საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას იწყებს. გადაწყვეტილება სამთავრობო პროგრამაში უკვე ჩაიდო. არ არის გამორიცხული, ქვეყანაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მასობრივი პრივატიზაცია დაიწყოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აზრით, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია 2021-24 წლებში საქართველოს ეკონომიკური ცხოვრებისთვის.
„გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ამ ნაბიჯს ვდგამთ და ვიწყებთ, პირველ რიგში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით. ვიმსჯელეთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კომერციული ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო და უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები, მოთხოვნები მენეჯმენტისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა, რომლებმაც წლების განმავლობაში, უნდა განსაზღვრონ ამ ორგანიზაციის გამრთულად მუშაობა“, - განაცხადა პრემიერმა.
ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავაც რეფორმირების პროცესს ადასტურებს და ამბობს, რომ სამინისტროები აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობენ მსოფლიო ბანკთან და აზიის განვითარების ბანკთან.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა სრულფასოვანი იქნება. ჩვენი ამოცანაა, ჩამოყალიბდეს ისეთი გამჭვირვალე და მიმზიდველი კორპორაციული სტრუქტურა, რომელიც სამომავლოდ შეძლებს, დამოუკიდებლად მოიზიდოს დაფინანსება და შეასრულოს ის მნიშვნელოვანი მისია, რაც არის მაღალი ძაბვის ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი ინფომარციით, შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელიც ღია და გამჭვირვალე კონკურსის წესით შეარჩევს კანდიდატებს სამეთვალყურეო საბჭოსთვის.
ნიშნავს თუ არა მთავრობის გაცხადებული ნაბიჯი პრივატიზების მორიგი დიდი პროცესის დაწყებას? სახელმწიფო საწარმოების კერძო სუბიექტებზე გასხვისების მომხრეა ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომლის აზრითაც, რეფორმა იძლევა შესაძლებლობას, რომ სწარმოები თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ, რაც ბაზარზე ჯანსაღ კონკურენციას შუწყობს ხელს.
„რასაკვირველია პრივატიზაცია მისაღებია, რადგან სახელმწიფო საწარმოების უმეტესობა წამგებიანია, წლიდან წლამდე იზრდება მათი ზარალიანობა. ცხადია, ამ საწარმოებიდან ბევრია საავადმყოფო და სოციალური დანიშნულების ობიექტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მაინცდამაინც მომგებიანია.
თუკი მაინც და მაინც აუცილებელია, რომ საწარმოების რაღაც ნაწილი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში დარჩეს, დეტალურად უნდა განიმარტოს, მისი მიზნობრიობა, რადგან პირდაპირ შედის ბიზნესთან კონკურენციაში და ხშირად ბიზნესს არ აძლევს განვითარების საშუალებას. იმედია, რეფორმა ხელს შეუწყობს ამ საწარმოების მომგებიანობის და კონკურენტუნარიანობის ზრდას, რისთვისაც პრივატიზაცია საუკეთესო გამოსავალია“, - განუცხადა „რეპორტს“ მომცელიძემ.
მთავრობის გეგმას ეჭვის თვალით უყურებენ ოპოზიციაში. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგლა მიქაუტაძის აზრით, გაჟღერებული გეგმა, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებასთან დაკავშირებით, არის მორიგი ბლეფი, რომელსაც ისევე არ მოჰყვება შედეგი, როგორც აქამდე გაკეთებულ მსგავს არაერთ განცხადებას. 2013-19 წლებში130-მა სახელმწიფო საწარმომ ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი ნახა, რაზეც პასუხი არავის უგია.
„8 წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა ამ კომპანიების გაჯანსაღებისა და პრივატიზაციისთვის. პირიქით, ისინი აქცია კორუფციისა და ნეპოტიზმის ბუდედ. 2013-19 წლებში 130-მა სახელმწიფო საწარმომ ჯამში 3 მილიარდ ლარზე მეტი ზარალი ნახა, რაზეც პასუხი არავის უგია. იმის მაგივრად, რომ ეს საწარმოები დივიდენდებს უხდიდნენ სახელმწიფოს, პირიქით, მათი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხდება. მაგალითად, 2019 წელს ბიუჯეტიდან მათ 83 მილიონი ლარი მიიღეს სუბსიდიის სახით.
ეს კომპანიები დიდი ხანია ასევე წარმოადგენს ყოფილი ჩინოვნიკების დასაქმების ადგილსაც. მაგალითად, პარლამენტის დატოვებისთანავე, „ენერგო-ტრანსის“ მენეჯმენტში დასაქმდა ვანო ზარდიაშვილი, ხოლო „გარდაბნის თბოსადგურში“ დაინიშნა ზაქარია ქუცნაშვილი. სახელმწიფო კომპანიების საკითხი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშშიც მოხვდა 2020 წელს და მათი ფინანსური შედეგები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის დიდ საფრთხედ შეფასდა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.