მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალსაპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსებიც კი აძლევენ თავს უფლებას ალკოჰოლურ სასმელებს მიეძალონ, რაც უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური სკანდალითა და თანამდებობის დატოვებით სრულდება. მათი ნაბახუსევი სახეები კი, ჟურნალ-გაზეთებისა და ტელევიზიის მთავარი სამიზნე ხდება. აქედან გამომდინარე, რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, „თბილისელების“ ამ ნომრიდან ცნობილი პოლიტიკოსების ყველაზე ლოთური გამოხდომების შესახებ შეიტყობთ.
ალკოჰოლისადმი სიყვარულით გამოირჩეოდნენ ბრიტანელი პოლიტიკოსები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 60-იან წლებში, ჯორჯ ბრაუნი, ცნობილი იყო თავისი ლოთური საქციელით. ამბობენ, პერუში ოფიციალური ვიზიტის დროს მინისტრი, საზეიმო ვახშამზე დათვრა, ლიმას არქიეპისკოპოსის გრძელი მანტია კაბად მოეჩვენა და პერუს ჰიმნზე ქალად აღქმული არქიეპისკოპოსი საცეკვაოდ გაიწვია. პერუდან დაბრუნებული ბრაუნი პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ ვილსონს კაბინეტში ნასვამი შეუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გასულ საუკუნეში ჰერბერტ ჰენრი ასკვიტი მთელი ცხოვრება სვამდა. მისი ეს მავნე ჩვევა ცნობილი იყო სამეფო ოჯახისთვის, თუმცა ასკვიტი იმდენად კარგად უძღვებოდა საქმეს, რომ ბრენდის სიყვარულის გამო მისი გადაყენება აზრად არავის მოსვლია. ამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში ასკვიტი ალკოჰოლიზმისგან განკურნებას ცდილობდა. თუმცა, საკმარისი იყო, ერთი კვირა არ დაელია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. საინტერესოა, რომ ოფიციალურ შეხვედრებზე ასკვიტს მუდამ თან ჰქონდა პატარა ბოთლი, წყალში გაზავებული ბრენდით.
ბრიტანეთის კიდევ ერთი პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი, მართალია, უფრო თავშეკავებული იყო ასკვიტთან შედარებით, მაგრამ ალკოჰოლის მიმართ მის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა. ანგლო-ბურების ომში წასვლამდე მან თავის ბარგში 16 ბოთლი სკოტჩი, 36 ბოთლი ღვინო და 6 ბოთლი ბრენდი ჩაალაგა. მთელი ცხოვრება, მხოლოდ ერთ წესს იცავდა, იგი ძლიერმოქმედ ალკოჰოლს საუზმემდე არ იღებდა. სიცოცხლის ბოლო წლებში ჩერჩილი ხშირად იმეორებდა, რომ ალკოჰოლისგან მან გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე ალკოჰოლმა მისგან.
ალკოჰოლისადმი მიდრეკილება არ ითვლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის მავნე ჩვევად, თუმცა მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ნასვამ პრეზიდენტს არაერთი „ნომერი“ მოუწყვია. სიმთვრალეში ნიქსონის ყველაზე გახმაურებულ ქცევას კი, მისი თანაშემწე ბრენტ სკოუკროფტი ასე იხსენებდა. როდესაც 1973 წელს ისრაელ-არაბეთის ომის დროს, ნიქსონის პირად ტელეფონზე ზარი გაისმა, სკოუკროფტმა უპასუხა და ყურმილი ნიქსონს გადააწოდა, მთვრალმა პრეზიდენტმა კი ხმამაღლა ჰკითხა თანაშემწეს: „ხომ შეგვიძლია, მათ ვუთხრათ – არა“.
ალკოჰოლთან დაკავშირებულ ისტორიებს ადგილი უკავია ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ბიოგრაფიაში. ჯორჯ ბუშ-უმცროსს არაერთხელ განუცხადებია მედიისთვის, რომ თეთრ სახლში მოხვედრას, იგი ალკოჰოლიზმისგან განკურნებას უნდა უმადლოდეს. ბუშის ბიოგრაფიაში მრავალი ფაქტი უკავშირდება სპირტიან სასმელს. იგი არაერთხელ იყო დაკავებული ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს. ოფიციალურადაა ცნობილი ის დღე, როცა მან საბოლოოდ დაანება სმას თავი. 1986 წლის 28 ივლისს ჯორჯ ბუშმა ქალაქ კოლორადო-სპრინგსის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში გაიღვიძა და დღემდე ცდილობს გაიხსენოს, თუ როგორ აღმოჩნდა სასტუმროს ნომერში, მაგრამ უშედეგოდ, სამაგიეროდ, იმ დღის შემდეგ, როგორც თავად ირწმუნება, 2 ჭიქაზე მეტი სპირტიანი სასმელი აღარ დაულევია.
ყველა ზემოჩამოთვლილი ისტორია ახლოსაც ვერ მივა რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის „საგმირო“ საქმეებთან. ელცინი, რომ ყველაზე ცნობილი ლოთი-პრეზიდენტი იყო, ამაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს: ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული რუსეთის ლიდერი ისეთი მთვრალი იყო, თვითმფრინავიდან ვერ გადმოვიდა და მისი ადმინისტრაციის წევრები იძულებულნი შეიქნენ, თვითმფრინავი მოსკოვში დაებრუნებინათ; გერმანიაში ვიზიტის დროს კი, საზეიმო მიღებიდან გამოსული ელცინი სამხედრო ორკესტრს დირიჟორობდა, ათობით ფოტორეპორტიორის და ტელეკამერის წინაშე; ელცინს ნასვამ მდგომარეობაში სცენაზე „კალინკა-მალინკაც“ უმღერია. ამერიკაში ყოფნის დროს კი, პრეზიდენტ ქლინთონის დაცვის წევრებმა, ნასვამი ბორის ელცინი ვაშინგტონის ქუჩებში ტრუსების ამარა მიმავალი შენიშნეს და სასტუმროში დააბრუნეს. მოგვიანებით ითქვა, რომ ელცინს სასტუმროს კორიდორებში გზა აებნა და შემთხვევით ქუჩაში აღმოჩნდა. თუმცა, დაცვის წევრები ირწმუნებოდნენ, ელცინი „მაკდონალდსამდე“ მიყვანას იხვეწებოდაო.
ალკოჰოლური სკანდალები არც ავსტრალიელი პრემიერ-მინისტრებისთვის არის უცხო. 2007 წელს პრემიერი კევინ რადი ნასვამ მდგომარეობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ სტრიპტიზ-ბარში გამოიჭირეს ფოტოგრაფებმა. მისმა წინამორბედმა ჯონ ჰოვარდმა აღიარა, რომ პარლამენტის წინაშე გამოსვლის წინ ხშირად მიირთმევდა რამდენიმე ბოთლ სამხრეთავსტრალიურ წითელ ღვინოს.
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა ჭიქით ხელში ჯერ არ შეუმჩნევიათ, თუმცა მის მიდრეკილებაზე სპირტიანი სასმელების მიმართ, ბრაზილიაში ბევრს ლაპარაკობენ. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ცნობილმა ფეხბურთელმა რონალდომ პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში „ლოთი“ უწოდა, რამაც საზოგადოება კიდევ უფრო დაარწმუნა პრეზიდენტის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებებში.
იაპონიის ფინანსთა მინისტრი სიოტი ნაკაგავა არაფხიზელ მდგომარეობაში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე შენიშნეს. მინისტრის საუბარი მთვრალი ადამიანის ბოდვას უფრო ჰგავდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნაკაგავას შეხვედრის დაწყებამდე ბარში შეუვლია და რამდენიმე ჭიქა ვისკი გამოუცლია. ამ სკანდალს მისი პოლიტიკური კარიერა შეეწირა. იგივე შეიძლება, ითქვას ბელგიელ პოლიტიკოსზე ბელგიის საპენსიო უზრუნველყოფის მინისტრზე, მიშელ დერდენი პარლამენტის წინაშე არაფხიზელ მდგომარეობაში წარდგა და საქმეზე საუბრის ნაცვლად ანეკდოტებს ყვებოდა.
სულ ახლახან კი ალკოჰოლური სკანდალის ეპიცენტრში ირლანდიის პრემიერ-მინისტრი, ბრაიან კოუენი აღმოჩნდა. კოუენს ბრალს სდებენ იმაში, რომ რადიო-ინტერვიუს დროს იგი სპირტიანი სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი იყო და არაადეკვატური გახლდათ. თუმცა, პრემიერის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ამას. რადიოჩანაწერებში კი კოუენის საუბარი, მართლაც, ნასვამი ადამიანის ლაპარაკს წააგავს.