ჩვენ არ გვაქვს იმ ადამიანებთან საქმე, რომლებიც რაღაცას ჯინაზე აკეთებენ, ან თავისი მოსაზრებით სწორად აკეთებენ, ან არასწორად აკეთებენ - ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ ასრულებს ინსტრუქციებს. ამიტომ გვიძნელდება ჩვენ მათთან ურთიერთობა, ამიტომ კარგავს მათთან ურთიერთობა აზრს, - განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატის თქმით, თუკი ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, პოლიტიკურად საბოლოოდ განადგურდებიან.
„აქ მთავარი ის არის, რომ მათი პატრონები, ვინც დავალებებს იძლევიან, ისინი დარწმუნდნენ და დარწმუნდებიან ჩვენდამი ასეთი დამოკიდებულების უპერსპექტივობაში. შესაბამისად, მოუვა დირექტივები მათ ადგილობრივ აგენტურას, რომ შესაბამისად მოიქცნენ და პირველი ნაბიჯი ზუსტად ეს იქნება. რა თქმა უნდა კიდევ ერთი ბოიკოტი ადგილობრივი არჩევნებისა მათთვის საბოლოო განადგურების ტოლფასი იქნება და არა ჩვენი მხრიდან განადგურების, არამედ თვითგანადგურების.
„დიფ სთეითი“ ნუ წარმოგიდგენიათ ისე, რომ ცალმხრივად მოქმედებდეს, ისინი საკმაოდ სერიოზული და გავლენიანი ძალები არიან. შეიძლება როლები გადაუნაწილონ - რაღაც ნაწილს უთხრან, თქვენ წადით და მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა, მეორე ნაწილს - თქვენ გააგრძელეთ რადიკალობანას თამაშიო და დაიტოვონ რაღაც პლაცდარმი სამომავლოდ, რომ თუ საჭირო გახდება, რევოლუციური სიტუაცია შექმნან საქართველოში, ან არეულობა შემოიტანონ. ვნახავთ როგორ გადააჯგუფებენ, მაგრამ ფაქტი ერთია - მათ რომ ერთი პატრონი ჰყავთ, უკვე ძალიან ნათლად დადასტურდა. ისეთი ადამიანები შეკრიბეს ერთად, რომლებიც გუშინ ერთმანეთს მიწაში დებდნენ, ერთმანეთს ბრალს დებდნენ რაღაც წარმოუდგენელ დანაშაულებში და დღეს ისინი ერთად არიან. ჩვენთვის მთავარი არის გავყვეთ საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ძირითადად ვექტორს, რომელმაც აქამდე მოგვიტანა მშვიდობა და აქამდე მოგვიტანა კეთილდღეობის ზრდა. ეს არის ჩვენთვის მთავარი და ვისაც უნდა ამაში მონაწილეობის მიღება, კარი ღიაა, ხოლო ვისაც არ უნდა, რაც უნდა ის უკეთებია, ჩვენ მათ ვერ გამოვეკიდებით და საფლავში ვერ ჩავყვებით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.