში.
ხშირად რუსეთის სცენარში მოგიაზრებენ.
- სამაგიეროდ, რუსები ყველა შეხვედრაზე მეუბნებიან, თქვენ ვაშინგტონის კაცი ხართო. ოთხი წლის წინ თბილისში კოროლიოვი იყო ჩამოსული, რომელსაც კრემლში მიჰყავდა დსთ–ის მიმართულებით პოლიტიკა და როგორც კი ხელი ჩამომართვა, მაშინვე მაჯახა, თქვენ ამერიკის კაცი ხართო. ვუპასუხე, ახლა ვაშინგტონს ჰკითხეთ, ვისი ვარ–მეთქი.
საპრეზიდენტო არჩევნების წინ თქვენმა ნათქვამმა, ჩემ გარდა საქართველოს პრეზიდენტობას არავის ვანდობო, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
- ახლაც არავის ვანდობ. როგორ ავიღო პასუხისმგებლობა სხვის პრეზიდენტობაზე?!
ხუთი წლის წინანდელი სქემით რომ მოხდეს რევოლუცია, მონაწილეობას არ მიიღებთ?
- არ მივიღებ. დღეს პრობლემა სააკაშვილის წასვლა კი არა, სააკაშვილი 2–ის არდაშვებაა. სააკაშვილმა იმდენი გააფუჭა, ვეღარაფერს დაამატებს. აგერ, ახალგორში, ჩემი სახლიდან 30 კილომეტრში დგანან რუსული ტანკები, მეტი რაღა უნდა გააფუჭოს?!
ამ პრინციპების გამო ბევრ დარტყმას იღებთ ხოლმე.
- სამაგიეროდ, მერე ბოდიშებს ვიღებ. ძენი და ასულნი შეცდენილნი ნანობენ, მაგრამ ეს დიდი შეღავათი არაა, მაშინ უნდა დამიჯერონ, როცა ვეუბნები. ხომ ვუთხარი ამ ხალხს 2003 წლის ნოემბერში, სააკაშვილის მოსვლა საქართველოს დაშლას ნიშნავს–მეთქი, მაგრამ 22–ში ამ გადარეულს შეჰყვნენ პარლამენტის შენობაში.
დღეს ვნახე მოსაწვევი, რომლითაც პრეზიდენტი 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის აღმნიშვნელ ზეიმზე გიწვევდათ ოპერაში. არ წახვედით?
- დღეს მომიტანეს პარლამენტიდან და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. წლის ანეკდოტია, რა!