პანდემიის პირობებში ბიზნესს ძალიან გაუჭირდა და დაქირავებულთა მიმართ ვალდებულებების შეუსრულებლობას მოუხშირა. ეს, ერთი მხრივ, მოსალოდნელიც იყო, რადგან კრიზისმა პრობლემები ყველას შეუქმნა. თუმცა კიდევ უფრო ცუდ ვითარებაში არიან ის ადამიანები, რომელთა საარსებო წყარო მხოლოდ ხელფასია.
ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა ისთენრ ჯორჯია“ თანამშრომლების მხრიდან უკმაყოფილების ადრესატი არაერთხელ გამხდარა. ისინი ხშირად ვალდებულებებს არ ასრულებენ და დასაქმებულებს ანაზღაურების გარეშე ხშირად ტოვებენ. ასე მოხდა ამჯერადაც. ამიტომ მოტყუებულმა თანამშრომლებმაც მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
კომპანიას დიდი ხანია, თანამშრომელთა დავალიანება აქვს. როგორც გაირკვა ბოლო 2 წლის განმავლობაში „ფრონტერას“ დასაქმებულთა მიმართ 11 თვის გაუცემელი ხელფასი დაუგროვდა. რამდენიმე საათიანი აქციის შემდეგ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერასა“ და ყოფილ თანამშრომლებს შორის ზეპირი შეთანხმება შედგა.
კომპანიის დედოფლისწყაროს ნავთობბაზის მენეჯერის, გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, ყოფილ თანამშრომლებს სახელფასო დავალიანება ეტაპობრივად 500-500 ლარობით ჩაერიცხებათ. რამდენად პირნათლად შესრულდება ეს პირობა, გაურკვეველია.
ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. გუშინწინ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ავტოსატრანსპორტო დეპარტამენტის კონტრაქტორი თანამშრომლებიც გაიფიცნენ. ისინი კომპანიისგან ანაზღაურების მომატებასა და კუთვნილ შვებულებას ითხოვენ. როგორც თავად აცხადებენ, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, პროტესტი არ შეწყდება.
„სამი პუნქტია, რასაც ვითხოვთ. ეს არის: ხელშეკრულების არსის შეცვლა, რომელიც კომპანიის სასარგებლოდ არის შედგენილი, ვითხოვთ შვებულებას, ასევე დაზღვევას და ხელფასების გადახედვას. არც პირობა წაგვიყენებია, არც წინადადებით მოდიან, რას გვთავაზობენ თვითონ“, – განაცხადა კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ვლადიმერ კასანოვმა.
ირკვევა, რომ პანდმიის დროს კერძო სექტორი ხშირად სარგებლობს კრიზისის მომიზეზებით და იმით, რომ დასაქმებულებს სხვა ალტერნატივა არ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, პრობლემა არა კანონში, არამედ აღსრულებაშია. შრომის ინსპექციის მანდატის აღსრულებას კი არსებული რესურსი, უბრალოდ, არ ჰყოფნის.
როგორც ჩანს, ინსპექცია ამ მიმართულებით გააქტიურებას აპირებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აღნიშნავს, თუკი ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 70-მდე ინსპექტორი მუშაობს, უახლოეს მომავალში მათი რაოდენობა 120-მდე გაიზრდება და რეაგირება იქნება ყველა ფაქტზე, ვინც ინსპექციას მიმართავს.
„ვგეგმავთ ინსპექტორთა რაოდენობის 120-მდე ზრდას, რათა შრომის ინსპექციის სამსახურმა ყველა მიმართულებით უზრუნველვყოთ უფლებამოსილების ჯეროვნად შესრულება. რეალურად უწყებას 120 შტატი უკვე აქვს კიდეც, თუმცა კადრები ჯერ არ აუყვანიათ. უახლოეს პერიოდში კი საჯარო კონკურსის გამოცხადება იგეგმება კადრების შესავსებად. იმედი გვაქვს, რომ რაოდენობა ნამდვილად შეივსება“, – განაცხადა ფერაძემ.
შრომის რეფორმის კვალდაკვალ შრომის ინსპექციის მანდატი გაფართოვდა - ახლა ინსპექციას შეუძლია შრომის უფლებების მდგომარეობის შემოწმებაც. თუკი აქამდე ინსპექციას შეეძლო, მხოლოდ შრომის უსაფრთხოების (სამუშაო ადგილის დაცულობა, სიცოცხლისთვის საშიში გარემო) საკითხების შემოწმება, ახლა მისმა მანდატმა შრომის უფლებების (სამუშაო საათები, ზეგანაკვეთური ანაზღაურება, დეკრეტული შვებულება) მონიტორინგიც მოიცვა.