აფხაზეთთან სატელეფონო კავშირი გაწყვეტილია

აფხაზეთთან სატელეფონო კავშირი გაწყვეტილია

სოხუმის რეჟიმმა ერთი წლის წინათ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანა - ჯერ ქართული სატელეფონო კოდები დაბლოკა, ახლა კი კავშირი საერთოდ შეწყვიტა. აფხაზური მხარე საბოლოოდ უარს აცხადებს ქართული კოდის გამოყენებით სატელეფონო კავშირის განხორციელებაზე და საქართველოდან რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მინიჭებული კოდების გამოყენებას მოითხოვს.

ყველაფერი კი გასული წლის ბოლოს დაიწყო. მანამდე კი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის სატელეფონო კოდის გათიშვასთან დაკავშირებით მოსკოვსა და სოხუმში განცხადება არაერთხელ გაკეთებულა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სეპარატისტებმა ოკუპანტებთან შესაბამის ხელშეკრულებასაც მოაწერეს ხელი.

ამ ხელშეკრულების მიხედვით, 2010 წლის ახალი წლის ღამეს აფხაზი სეპარატისტები საქართველოს აფხაზეთთან დამაკავშირებელ სატელეფონო კოდს გათიშვას გეგმავდნენ. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან აფხაზეთში დარეკვა მხოლოდ, რუსეთის მიერ, აფხაზეთისათვის მინიჭებული სატელეფონო კოდით იქნებოდა შესაძლებელი.

მაშინ სოხუმის დე ფაქტო მთავრობაში აცხადებდნენ, რომ 2010 წლიდან სეპარატისტულ აფხაზეთში დარეკვა შესაძლებელი ასე იქნებოდა: სოხუმი და სოხუმის რაიონი +7 840 22X XX XX, გაგრის რაიონი +7 840 23X XX XX, გუდაუთის რაიონი +7 840 24X XX XX, გულრიფშის რაიონი +7 840 27X XX XX, ოჩამჩირის რაიონი +7 840 25X XX XX, ტყვარჩელის რაიონი +7 840 26X XX XX, გალის რაიონი +7 840 28X XX XX.
სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი მობილური ოპერატორებისათვის: “აკვაფონი” - +7 940 9XX XX XX; “ა-მობაილი” - +7 940 7XX XX XX. თუმცა, ეს სეპარატისტებმა და ოკუპანტებმა ნამდვილად ვერ მოახერხეს. 

თითქმის მთელი წლის განმავლობაში აფხაზეთში სატელეფონო კავშირი კვლავ ქართული კოდებით ხორციელდებოდა. პარალელურად, აფხაზეთში მოქმედებდა რუსული კოდიც.

“როდესაც მოსკოვში და სოხუმში განცხადება გაკეთდა, რომ მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ქართული კოდებით აფხაზეთში დარეკვა შეუძლებელი იქნებოდა, ქართულმა მხარემ, კერძოდ, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ აქტიური მუშაობა დაიწყო ამის საპირისპიროდ. მივმართეთ საერთაშორისო საკომუნიკაციო კავშირს და მოვახერხეთ, რომ ქართული კოდი აფხაზეთში არ გათიშულა. შედეგად, რუსეთმა ვერ შეძლო ქართული კოდების დაბლოკვა, ასევე ვერც ქართულმა მხარემ მოახერხა +7-ის დაბლოკვა; ანუ დღეს აფხაზეთში ორივე კოდით შეიძლება დარეკვა.

გარდა ამისა, სპეციალური მიმართვა გავგზავნეთ გაეროში, შესაბამის უწყებაში, რომელიც ქვეყნებს შესაბამის კოდებს ანიჭებს. მოგვივიდა პასუხი, რომ ორგანიზაცია საკუთარ ბიულეტენში ყოველთვის აღნიშნავს და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ აფხაზეთში ქართული კოდით დარეკონ. რაც შეეხება რუსულ კოდს, ამ ბიულეტენში აღნიშნული იქნება ისიც, რომ აფხაზეთში +7-ით დარეკვა კანონდარღვევაა.
ასე რომ, ქართული კოდები აფხაზეთში ისევ მოქმედებს და მას რუსეთი ვერ ჩაახშობს, ეს ტექნიკურად შეუძლებელია”, - ამ განცხადებას კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში ჯერ კიდევ წლის დსაწყისში აკეთებდნენ.

თუმცა, თბილისის “სიხარული” ხანმოკლე აღმოჩნდა. მოსკოვმა და სოხუმმა საწადელს წლის ბოლოს მიაღწიეს და არა მარტო ქართული კოდები, არამედ საერთოდ სატელეფონო კავშირი შეწყვიტეს.

აფხაზეთთან დაკავშირების შესაძლებლობა ბოლო დროს “ბილაინის” ქსელიდან შეიძლებოდა კოდით 442 ან 122. სეპარატისტებმა ამ კოდის მოქმედებაც სრულად შეაჩერეს. სატელეფონო კავშირის განხორციელება ასევე შეუძლებელია სეპარატისტული აფხაზეთიდან.

აქამდე, სოხუმში მდებარე ფოსტიდან სატელეფონო ზარის განხორციელების შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ ყველა მობილურ ოპერატორთან შესაძლებელი იყო. კავშირი ასევე არსებობდა ქალაქის ტელეფონებზე.

აფხაზური მხარე უარს აცხადებს ქართული კოდის გამოყენებით სატელეფონო კავშირის განხორციელებაზე და საქართველოდან რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მინიჭებული კოდების გამოყენებას მოითხოვს. რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის მინიჭებული კოდით რუსეთიდან აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში დარეკვა შესაძლებელია +7 840 22 ინდექსის გამოყენების შემდეგ. რუსული კოდით კი სოხუმში დანარჩენი საქართველოდან დარეკვა შეუძლებელია.

“აფხაზეთთან სატელეფონო კავშირს მხოლოდ ქართული კოდის გამოყენებით ვახორციელებდით, მაგრამ აფხაზურმა მხარემ ამ კოდით ზარების მიღებაზე უარი განაცხადა. რუსული კოდით კი თავად ჩვენ არ ვახორციელებთ ზარებს. ამდენად, აფხაზეთთან სატელეფონო კავშირი ამ დროისთვის შეწყვეტილია”, - განაცხადეს “ბილაინში”.