„სანამ „ოცნებაში“ ვერტიკალი არ ჩამოყალიბდება, მანამდე გახარია, ალბათ, მთავრობის ახალ ფორმირებაზე თავს შეიკავებს“

„სანამ „ოცნებაში“ ვერტიკალი არ ჩამოყალიბდება, მანამდე გახარია, ალბათ, მთავრობის ახალ ფორმირებაზე თავს შეიკავებს“

როგორც წესი, საქართველოში სამთავრობო ცვლილებები ყოველთვის დაუგეგმავად ხდება. მთავრობის წევრები არ ადასტურებენ, რომ მინისტრთა კაბინეტს ემშვიდობებიან, შემდეგ კი, ამტკიცებენ, რომ განცხადებით თავად მიმარეთს მთავრობის ხელმძღვანელს. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებებს მოვისმენთ მთავრობის წევრებისგან.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გიორგი გახარიამ მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ განახორციელა. გარდა იუსტიციის მინისტრისა, რომელიც უწყებისთვის ახალი სახე არ არის. გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებს მას შემდეგ განახორციელებს, რაც კულტურის სამინისტროს გამოეყოფა სპორტის სამინისტრო. საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

კულტურის სამინისტროს გაყოფის შემდეგ კი, გიორგი გახარია სამთავრობო კარუსელს დაატრიალებს. გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ცვლილება შეეხება მთავრობის ეკონომიკურ გუნდს. ვიცე–სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, როცა გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებს საჭიროდ ჩათვლის, ის იმ გადაწყვეტილებებს მიიღებს, რაც საჭიროა. ვოლსკის მტკიცებით, მთავრობის ფორმირებაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, გიორგი გახარია იყო სრულიად დამოუკიდებელი მაშინაც, როცა პარტია „ქართული ოცნებას“ ბიძინა ივანიშვილი თავმჯდომარეობდა.

„მთავრობის ცვლილებების თემა სპეკულაციის საგანია. არსებობს პრემიერ–მინისტრი, კომპეტენტური და ძლიერი პიროვნება, რომელიც მთავრობის შემადგენლობას განაპირობებს. გიორგი გახარიამ მთავრობის ეს შემადგენლობა წარმოადგინა. მისი სიტყვა იყო ავტორიტეტული მაშინაც, როცა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო და ახლაც არის ავტორიტეტული.

საკმაოდ დამაჯარებელი იყო ის დახასიათება, რომლის საფუძველზეც პრემიერმა მთავრობის ეს შემადგენლობა აირჩია. ასე რომ, გადამწყვეტია პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ახლაც და მომავალშიც. თუკი ვინმეს შეცვლას საჭიროდ ჩათვლის, რასაკვირველია, ის თავის მოსაზრებას გაგვიზიარებს. გახარია პრემიერის პოსტზე არის კომპეტენტური და გადაწყვეტილებებს იღებს გახარია“, – განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე მიზანმიმართულ ჭორებს უწოდებს ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება.

„არანაირი სამთავრობო ცვლილება დაგეგმილი არაა. 2011–12 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ამ ტიპის ჭორები ყოველთვის იყო, ასევე კონკრეტულ პოლიტიკოსებზე, ადამიანებზე, პოლიტიკურ პარტიებზე. ეს, სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკის თანმდევი პროცესია – ჭორები, ინტრიგები, მიზანმიმართული პროპაგანდა კონკრეტულ პარტიაზე და პოლიტიკოსზე. თუ რაიმე ცვლილება იქნება მოსალოდნელი გუნდში, ამაზე საუბარი იქნება, მალულად ამაზე საუბარს არავინ აპირებს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში ცნობილი იქნება, არანაირი ცვლილება და არანაირი სამთავრობო გადაადგილებები დაგეგმილი არ არის“, – აცხადებს კახა კალაძე.

სამთავრობო ცვლილებს ლოგიკურად მიიჩნევენ ანალიტიკოსები. ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ გახარიამ მთავრობის ახალი შემადგენლობა შესთავაზოს საზოგადოებას. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გახარიას გარკვეული ინფორმაცია ექნებოდა ივანიშვილის გადაწყვეტილების შესახებ და ლოგიკურია, რომ არ იჩქარებდა პირველსავე სხდომაზე წარმოედგინა მთავრობის ახალი გუნდი.

„ჯერჯერობით პროცესები მხოლოდ იწყება, გარკვეული არაფერი არ არის, გარდა განცხადებისა. რეალურად არავინ არ იცის წასული ივანიშვილი წავიდა, თუ ისევ დარჩა პოლიტიკაში, და თუ დარჩა, როგორ დარჩა. ყოველ შემთხვევაში, მისი აჩრდილი „ქართულ ოცნებაში“ ისევ არის. ამიტომ გახარია, რა თქმა უნდა, არ იჩქარებს საკადრო ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებას“, – აცხადებს ძაბირაძე.

როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, არავინ არ იცის, თავად გახარია შეინარჩუნებს თუ არა პრემიერ–მინისტრის თანამდებობას. მისივე შეფასებით, თუ ივანიშვილი წავიდა, ასეთ შემთხვევაში „ქართული ოცნებაში“ ჩამოყალიბდება ძალიან ახალი რეალობა. ეს არის დრო, როდესაც ლიდერები უნდა ჩამოყალიბდნენ და შეთანხმდნენ იმ თემებზე, ვის რა გავლენა და პოზიციები ექნება.

„ეს მარტივი საქმე არ არის. დღევანდელმა პარლამენტმა გახარია დაამტკიცა, როგორც ივანიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატი. რეალურად, გახარიას უკან იდგა ივანიშვილი, ეს იყო მისი დამტკიცების და მთავრობის ფორმირების მთავარი არგუმენტი. თუ ივანიშვილი წავიდა, ასეთ შემთხვევაში მართლა გახარია უნდა დაამტკიცონ თავისი მთავრობით. პარლამენტი დაამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ გახარიას ექნება უმრავლესობა.

იმისათვის, რომ საბოლოო სურათი გამოიკვეთოს „ქართულ ოცნებაში“, ამას სჭირდება გარკვეული დრო, ორი თვე მაინც. ამის შემდეგ ჩვენ მეტ–ნაკლები ალბათობით გვეცოდინება ივანიშვილი ისევ აგრეძელებს კულუარებიდან მთავრობის მართვას, თუ ისევ ჩამოყალიბდა „ქართულ ოცნებაში“ ახალი ვერტიკალი. ეს არის მთავარი და ამის შემდეგ უკვე პრემიერ–მინისტრის გადასაწყვეტია, ვინ დატოვოს და ვინ გაუშვას. სანამ ეს ვერტიკალი არ ჩამოყალიბდება, მანამდე გახარია, ალბათ, მთავრობის ახალ ფორმირებაზე თავს შეიკავებს. ვინმემ იცის ვინ აკონტროლებს 76 მანდატს პარლამენტში? თუ ვინმე ასეთი არსებობს, ჩათვალეთ, რომ მას აქვს უმრავლესობა და ის არის ხელისუფლებაში. ჯერ არც ვიცით, რა დაჯგუფებებია მმართველ გუნდში. პარტიის შიგნით ძალა–უფლების გადანაწილება ახლა იწყება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ იქამდე მაინც, სანამ ოდნავ მყარი სიტუაცია არ იქნება ქვეყანაში, ნებისმიერი საკადრო ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა იქნება, რომელიც არ იქნება განპირობებული იმის სურვილით, რომ უკეთესად გაკეთდეს.

„განაახლო მთავრობა და დანიშნო ახალი მინისტრი, თითქოს ადვილია, მაგრამ ეს ახლად დანიშნულები ვერ ასწრებენ საქმის კურსში ჩადგომას, ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, ელემენტარულად ვერ ახერხებენ იმას, რომ არ დაშავდეს რაიმე და უკვე ცვლიან. საქმის კურსში ჩადგომა ნიშნავს, რომ მინისტრებს დაახლოებით ნახევარი წელი სჭირდებათ იმისთვის, რომ გაარკვიონ რა ხდება სამინისტროში.

ამ ფონზე სიახლეები იქმადე მაინც, სანამ ქვეყანაში ოდნავ მყარი არ გამხდარა სიტუაცია, მანამდე ნებისმიერი ცვლილება მიმაჩნია, რომ იქნება მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა და არ იქნება განპირობებული იმის სურვილით, რომ უკეთესად გაკეთდეს.

უკეთესად ვერ გაკეთდება ჯერჯერობით ვერაფერი, სანამ არ იქნება ისეთი პირობები, რომ ახლად დანიშნულ მინისტრებს ადაპტაციისთვის რამდენიმე თვე მაინც ჰქონდეთ. ისეთ რეჟიმში მიდის დღევანდელი ცხოვრება, რომ დღეს მინისტრებს ადაპტაციისთვის დრო არ აქვთ. ამიტომ, მე არათუ არ ველი, არამედ შევშფოთდები, თუ გახარია მიიღებს გადაწყვეტილებას საკადრო ცვლილებების შესახებ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მეორეხარისხოვნად მიიჩნევს ნებისმიერ საკადრო ცვლილებას, თუ არ შეიცვალა მიდგომა. მანჯავიძე ამბობს, რომ მთავარია შეიცვალოს მუშაობის სტილი და სახელმწიფო უწყებების ურთიერთდამოკიდებულება.

სახელმწიფო შემდეგნაირად იმართება – ჯერ მიდის დავალება და მერე პასუხის მოთხოვნა ამ დავალების შესრულებაზე, რაც გულისხმობს პირდაპირი და უკუკავშირის არსებობს. უკუ და პირდაპირი კავშირი იყო ეპიზოდური იქიდან გამომდინარე, რომ გადაწყვეტილების მიმღები სხვა იყო და ინსტიტუციონალიზებულად არ იყო უზრუნველყოფილი.

ბიძინა ივანიშვილი წავიდა და დაგვრჩა სისტემა, რომელშიც მართვა ძალიან გართულდება, რადგან არიან ჯგუფები და ამ ჯგუფებს აქვთ თავიანთი ინტერესები და ინსტრუმენტები. გახარია პრემიერ–მინისტრი კი არის, მაგრამ ხელეწიფება მას იმ პოლიტიკის წაყვანა? შეეძლება მას, რომ სახელმწიფოებრივი ნება გამოიჩინოს იმგვარად, რომ არ აფეთქდეს ამ ჯგუფების ინტერესებზე? მოგეხსენებათ, რომ ინტერესთან ჯგუფები ბევრია და ძლიერებიც არიან. ვნახოთ რა იქნება“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.