მამუკა არეშიძე: ცუდი არ არის, რომ „მოქალაქეები“ შევიდნენ, დანარჩენებიც რომ ამ გზას დაადგნენ, ალბათ, უკეთესი იქნება, პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩაში

მამუკა არეშიძე: ცუდი არ არის, რომ „მოქალაქეები“ შევიდნენ, დანარჩენებიც რომ ამ გზას დაადგნენ, ალბათ, უკეთესი იქნება, პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩაში

ცუდი არ არის, რომ „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ, დანარჩენებიც, რომ ამ გზას დაადგნენ, ალბათ, უკეთესი იქნება. პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩაში, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ „ინტერპრესნიუსთან“ პარტია „მოქალაქეების“ პარლამენტში შესვლაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მამუკა არეშიძე განმარტავს, თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ამით მხარდამჭერების დიდი ნაწილის პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ.

ამასთან, მისივე თქმით, ქუჩიდან საკანონმდებლო მუშაობა და ქვეყნის მართვა არ გამოდის.

„თავისთავად, პარლამენტი რომ ნორმალურად უნდა ფუნქციონირებდეს, ეს არამხოლოდ ჩემი, საერთაშორისო პარტნიორების და საზოგადოების აზრია.

რასაკვირველია, ცუდი არ არის, რომ „მოქალაქეების“ წარმომადგენლები პარლამენტში შევიდნენ, მაგრამ დანარჩენებიც რომ ამ გზას დაადგენენ ალბათ, უკეთესი იქნება. მე ვთვლი, რომ პარლამენტში ბევრად მეტის გაკეთება შეუძლიათ, ვიდრე ქუჩაში ყოფნით. ქუჩიდან პროცესების მართვა შეუძლიათ, ოღონდ ეს დესტრუქციული პროცესია, ეს იქნება მუდმივი საპროტესტო ტალღა. საკანონმდებლო მუშაობა და ქვეყნის მართვა ქუჩიდან არ შეიძლება, არ გამოდის. ვფიქრობ, რევოლუციურ სცენარს ვერ მოახდენენ. ამას შეიძლება უამრავი დრო, ენერგია და ქვეყნის ინტერესები შეეწიროს. არ აქვს ამის რესურსი დღეს ოპოზიციას. საზოგადოებაც არაა თანახმა, რომ კონკრეტული პოლიტიკური წარმომადგენლები იყვნენ მათი პროტესტის ლიდერი, თუ წარმოიშვა საზოგადოებრივი პროტესტი. საზოგადოებრივი პროტესტისთვის ნიადაგი არის, სოციალური განსაკუთრებით. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, რომელსაც საპროტესტო განწყობა აქვს, მიუღებელია ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი, როგორც ამ საპროტესტო განწყობის. თუ ოპოზიცია პარლამენტში შევა, ეს ცუდი არ იქნება. მხარდამჭერების დიდი ნაწილის პოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის საშუალება მიეცემათ. ქუჩაში არის მხოლოდ პროტესტი. მე ვიყავი არაერთი ასეთი პროტესტის მონაწილე“,-აცხადებს მამუკა არეშიძე.

მან საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ვალერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროკურატურამ არასწორი ნაბიჯები გადადგა, როდესაც საზოგადოებას არ აუხსნა, თუ რა ხარისხის დანაშაული აქვთ მათ ჩადენილი.

რაც შეეხება ოპოზიციის აქციებს, მამუკა არეშიძის თქმით, აქციების იმ ფორმებმა, რაც ქვეყანაში ტარდება თავი ამოწურა.

„ოპოზიციის ერთი ნაწილი პროტესტის გამოხატვას არჩევს აგრესიული ფორმით, სხვისი დამცირებით, დისკრედიტაციით, ეს ხდება არა მხოლოდ ქუჩის აქციებისას, არამედ სოციალური ქსელითაც, სატელევიზიო ეკრანებზე. ამის სამარცხვინო მაგალითი იყო გუშინდელი შეფასებები, რომელიც გაჩნდა 2 ადამიანის გირაოთი გათავისუფლებით. რომ გითხრათ რომ მხარეებმა, ხელისუფლების და ოპოზიციის მხრიდან საუკეთესოდ წარმოაჩინეს თავი ამ ვითარებაში, ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვთვლი, პროკურატურამ არასწორი ნაბიჯები გადადგა, არა იმიტომ რომ ისინი გირაოთი გაათავისუფლეს, საზოგადოებას არ აუხსნეს ამ საქმეში რა ხარისხის დანაშაული აქვთ ჩადენილი მიახლოებით მაინც. საქმესთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს, საზოგადოება გაურკვევლობაში დარჩა. ოპოზიციამ ამას ყველანაირად ხელი შეუწყო, გამიღრმავდა ეჭვი, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი თავის ყოფილი დანაშაულის გადაფარვას ცდილობს“,-აცხადებს არეშიძე.