555 მილიონი 4 წელში: მესის დაუჯერებელი კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა

555 მილიონი 4 წელში: მესის დაუჯერებელი კონტრაქტის დეტალები გასაჯაროვდა

კატალონიის „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი კვლავ ყურადღების ცენტრშია, ოღონდ არა საფეხბურთო მინდორზე მოქმედებების გამო, არამედ ზღაპრული კონტრაქტით, რომელიც გასაჯაროვდა.

El Mundo-მ გამოაქვეყნა დოკუმენტაცია, რომელშიც 2017 წლის ნოემბერში გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებია აღწერილი. როგორც ირკვევა, არგენტინელს ხსენებული დღიდან კონტრაქტის ამოწურვამდე (დამდეგ 30 ივნისამდე) ხელფასის სახით 555 მილიონ ევროზე მეტი უნდა მიიღოს - სეზონში თითქმის 139 მილიონი ევრო!

შეთანხმების თანახმად, მესიმ ორი ჯილდო მიიღო, რომელთაგანაც ერთი, კონტრაქტის განახლების საფასური განისაზღვრა 115 მილიონი ევროთი, მეორე - კლუბის ერთგულებისთვის 80 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ არგენტინელმა ამ საოცარი თანხის უმეტესი ნაწილი, კერძოდ 511 მილიონი ევრო უკვე მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ პერიოდში „ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია.

ცხადია, ამ ფაქტის გასაჯაროვებმა ესპანეთში დიდი ხმაური გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ „ბარსელონამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 1137 მილიონ ევროზე მეტი ვალი აქვს და ამ დავალიანების ზრდაზე მესის კონტრაქტმაც დიდი გავლენა მოახდინა.

El Mundo-ს ინფორმაციას „ბარსელონა“ ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და კატეგორიულად უარყვეს გავრცელებული ცნობა. მეტიც, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ბარსელონა“ ესპანური გაზეთის წინააღმდეგ იურიდიულ ზომებს მიმართავს იმ ზიანისთვის, რომელიც შეიძლება ამ პუბლიკაციამ გამოიწვიოს. განსაკუთრებით მისი იმიჯის დისკრედიტაციისა და მესის კლუბთან ურთიერთობის დაზიანების ნებისმიერი მცდელობისთვის.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი გასულ ზაფხულს ძალიან ახლოს იყო „ბარსელონას“ დატოვებასთან, მაგრამ საბოლოოდ კლუბში დარჩა. თუმცა, არგენტინელის კონტრაქტი 5 თვეში იწურება და დიდი შანსია, რომ 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდეს.