მთავრობამ უკვე პირდაპირ დაასახელა რა შემხთვევაში მისცემს ბიზნესს სრულად ამოქმედების საშუალებას. თუკი გაზრდილი ტესტირების ფონზე ინფიცირების დადებით შეთხვევათა მაჩვენებელი სტაბილურად 4%-ს ჩამოსცდება, პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ეს ეხება როგორც განათლების დაწესებულებებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე სასტუმროებს, რესტორნებსა და ზოგადად ტურიზმს.
ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო 7 დღის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების დადებითობის მაჩვენებელი 6-7%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად ნებისმიერი დამატებითი შემსუბუქება აღნიშნული ციფრის დასტაბილურებამდე არარელევანტურია.
აქედან გამომდინარე, დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია. მთავრობა გახსნის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს. ამასობაში ტურიზმისთვის ზამთრის სეზონი მთავრდება. მიუხედავად ამისა, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა მტკიცედ ამბობს, რომ შემსუბუქება ეპიდსიტუაციის მონიტორინგის შესაბამისად მოხდება.
„თებერვლიდან ვაუქმებთ შეზღუდვებს რეგულარულ ფრენებზე. ამ კვირაში ერთ-ერთი შეხვედრა გვექნება ტუროპერატორებთან, როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებული ტურისტების შემოყვანაზე. ჩვენს რეგიონში ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციაგავლილი ადამიანები მონატრებული არიან ფრენას, დასვენებას და უნდათ ჩამოსვლა. ამაშიც დავეხმარებით ინდუსტრიას. აუცილებლად იქნება კონკრეტული მოთხოვნები. დღეს არც ერთ ქვეყანაში არაა ისე, რომ რეგულაციის გარეშე შემოდიოდეს ტურისტი“, - განაცხადა თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ სანამ დადებითობის მაჩვენებელი სტაბილურად 4%-ზე არ ჩამოვა, დამატებითი შემსუბუქება, მათ შორის, ტურიზმის სფეროში ვერ მოხერხდება.
ამასობაში კი მძიმე მდგომარეობაა სარესტორნო და სასტუმროების ბიზნესშიც. დღემდე გაურკვეველია, როდის მოიხსნება ამ ორი მიმართულებით დაწესებული შეზღუდვები, კერძო სექტორი კი კრიზისში უფრო ღრმად ეფლობა. როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, არათუ თებერვალში, პირველი მარტიდან გახსნის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
„კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 1-ელ მარტს გახსნის საკითხიც. ეპიდემიოლოგებს კომპეტენცია არ ჰყოფნით, გადაწყვეტილება მიიღონ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს სავაჭრო ცენტრებთან მიმართებაში. იცით, რომ 100 000 ადამიანი გატარდა ერთი დღის განმავლობაში, მთლიანობაში, მილიონმა ადამიანმა ისარგებლა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დაწესებული შემსუბუქებით და ვითარება არ გამწვავებულა, რადგან რეგულაციების დაცვით და სწორი ადმინისტრირებით მოხდა ყველაფერი. ზუსტად ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს კარგი გამოცდილებაა, შეგვიძლია, მივიღოთ და სხვა სფეროებშიც გადავიტანოთ“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
რთული მდგომარეობაა სასტუმროების მხრივაც. ჩაკეტილი საზღვრებისა და დახურული კურორტების გამო, უმძიმესი ვითარება შეიქმნა. სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი, რომლსაც ეჭვი აქვს, რომ წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნება.
„სჯობს პირდაპირი პასუხი ჰქონდეს მთავრობას, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება. ასეთი პასუხი მინდა, ის კი არა, ვნახოთ და რაღაც ასე აღარ გამოდის... მთის კურორტებს თავისი სეზონი აქვს. პირველ მარტს რომ თქვან, გაიხსნებაო, 95 პროცენტი მაინც ვეღარ გაიხსნება, რადგან აზრი არ ექნება.
პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება და მსგავსი შეხვედრა უნდა გვქონოდა 7-8 იანვარს, რომ გვცოდნოდა, ზუსტად მთის კურორტები გაიხსნებოდა თუ - არა. დღევანდელი პოზიცია, პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და აი, ორი კვირის შემდეგ შევხედავთ, რა იქნებაო, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ ვეღარ გაიხსნას. უკვე მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60 პროცენტი ობიექტებისა უკვე იყიდება, ზოგადად კი ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარება გვექნება“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.