შეზღუდვების მოხსნის გეგმამ ბიზნესის დიდ ნაწილში უკმაყოფილების ტალღა გამოიწია

შეზღუდვების მოხსნის გეგმამ ბიზნესის დიდ ნაწილში უკმაყოფილების ტალღა გამოიწია

შეზღუდვების შემსუბუქების გეგმამ უამრავი ბიზნესი დატოვა უკმაყოფილო. განსაკუთრებით დაჩაგრულად გრძნობენ თავს ბაზრობების, რესტორნებისა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობამ გაკოტრებისთვის გაწირა. გაზაფხულიდან მათთვის მუშაობის ნებართვის მიცემას აზრი არ ექნება, რადგან მარტამდე საერთოდაც ვერ მივლენ.

ბაზრობების წარმომადგენლები თვლიან, რომ შეზღუდევბის მოხსნის პრინციპი დისკრიმინაციულია და სავაჭრო სექტორის ჩამოშლას ემსახურება. „ლილო მოლის“ დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას აზრით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ 1 დღით საქმიანობის დაშვებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო 15-დღიანი შეზღუდვის გაგრძელება ამ სექტორს ღრმა, გამოუვალ კრიზისამდე მიიყვანს.

„მთავრობამ ბუნდოვანი და აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო. არანაირად არ ველოდით, რომ 1-ლი თებერვლიდან მუშაობის შესაძლებლობა არ გვექნებოდა. 6000-მდე მეწარმე არის უმძიმეს მდგომარეობაში, ფინანსურად თითქმის განადგურებული, მოუთმენლად ელოდა თებერვალს და ესეც გადაიდო!

განმეორდა იგივე შემთხვევა, რაც წინა პერიოდში მიიღეს, საახალწლო-სადღესასწაულო დღეებში მუშაობის დაშვებასთან დაკავშირებით. 15 დღე არ წყვეტდა არაფერს, მიმაჩნია, აქამდე თუ მივიდა საქმე, არც სხვა ობიექტები უნდა გაეხსნათ, ყველა სავაჭრო ქსელი ერთად უნდა გახსნილიყო.

მძიმე პერიოდი გადავიტანეთ, სული ძლივს გაჰქონდა ხალხს, ახლა საბოლოოდ მოაწერეს ხელი ჩვენს გაკოტრებას, მძიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ზარალი ამ დროს ძალიან მასშტაბურია და წინ კიდევ დიდი დანაკარგი გველის“, - განუცხადა „რეპორტს“ კვარაცხელიამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თებერვლიდან ეკონომიკის წერტილოვანი გახსნა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს და მათ შორის, რესტორნებს არ შეეხება, შესაბამისად, რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით გააგრძელებენ მუშაობას.

„ჩემთვის ეს, ქვეყანაში მომხდარი დივერსიული აქტია“, - ასე შეაფასა საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილება რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ.

შეზღუდვების გახანგრძლივებას სტუმარ-მასპინძლობის სექტორის წარმომადგენელი ალოგიკურს უწოდებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას ახსნა არ აქვს.

„ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ იმუშავონ, ეკონომიკაში თავისი წვლილი შეიტანონ და ამის უფლებას არ აძლევენ იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაც ხუშტური აქვს, ვიღაცას აქვს წარმოდგენა, რომ მისი რეპუტაცია შეიძლება დაზარალდეს, თუ რაღაც რისკზე წავა.

რესტორნებს ელით სიკვდილი. აქ აღარ არის საუბარი გადაიტანს თუ არა, მდგომარეობას ბიზნესი. მარტივი ასახსნელია. როდესაც გაქვს ფართი, სადაც არის რესტორანი, უპერსპექტივო ბიზნესი, რომელსაც არ აქვს მომავალი, ამ ფართში რამდენ ხანს გააჩერებ ამ რესტორანს, რომელიც ვერ იხდის ფულს?!“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

რესტორატორი კითხვას სვამს და აინტერესებს, სად წავლენ ტურისტები, რომლებიც პირველი თებერვლიდან საქართველოში ჩამოვლენ, რამდენადაც ამ თარიღიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები იხსნება. ამ კითხვაზე პასუხს ეძებს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ავიაკომუნიკატორის პრეზიდენტი თამუნა თანდაშვილიც.

„ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს მართვა სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს. ის რეგულაციები, რომელიც არ არის ნაკარნახევი დარგის სიცოცხლისუნარიანობის დეტალური შესწავლით, იწვევს სფეროს შესუსტებას და ქაოსს.

მაშინ, როცა იხსნება საავიაციო შეზღუდვა და დედაქალაქში დახურული რჩება სარესტორნო სერვისი, ასევე არ მეტყველებს ტურიზმის გახსნის თანმიმდევრულ სტრატეგიულ გეგმაზე.

მაშინ, როცა იხსნება ფრენებზე შეზღუდვა ზამთრის დაბალ სეზონზე, (საავიაციო კალენდარში თებერვალი ყველაზე ნაკლებად დატვირთული თვეა) ზამთრის კურორტები დაკეტილია, ეს ყოველივე კურორტების განვითარების გეგმაში აცდენაზე მიგვითითებს. მაშ ვისთვის იხსნება საჰაერო სივრცე?

კერძო სექტორის მწვავე კრიტიკას იწვევს რეგულაციების შემსუბუქების არალოგიკური ჯაჭვი. მხოლოდ ფაქტების გამოქვეყნება, - აჭარა და კახეთი გვაქვსო და ისევ იმ რისკებთან მივყავართ, რაც აგვისტოში „თავაშვებული, ურეგულაციო გართობის“ პრეცენდენტმა შექმნა. ამიტომ სამართლიანია კერძო სექტორის კრიტიკა.

დღევანდელ დღეს გაცხადებული რეგულაციები არ მიუთითებს კერძო საჯარო სფეროების ეფექტურ თანამშრომლობაზე. რეალობა ასეთია, სფერო ითხოვს სამთო კურორტების გახსნას და სარესტორნო სფეროს ამუშავებას, მაშინ როცა იხსნება საავიაციო შეზღუდვები“, - აღნიშნა თანდაშვილმა.