საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნება, თუმცა კაფე-რესტორნები კვლავ დისტანციურ რეჟიმზე აგრძელებენ მუშაობას.
„იმის გათვალისწინებით, რომ იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
სარესტორნო ბიზნესის წარმოამდგენლები ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. როგორც მათ for.ge-თან საუბრისას განაცხადეს, სარესტორნო ბიზნესმა საკმაოდ დიდი ზარალი განიცადა და თანაშრომლების შენარჩუნებასაც ვეღარ ახერხებენ. მათივე განცხადებით თუ ასე გაგრძელდა მუშაობას ვერ შეძლებენ.
როგორც ერთ-ერთი კაფის მფლობელმა თაკო დოლაბერიძემ for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, მისი კაფე გატანის სერვისით არ მუშაობს. მას თანამშრომლების დათხოვნაც მოუწია, რადგან ხელფასის გადახდას ვერ მოახერხებდა. მისივე თქმით, არც სესხზე სუბსიდირება შეხებია, ხოლო მისი კომპანია უკვე ერთი წელია უფუნქციოდ არის.
„ვინც გატანის სერვისზე არ ვმუშაობთ, რა უნდა ვქნათ? მეტი ზარალი რაღა უნდა იყოს? ამის ამოქაჩვა კიდევ თუ მოხდება ოდესმე არ ვიცი. ზოგადად, პესიმისტი ადამიანი არ ვარ, პირიქით, სულ მაქვს იმედი, რომ უკეთესობა იქნება, მაგრამ ბათუმში თუ შეიძლება რესტორნები გაიხსნას, ბათუმში თუ შეიძლება, რომ ტრანსპორტი გაიხსნას, თბილისმა რა დააშავა?! ბათუმში თუ შეიძლებოდა, რომ ზაფხულში კლუბები ყოფილიყო, ახლა „კანატკამ“ რა დააშავა? არ ვიცი, რა ხდება, შეიძლება მე ვერ ვხდები და მე არ მესმის. ახლა არ ვიცი რას გახსნიან, როგორ გახსნიან. თუმცა, ვიღაცეებისთვის ღიაც არის და ჩუმად მუშაობენ კიდეც. ეს ვისაც ეხება ჩემზე კარგად იცის. ახლა გახსნიან, შემდეგ ისევ დაკეტავენ. კომენდატის საათსაც ვერ ვხვდები. თუ 9 საათის შემდეგ ღია არაფერი არ იქნა, სტუმრად ვერ მივდივართ? სად უნდა წავიდეთ?“, - განაცხადა თაკო დოლაბერიძემ.
მისივე თქმით, ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ერთხელ იმყოფებოდა, მაგრამ მოტყუებული და იმედგაცრუებული წამოვიდა.
„ერთხელ ვიყავი შეხვედრაზე და პოზიტიურად დამუხტული წამოვედი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ - ტყუილად. სულ ტყუილები იყო. 20 წლის არ ვარ, რომ სადმე ვიარო და მომატყუონ. ცოტა უხერხულია თანამდებობის პირი რომ ხარ და ტყუილებს იძახი. განვიხილავთო. განიხილეს და გააკეთეს ის, რომ ვისაც ბიზნეს სესხი ჰქონდა, იმის სუბსიდირება მოხდა. ვისაც ბიზნეს სესხი არ გვქონდა, მათთვის არა. ყოველ შემთხვევაში, მე არ მქონია ბიზნეს სესხი და არ შემხებია ეს დახმარება“, - განუცხადა დოლაბერიძემ for.ge-ს.
რესტორნების დაკეტვის გამო, თაკო დოლაბერიძემ თანამშრომლები ვერ შეინარჩუნა, რადგან ხელფასებს ვერ გადაუხდიდა.
„პანდემია რომ იწყებოდა ახალ კაფეს ვაკეთებდი და როგორც ავიყვანე, ისე გავუშვი. თანამშრომლები როგორ უნდა შეინარჩუნო?! მაშინ ხელფასები მე უნდა ვუხადო. ჩემი „ივენთ“ კომპანია უკვე წელიწადია გაჩერებულია. არ ვიცი რა იქნება. რაც მთავარია, არც აინტერესებთ რა იქნება. გასაგებია, რომ ყოველ წუთას თითოეულ ადამიანს ვერ შეხვდებიან. ეჭვი მაქვს, რომ მაშინ, როდესაც შეგვხვდნენ, სჭირდებოდათ. მაშინ თვალის ასახვევად შეგვხვდნენ, რათა მედიით გაშუქებულიყო. ვის შევხვდეთ?! კიდევ ტყუილებით წამოვიდე?! რომ მოვითხოვო შეხვედრა, ვის შევხვდე, მართლა არ ვიცი. კომპეტენტური ადამიანი არ ჰყავთ ვინც შეგვხდება“, - გვითხრა თაკო დოლაბერიძემ.
თაკო დოლაბერიძისგან განსხვავებით, ლაშა ბასლანძემ თანამშრომლების ნაწილი შეინარჩუნა. თუმცა, ის for.ge-თან საუბრისას არ მალავს, რომ ზარალი საკმაოდ დიდია.
„ჩემი ინფორმაციით, პირველი მარტისთვს იხსნება რესტორები. ნუ, ზარალზე ლაპარაკი ზედმეტია. თანხები თუ სახლიდან არ მიგაქვს, ესეც კარგია, რათა ერთი-ორი ადამიანი ვინც გყავს, ისიც რომ შეინარჩუნო. რეალურად, იქითკენ მივდივართ, რომ გავძლოთ, რათა შემდეგ მუშაობა ერთიანად დავიწყოთ. ქართული რესტორნისთვის მიტანის სერვისი შეუძლებელია, რადგან რესტორნები ძირითადად დიდ სუფრებზეა გათვლილი. სამაგიეროდ, ეს პლატფორმა შაურმებმა კარგად გამოიყენეს.
კი, მთავრობამ შეღავათი გაგვიკეთა და სესხებზე დაფინანსება გაგვიკეთეს. ამით ჩათვალეს, რომ გადარჩენილები ვართ, რადგან ბანკს ვერ გადავიხდიდით. ამდენი ხანი ვითმინეთ და ამ ერთ თვესაც მოვითმენთ. მთავარია, ბოლომდე ჯანმრთელად გავიდეთ“, - განაცხადა ლაშა ბასლანძემ.
როგორც ლაშა ბასლანძემ for.ge-ს განუცხადა 90 თანამშრომლიდან ნაწილს შენარჩუნება შეძლო. თუმცა, მისივე თქმით, როგორც კი რესტორანს გახსნის, დათხოვილ თანამშრომლებს დააბრუნებს.
რესტორნების ქსელის მფლობელი გურამ ბაღდოშვილი გამოთქმას იშველიებს: „უპატრონო ფარას ან მგელი შეჭამს ან ცხვარიო“, რადგან ფიქრობს, რომ რესტორნების ბიზნესი მთავრობამ შეჭამა.
„სარესტრნო ბიზნესს ზიანი კი არ მიადგა, არამედ მოკვდა. ზიანზე აღარაა ლაპარაკი. ყველა ბიზნესს თავისი ციფრები აქვს, ამას მე ვერ დავასახელებ. საქმე ისაა, რომ „უპატრონო ფარას ან მგელი შეჭამს ან ცხვარიო“, ამ შემთხვევაში მთავრობამ და ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა შეჭამეს და ქვეყანა გაანადგურეს. არასწორი მენეჯმენტის გამო, არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ. საერთოდ, ძალიან ცუდი მდგომარეობაა. კარდიოგრამაზეა შეერთებული ბიზნესი და არ ვიცი 1 მარტამდე როგორ გაძლებს. თებერვალი მოკლე თვეა და ბიზნესის თვალსაზრისით, ყველაზე ცუდი თვეა. ეს ყველაფერი ბოლო განაჩენი იქნება და არ ვიცი, რა მოხდება. ძალიან უპასუხისმგებლო მთავრობა გვყავს. მგონია, რომ მთავრობა ეპიდემიოლოგებს აბრალებს და ამასობაში ისინი არაფერ შუაში არიან“, - განუცხადა გურამ ბაღდოშვილმა for.ge-ს.
პანდემიის პირობებში დაკეტილი რესტორნების მიუხედავად, გურამ ბაღდოშვილმა თანამშრომლების 99 პროცენტის შენარჩუნება შეძლო. მისი თქმით, ამ მხრივ პრობლემის დინებას კი არ მიჰყვება, არამედ პრობლემას აგვარებს.
„თანამშრომლების ერთი პროცენტის შემცირება მომიწია. მე და ჩემი პარტნიორი ისეთი გუნდი ვართ, რომ პრობლემები გადავწყვიტოთ და არა პრობლემების დინებას მივყვეთ. ასეთი პოლიტიკა გვაქვს. აქედან გამომდინარე, 99% დასაქმებული გვყავს. ვცდილობთ, რომ ჩვენი ბიზნესი არ დავაზიანოთ, რადგან რესტორანი ჩვენი ოჯახია“, - განუცხადა ბაღდოშვილმა for.ge-ს.
მისივე თქმით, მისი რესტორანი გატანის სერვისით კი სარგებლობს, მაგრამ შემოსავალი ისეთი მცირეა, რომ კომუნლურ გადასახადებსაც კი ვერ იხდის.
„გატანის სერვისით ძალიან მცირედ ვსარგებლობთ, თითქმის არა. გატანის სერვისით ისეთი მცირეა შემოსავალი, რომ დენისა და გაზის გადასახადებსაც კი ვერ ვიხდით“, - აღნიშნა რესტორნის მფლობელმა.
რესტორნების დახურვის გამო, გურამ ბაღდოშვილი ხელისუფლების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი და მათთან შეხვედრებზე უარს აცხადებს.
„მათთან შესახვედრად არ დავდივარ, რადგან აზრი არ აქვს, ვერაფერს გპირდებიან და თუ რამეს დაგპირდებიან, იმასაც ვერ ასრულებენ, ამიტომ აზრი არ აქვს ჩემი საუკეთესო დრო ასეთ შეხვედრებზე დავკარგო“, - აღნიშნა ბაღდოშვილმა.