(იბეჭდება შემოკლებით)
სახელი ვანო დღეს საქართველოში ქვეყნის მთავარ პოლიციელთან, ვანო მერაბიშვილთან ასოცირდება, მინისტრთან, რომელიც "ყველას უსმენს და ყველას ხედავს". გამჭვირვალე, შუშებიან სასახლეში ზის, მაგრამ მაინც უჩინარია. ცოტაც და მის შესახებ ლეგენდები გავრცელდება.
სანამ ეს მომხდარა, გადავხედოთ მისი რეალური ცხოვრების სურათებს, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში "სარკის" ფურცლებზე არაერთხელ აღბეჭდილა სხვადასხვა რაკურსით, მისი და მისი ოჯახის წევრების ინტერვიუებში. მაშინ, გამინისტრებამდე, ვანო ჩვენი ჟურნალის ხშირი რესპონდენტი იყო.
ვანო მერაბიშვილი 1968 წლის 15 აპრილს ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დაიბადა. ქალაქ ახალციხეში იზრდებოდა. მას თავისი პაპის, მამის მამის სახელი ჰქვია. ვანოს დედა, ქალბატონი ჟენია, პროფესიით პედაგოგია, ფიზიკოსი. როცა ვარდების ხელისუფლება მოვიდა, მაშინ ქალბატონი ჟენია ახალციხის მე-5 საშუალო სკოლაში ასწავლიდა. ახლა ამავე სკოლის დირექტორი გახლავთ. სკოლა გარემონტდა, ახალი ტექნიკითა და საგნებით აღიჭურვა და დღე–დღეზე უნდა გაიხსნას.
მერაბიშვილის მშობლიურ ქალაქში გზებიც დაიგო და სხვა მშენებლობებიც მიმდინარეობს. ამ მხარეში განსაკუთრებით მინისტრის მშობლიური სოფელი, უდე ყვავის.
უდელები განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით არიან ცნობილი და გამონაკლისი არც ბატონი შს მინისტრი გახლავთ. რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში ქალბატონი ჟენია "სარკეს" უყვება, რომ ვანოს ბავშვობაში ყველაზე მეტად მათემატიკური საგნები უყვარდა. როცა მერაბიშვილების ოჯახი უდედან ახალციხეში გადმოსულა, ვანო ექვსი თვის ყოფილა. 6 წელი ქირით ცხოვრობდნენ. მერე მთავრობისგან ოროთახიანი ბინა მიიღეს.
ვანოს ერთი და ჰყავს, მარინა, რომელიც თბილისში ცხოვრობს. მშობლები, ქალბატონი ჟენია და ბატონი სერგო, ახალციხეში დარჩნენ, სადაც ამჟამად ორსართულიანი სახლი აქვთ. ჩვენი ხელით, ქვა ქვაზე დავადეთ და ისე ავაშენეთო, გვიყვებოდა ქალბატონი ჟენია. ვანო რუსულენოვან ბაღში სწავლობდა. სკოლის პერიოდში ცნობილ პიონერულ ბანაკ "არტეკში" მოხვედრილა და ბრეჟნევსაც შეხვედრია. ისეთი თვინიერი ბავშვი ყოფილა, დედას საოჯახო საქმეებშიც კი ეხმარებოდა, ბორშჩისა და სუპიც მომზადებაც კი შეეძლო. მისი უსაყვარლესი საჭმელი კი თევზისგან მომზადებული კერძი ყოფილა, რომელსაც ადრე თავად ამზადებდა. ახლა კი... ამ ინფორმაციაზე ხელი აღარ მიგვიწვდება. წლების წინ კი თავად ვანომ გვითხრა:
- კუჭი ბავშვობიდან მაწუხებდა. ხშირად დიეტაზე ვიყავი. მერე ვეღარ შევეგუე ალკოჰოლურ სასმელს. იშვიათად ვსვამ ერთ ბოთლ ლუდს. ხანდახან შეიძლება ორი ჭიქა ღვინოც დავლიო.... რაც შეეხება საჭმელს, პერიოდულად აკვიატებები მაქვს ხოლმე. ხან რას ვჭამ და ხან - რას. მაგალითად, ხანდახან ავიკვიატებ ხოლმე გოჭის ხორცს - განსაკუთრებით ზამთარში. ყოველთვის მიყვარს თევზის პროდუქტები ნებისმიერი ფორმით - შემწვარი, მოხარშული და ა.შ.
ვანო მერაბიშვილმა პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი დაამთავრა. ამ პერიოდში სოფელში მისი ოჯახი ძროხებით ირჩენდა თავს. თბილისში ვანოს არ აკლდა ხორცი, რძე თუ მაწონი. ახალციხეში როცა ჩადიოდა, მამასთან ერთად სათიბშიც მუშაობდა და ბოსტნეულის მოყვანაშიც ეხმარებოდა, ბარავდა, თესავდა... ეზოში საკუთარი ხელით გაუკეთებია სათბური, სადაც კიტრი და პომიდორი მოჰყავდათ.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, გასული საუკუნის 90–იან წლებში, ვანო მერაბიშვილმა მიწის მესაკუთრეთა ასოციაცია დააფუძნა და მის საქმიანობას მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვა ეწოდებოდა. 1999 წელს საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 2000 წლის აგვისტოში კი პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. მაშინდელი ახალგაზრდა პარლამენტარები, რომლებსაც მოგვიანებით სააკაშვილს გუნდი დაარქვეს, "მოქალაქეთა კავშირის" სიით გახდნენ დეპუტატები, მათ შორის მერაბიშვილიც. ისინი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის რეფორმატორ ბარტყებად ითვლებოდნენ, როცა ვანო მერაბიშვილის გარშემო სკანდალი ატყდა - დეპუტატმა "ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში შევარდნაძის შეცდომებზე ილაპარაკა. თავიდან თანაგუნდელებმა ვანო გააკრიტიკეს, მერე კი მის დაცვას მიჰყვეს ხელი.
„ალალობით მოუვიდა და ეს ისეთი თვისებაა, რომელიც არ უნდა დაისაჯოს", - ასე გაამართლა იგი მაშინდელმა მეგობარმა და მოქკავშირელმა, კობა დავითაშვილმა.
ვანო, რომელსაც მანამდე თავი არაფრით გამოუჩენია, უცბათ გახდა პოპულარული. მალე მას სხვა დეპუტატებმაც მიბაძეს და "მოქალაქეთა კავშირს" ძირიც გამოუთხარეს. "ვაშინგტონ პოსტის" ინტერვიუს სკანდალის დროს მერაბიშვილი "სარკესთან" ირწმუნებოდა, ჟვანიასა და სააკაშვილს შორის არანაირი დაპირისპირება არ არსებობს, გარანტიას გაძლევთ, კიდევ 5 წელი მაინც არ იარსებებსო... ეს 2001 წლის აპრილი გახლდათ. ვანო მერაბიშვილს მაშინ არ დაუმალავს, რომ შევარდნაძის საჯარო კრიტიკის გამო ზურაბ ჟვანია შეშფოთდა და მასთან საკმაოდ მძიმე საუბარიც ჰქონდა.
სხვათა შორის, "სარკესთან" მის ინტერვიუს უახლოესი მეგობარი ირაკლი ოქრუაშვილიც ესწრებოდა, რომელმაც ვანო გააფრთხილა, ახლა კიდევ რამე არ წამოგცდესო.
ირაკლი ოქრუაშვილი და ვანო მერაბიშვილი წლების განმავლობაში მეგობრობდნენ. ამბობენ, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილთან დაპირისპირების გამო მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოცილება სამთავრობო გუნდიდან, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ოქრუაშვილს მერაბიშვილი ამჯობინა. რატომ მოხდა ძველი მეგობრების დაპირისპირება და რა ვერ გაიყვეს, ეს ზუსტად და დანამდვილებით მხოლოდ ამ ორმა იცის. ვარდოსანი მთავრობის პირველ ხანებში კი მათ ძალიან მჭიდრო მეგობრობა ჰქონდათ, ოჯახებით. ამის შესახებ ქალბატონი ჟენია გვიამბობს:
- ზურა ადეიშვილი, ოქრუაშვილი იყვნენ ჩვენთან. საშობაოდ ღორს ვკლავთ ხოლმე. რომ ჩამოვიდნენ, უკვე დამთავრებული გვქონდა ღორის გასუფთავება და ოქრუაშვილს გული დასწყდა, ჩვენ გვიყვარს ღორის გაკეთებაო... მათ საუბარს მოვუსმინე და ერთ–ერთმა თქვა, ვიღაცას 6 მილიონი აქვსო. ვანომ გაიკვირვა, რად უნდა 6 მილიონი, ცოლ–შვილს აჭამოს და ჩააცვასო. გაიცინეს, ვაი, შე საცოდავოო. საოცრად გულუბრყვილოა... გული მწყდება, რომ პატარა, ოროთახიანი ბინა აქვთ. ახლა ალბათ კრედიტს აიღებენ და ააშენებენ რამეს. მეც მივეხმარები. რაც ფული მაქვს, სულ მაგათ მივცემ.
ვანო მერაბიშვილი მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ და თბილისში, ვაჟა–ფშაველას გამზირის ბოლოს, ერთ–ერთ კვარტალში ცხოვრობდა.
ერთხელ, 2001 წელს, "სარკესთან" საუბრისას, ვანო მერაბიშვილმა ვერ გაიხსენა, კონკრეტულად სად და როდის გაიცნო მიხეილ სააკაშვილი. ჩვენს კითხვაზე, ამბობენ, მერაბიშვილის პირით სააკაშვილი მოქმედებსო, გადაიხარხარა და პასუხი არ გაგვცა.
ვანო მერაბიშვილის ჰობი წლების წინ ტელევიზორის ყურება გახლდათ და ერთი აუხდენელი ნატვრაც ჰქონდა - დიდი, მთელი კედლის მოცულობის ტელევიზორი ჰქონოდა. დეპუტატობის დროს იგი "რუსთავი 2"-ის ფანი იყო. "სარკის" ინტერვიუში გატაცებით საუბრობდა თავისი "დიდი სიყვარულის" შესახებ.
- ტელევიზორი არის საშუალება, მიიღო ინფორმაცია, ესთეტიკური სიამოვნება, დაისვენო. ადამიანი ტელევიზორის საშუალებით კავშირს ამყარებს მთელ სამყაროსთან, თავს გრძნობ მსოფლიო ეთერის ნაწილად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ "აიეტი" არსებობს და ახლა ჩემთან 27–დან 42–მდე გაიზარდა არხების რაოდენობა... ყველაზე კარგად თავს მაშინ ვგრძნობ, როცა ტელევიზორის ყურების დროს ვწევარ. განსაკუთრებით ხილისა და ნაყინის ჭამა მიყვარს ამ დროს... გათიშული მაქვს ყველა სპორტული არხი, რადგან არ მიყვარს სპორტის ტელევიზორში ყურება... ზოგიერთ ქართულ ფილმზე შეყვარებული ვარ. "ქეთო და კოტეს" შემიძლია ყოველდღე ვუყურო. "ბედის ირონია" ის ფილმია, რომელიც ალბათ ყველას 50–ჯერ აქვს ნანახი, მაგრამ არ მახსოვს შემთხვევა, ეს ფილმი 31 დეკემბერს გასულიყოს და მეთქვას, აღარ მინდა, შარშან ხომ ვნახე–მეთქი... მიყვარს "60 წუთი" და "კურიერი". ხანდახან ინგა გრიგოლიასაც ვუსმენ ხოლმე. "მაცნესა" თუ "მოამბისთვის" წლებია, არ მიყურებია. კარგად მესმის, რომ ისინი ხელისუფლების, პრეზიდენტისა და მისი ოჯახის დაკვეთას ასრულებენ და, ბუნებრივია, როგორც იქცევიან ჟურნალისტები, ასეც უნდა მოიქცნენ... ვოცნებობ, სულ მცირე, კედლის ნახევარი მოცულობის ტელევიზორი მქონდეს. ერთი მეტრის დიამეტრის მაინც რომ იყოს, კარგი დისტანციური აპარატით. ეს ჩემი დიდი ოცნებაა, მაგრამ მის ახდენას დრო სჭირდება. ჩემს სახლში ეს შეუძლებელია, არ არის იმხელა მანძილი, რომ ასეთ ტელევიზორს ვუყურო. ეს ოცნება ალბათ 10 წელი არ ამიხდება და მერე ვნახოთ.
ინტერვიუ, სადაც ვანო მერაბიშვილი თავის აუხდენელ ნატვრაზე გვესაუბრება, 2002 წლის აპრილშია ჩაწერილი. სავარაუდოდ, არამხოლოდ ეს, სხვა ბევრი ნატვრაც უკვე ახდენილი აქვს. პრესისთვის მიუწვდომელია ვანოს უძრავ–მოძრავი ქონება, სხვადასხვა არაოფიციალური წყაროთი თუ ვერსიით, მილიონებამდე ადის. ამბობენ, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს საქართველოში ყველა ბიზნესს აკონტროლებს.