შარშან ეკონომიკა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე ნავარუდევი იყო. შედეგი მძიმე და დამაფიქრებელია. მართალია, 2021 წლისთვის საიმედო პროგნოზი კეთდება, მაგრამ პანდემიური ორომტრიალის ფონზე ყოველგვარი გათვლა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა. ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დაადასტურა.
„დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის დეკემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით შემცირდა. შესაბამისად, 12 თვის ვარდნის საშუალო მაჩვენებელი -6.1%-ია“, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.
ქვეყნის ეკონომიკის დაახლოებით 6 პროცენტით შემცირება ძალიან მძიმე შედეგია, მაგრამ უმკაცრესი შეზღუდვების ფონზე ასეთი შედეგი დადგა. ეკონომიკის მინისტრი თავს იმით იმშვიდებს, რომ ეს არის მსოფლიო ტრენდის ნაწილი.
„უნდა ითქვას, რომ სექტემბერში და ოქტომბრის დასაწყისში ჩვენ გვქონდა გარკვეული გაჯანსაღება, რომელიც სხვა ქვეყნების ფონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიტიური სიგნალი იყო, მაგრამ ბოლო კვარტლის ვითარებამ, მეორე ტალღამ და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, მძიმე მდგომარეობამ საქართველოს ეკონომიკას თავისი დაღი დაასვა. საბოლოო ჯამში შედეგი არის იმაზე უფრო მძიმე, ვიდრე თავიდან ვვარაუდობდით და ეს ეპიდემიის ზეგავლენაა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო ტენდენციებიდან, საერთაშორისო ექსპერტებისა და საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებიდან გამომდინარე, 2021 წლის გლობალური ეკონომიკა მეტი ოპტიმიზმის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, გამონაკლისი არც საქართველოა იქნება. ეს ყველაფერი კი ვაქცინაციის მოლოდინის ფონზე უფრო დადებითი გახდა. ამიტოს ყველანაირი წინაპირობაა, რომ 2021 წელი ზრდისა და ეკონომიკის აღდგენის წელი იყოს.
„ხედავთ, რომ უკვე პირველ გეგმებზე ვსაუბრობთ თუნდაც ტურიზმის ინდუსტრიაში, სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ინვესტორების შემოსაყვანად, ადგილობრივი ინვესტორების წასახალისებლად, ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. 2021 წელი იქნება აღდგენის, გაჯანსაღების და ზრდის წელი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
წლევანდელ მოსალოდნელ მაჩვენებლებზე პროგნოზები უკვე კეთდება. მთავრობა 4,3%-იან ზრდას ვარაუდობს, მაგრამ საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი“ უფრო ოპტიმისტურ გათვლებს აქვეყნებს. მათი აზრით, 2021 წელს ეკონომიკი 5.5%-ითგაიზრდება.
„ამ ეტაპზე ჩვენი პროგნოზი 5.5%-ია, რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ. პირველი - ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოლოდინია; მეორე - შეზღუდვების შემსუბუქება; ხოლო მესამე - გაუმჯობესებული სენტიმენტებია, რაც ახლა მსოფლიოში ვაქცინის მოლოდინთან არის დაკავშირებული.
ბევრ ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია, რაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ველოდებით ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას წლის მეორე ნახევრიდან და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეკონომიკურ გამოცოცხლებას დაეხმარება“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა.
საინვესტიციო კომპანიას პესიმისტური სცენარიც აქვს, რომლის მიხედვით ეკონომიკის ზრდა 3.7%-იანი იქნება.
„ვირუსი ჩვენს პროგნოზებში მთავარ რისკად რჩება. ეს იმიტომ, რომ საუბარია მესამე ტალღასა და ახალ შტამებზე. თუ ტურიზმი იმ ტემპებით არ გაიხსნა, რასაც ვვარაუდობთ, ეკონომიკა დაახლოებით 3.7%-ის ფარგლებში გაიზრდება“, - აღნიშნა „ბიზნესპარტნიორთან“ ბოჭორიშვილმა.