ბოლო რამდენიმე დღეა ქართველი ბიზნესმენები საყვედურებით აავსეს. წითელი ლენტი ჯერ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გაჭრა, რომელმაც ესტაფეტა მსწრალ გადააბარა მდგრად მინისტრს – ვერა ქობალიას, ხოლო ბოლოს ე.წ. უცხოელმა ექსპერტებმაც გამოიღეს ხელი. საიდან იმღვრევა სათავე საქართველოს ბიზნეს მდინარეში, ჯერჯერობით ვერ დგინდება.
მორიგი ლანძღვა ქართულმა ბიზნეს-სპექტრმა უკვე ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენრტისგან იგემა. საყვედური ბიზნეს-სემინარებზე ქართველი ბიზნესმენების გამოუცხადებლობას და მათ ნაკლებად აქტიურობას მოჰყვა.
ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტი ასეთ სემინარებს მთელ მსოფლიოში ატარებს და მათზე დასწრება ფასიანია. თუმცა, წინასწარ არსებული დიდი ინტერესის გამო საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვეს და სემინარი უფასოდ ჩაატარეს.
ქართველებს ყველაფერი უფასო ძალიანაც უყვართ, მაგრამ არა – სემინარები და სხვისი რჩევა-დარიგებების მოსმენა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქართველმა ბიზნესმენებმა მავანი მაღალხელფასიანი ჩინოვნიკების მრავალსაათიან ლაქლაქს ყური მოარიდეს და სადმე გრილში მოსვენება ამჯობინეს. მით უმეტეს, ყველამ კარგად იცის, რომ მსგავს სემინარებზე არასდროს არაფერი კეთდება. ეს არის კარგად ორგანიზებული წყლის ნაყვა.
მოკლედ, სანამ ამერიკელებიც შეშფოთდებოდნენ, მანამდე ბიზნესმენებს პარლამენტიდან და მთავრობიდანაც დაერივნენ. მაგალითად, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავრიანის განცხადებით, ბიზნეს–სექტორი საგადასახადო კოდექსის განხილვისას და შემუშავებისას ადეკვატური არ იყო.
“ჩვენი სურვილი იყო, მათ თავიანთი შეხედულებები შემოეთავაზებინათ და ერთად შეგვემუშავებინა ეს პროექტი, მაგრამ მათი მხრიდან იყო ინერტულობა. მხოლოდ პრესკონფერენციების გამართვა აქტიურობა არ არის, აქტიურობაა სამუშაო პროცესში ჩართვა”, - აცხადებს ვიცე-სპიკერი.
ვიცე-სპიკერის კრიტიკის პასუხად ბიზნეს-ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ საგადასახადო კოდექსის განხილვაში აქტიურად იყვნენ ჩართული და ყველა მნიშვნელოვანი არგუმენტი ადრესატამდე მიჰქონდათ. ასოციაციაში ამბობენ, რომ აუდიტორთა ჯგუფი თითქმის 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროსა და პრემიერთან. ამიტომ, ვიცე-სპიკერის შენიშვნები გაუგებარია.
ბიზნესმა წკეპლა “ახალი ცოცხისგანაც” იგემა. ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია იყო ის ადამიანი, ვინც ქართველი ექსპორტიორებისთვის ამერიკის სავაჭრო დეპარტამენტის ორგანიზებული სემინარი გახსნა, თუმცა ოლოლო მას - დარბაზი ნახევრად ცარიელი დახვდა.
ქობალიასაც შეშფოთების მეტი რა დარჩენოდა: “თუ ზოგიერთი ბიზნესმენის სემინარზე არყოფნის მიზეზი ღონისძიების 9 საათზე დაწყება და ამის გამო მათი სიზარმაცე იყო, ასეთი ტემპით წინ ვერ წავალთ”, - განაცხადა ქობალიამ. მისი თქმით, მსგავს სემინარებზე დასწრება თავად ბიზნესმენების ინტერესში უნდა შედიოდეს და თუ ისინი სამუშაო დღეს 12 საათზე ადრე არ დაიწყებენ, შედეგი არ იქნება.
მინისტრს იმედი აქვს, რომ იგივე სემინარს ბათუმსა და ქუთაისში ბიზნესმენები მეტი აქტიურობით დაესწრებიან. ამ ორ ქალაქში ჩასასვლელად უფრო ადრე გაღვიძებაა საჭირო. განცხრომასა და საყვედურებს შორის არჩევანის გაკეთება ბიზნესმენებს მალე მოუწევთ.