ტურისტული სექტორი ითხოვს შეხვედრას იმ სამუშაო ჯგუფთან, ვინც შეზღუდვებზე გადაწყვეტილებებს იღებს. პარალელურად რესტორატორები თებერვლიდან მუშაობის უფლებას მოითხოვენ. ეს ორივე სფერო ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და ორივე უმძიმეს მდგომარეობაშია. მთავრობა ჯერჯერობით კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს თუ როდიდან იქნება შესაძლებლობა დიდი ხნის წინ დაკეტილი მიმართულებები ამუშავდეს.
„ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორის ერეკლე კოკაიას ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, თუ როგორ შეიძლება აღდგეს ტურიზმი მიმდინარე წელს და ამ კუთხით რამდენიმე მოთხოვნა თუ შეთავაზებაც აქვთ მთავრობასთან. როგორც კოკაია აღნიშნავს, კერძო სექტორისთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო გადაწყვეტილი პასუხის მიღება კითხვაზე - მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 1-ელ თებერვალს და მიეცემა თუ არა ტურისტულ სექტორს მუშაობის საშუალება.
„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მიდის მოლაპარაკებები ერთმანეთთან, ასევე კომუნიკაცია გვაქვს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ამ ეტაპზე რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს - პირველი ყველაზე მთავარი არის - მოგვცენ პირობა დაზუსტებით, რომ 1-ლი თებერვლიდან გავიხსნებით. დიდი იმედი გვქონდა, რომ იანვრის შუა რიცხვებში უკვე გვეცოდინებოდა საბოლოო პასუხი, რადგან 2 კვირა ჩვენთვის არის მინიმალური ვადა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ მოვემზადოთ გასახსნელად.
ცალკე საკითხია, ზამთრის კურორტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე გავიხსნათ, რადგან რეალურად დარჩენილია მხოლოდ 1 სამუშაო თვე. თუ თებერვალში არ გავიხსნებით, მარტის დასაწყისიდან ეს სასტუმროები, განსაკუთრებით გუდაურში, ისეც იკეტება ხოლმე. ანუ თუ ამ ბოლო თვეში (თებერვალში) არ გვექნება შემოსავალი, ჩათვალეთ შემდეგ წლამდე არ გვექნება შემოსავალი და ის ხალხი, ვინც დასაქმებული იყო გუდაურში კიდევ 1 წელი იქნებიან უმუშევრები.
როგორც ცნობილია, ადამიანს, რომელსაც გადატანილი აქვს კოვიდი, მას აქვს ანტისხეულები და არც თვითონაა საფრთხის შემცველი სხვებისთვის და არც სხვები არიან მისთვის საშიშები. ასეთი ადამიანი მსოფლიოში უკვე 90 მლნ-მდეა. შესაბამისად, თუ მათთვის გავხსნით საზღვრებს, ვერ ვხედავ პრობლემას, თუ რატომ არ ვაკეთებთ ამას დღესვე. ამ შემთხვევაში არა 1-ელ თებერვალს, არამედ დღესვე შეგვიძლია გავხსნათ საზღვრები, თუნდაც, სახმელეთო, რაც მთავარია ჩვენთვის, რადგან ჩვენი ტურისტების 75% იყვნენ სწორედ ხმელეთით შემოსულები. თუ ისეთი ქვეყნიდან მოდის ტურისტი, რომლის გაცემული საბუთიც ჩვენთვის დამაკმაყოფილებელია, პირდაპირ შეგვიძლია შემოვუშვათ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია საზღვარზევე გავუკეთოთ სწრაფი ტესტი“, – განაცხადა „აქტუალურ თემაში“ კოკაიამ.
ტურიზმის ამოქმედება დიდ შვებას მისცემს სარესტორნო ბიზნესს, რომელიც კატასტროფულ მდგომარეობაშია და ახლა მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვის. ცნობილია, რომ თებერვლიდან სავაჭრო მოლების გარდა, სხვა სექტორები მუშაობას ვერ განაახლებენ. შესაძლოა, რესტორნები მარტის ბოლომდეც ვერ გაიხსნას. ეს დარგს მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს.
„პირველი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება, სხვა არაფერი. რესტორნებზე იმასაც კი ამბობენ, რომ შეიძლება მარტის ბოლომდეც კი არ გაიხსნასო. მაინცდამაინც ადამიანები უნდა გამოვიდნენ და თავი დაიწვან ჩვენი სექტორიდან? ყველა ძალიან დაღლილი ვართ. თუ მთავრობას თვითონ არ შეუძლია რეგულაციების გაკონტროლება და დაცვა ჩვენ თავად მივხედავთ ჩვენს თავებს იმ რეგულაციების მიხედვით, რასაც სახელმწიფო შემოგვთავაზებს და ჩვენთან შეათანხმებს. ჩვენ მათთან კომუნიკაცია გვაქვს და მათი პასუხი არის ის, რომ მალე დაგიბრუნდებით პასუხითო. ეს არის ყველაზე მკვლელი ამბავი. დღეს და ხვალ გაუგებრობაში ვართ. 10 დღით ადრე არ ვიცით საერთოდ, გავიხსნებით თუ არა, ეს სფეროს ლიკვიდაციისა და სიკვდილის ტოფასია“, - განაცხადა საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ქოქიაშვილმა.
მისივე მტკიცებით, კერძო სექტორს ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღდგეს ავიამიმოსვლა, გაიხსნას რესტორნები და სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, სამთო კურორტები.