მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრს მთის კურორტების გახსნის მოთხოვნით მიმართეს. მათი პოზიციაა, რომ მთის კურორტების ამუშავება, განსაკუთრებით კი გუდაურის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
კურორტები რომ პირველი თებერვლიდან არ გაიხსნება, ეს პარქტიკულად გადაწყვეტილია. ამაზე მინიშნება მაშინ გაკეთდა, როცა ითქვა, რომ პირველ ეტაპზე მხოლოდ სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები ამოქმედდება. ამ დროს საკურორტო სეზონი იწურება და ყოველი დაგვიანება ბიზნესზე დამაგრეველად მოქმედებს.
„არაფერ სხვაზე საუბარი არ არის, გარდა იმისა, რომ გადავარჩინოთ კურორტები. კონკრეტულად, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, კურორტი გუდაური, რომელიც ერთ სეზონიანია და მხოლოდ 3 თვე მუშაობს. ვერც გასულ ზაფხულს და ვერც მომავალ ზაფხულს ვერ იმუშავებს. ვერც წინა სეზონი შედგა უწყლობა-უთოვლობის და პანდემიის გამო, ამიტომ ახლა გუდაურის ამუშავება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებელმა გიორგი სალუქვაძემ.
კერძო სექტორი დარწმუნებულია, რომ პრემიერი მთის კურორტებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის საქმის კურსში არ არის, ამიტომ კერძო სექტორის წარმომადგენლები გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვენ.
„გვქონდა შეხვედრები სხვადასხვა რგოლებთან, თუმცა გარკვეულ გულგრილობას წავაწყდით. ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვემუშავებინა მიმართვის ტექსტი და მოვსულიყავით კანცელარიაში, რათა მივმართოთ ბატონ პრემიერს და პირადად შევხვდეთ და გავაცნოთ კვლევის შედეგები, რომელიც „პოლსპორტმა“ და „გუდაურამ“ ჩაატარა. კვლევის დონეზე გვიჭირავს დასკვნა, რომ ამ წუთას კურორტის ამუშავება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს და გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ჩვენი გადაადგილება თბილისის პარკებსა თუ მაღაზიებში და ა.შ.“, - აღნიშნა მან.
გიორგი სალუქვაძე ამბობს, რომ მთის კურორტებს მოსალოდნელი გახსნისთვის დრო სჭირდებათ, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა მოხდეს.
„ტრეფიკ თრეველის“ მმართველი ცოტნე ჯაფარიძეც ამბობს, მომდევნო ორი თვე მთის კურორტებისთვის გადამწყვეტია. შარშან უწყლობისა და უთოვლობის გამო ჩავარდნილი სეზონის გამო, ადგილობრივმა ბიზნესებმა ისედაც ვერ შეძლეს შემოსავლების მიღება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მთავრობა მათი გახსნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბიზნესი მომავალ წლამდე შემოსავლის გარეშე რჩება.
„ბიზნესებმა უნდა იცოდნენ წინასწარ, დაახლოებით 10 დღით ადრე როდის გაიხსნება კურორტები. მთის კურორტების განვითარების კომპანიამ 10 დღე დაასახელა ვადად იმისთვის, რომ კურორტი მოემზადოს გასახსნელად, ამიტომ ახლავე უნდა მივიღოთ ამის შესახებ ინფორმაცია. იმისთვის, რომ კურორტმა იმუშაოს, მაქსიმუმ ორი თვე გვაქვს დარჩენილი, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ბუნებრივმა პირობებმა ხელი შეგვიწყო.
ახლა არის გადასადგმელი ნაბიჯები. აქვე დამატებ, როგორ შეიძლება კურორტზე ვირუსის გავრცელების საფრთხე იყოს, როცა სრულად ხარ ეკიპირებული ნიღბით, სათვალით, ქუდით, ხელთათმანით და ქურთუკით, ამას ვერ ვხვდები“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ „ტრაფიკ თრეველის“ მმართველმა.
თუმცა ასე სულაც არ ფიქრობს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი. მაია ცქიტიშვილის აზრით წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული.
„წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს გამოგონება, ეს არის ის მიდგომა, რომელსაც მთელი მსოფლიო მიმართავს, რათა ნაკლები ზიანი მიიღოს ქვეყანამ. ვფიქრობთ, მიზნობრივი და სწორი ღონისძიებები განვახორციელოთ, რომ ერთი მხრივ, შევარჩეროთ ვირუსის გავრცელება და მეორე მხრივ, ნაკლები ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას. წერტილოვანი შეზღუდვების პოლიტიკა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ვირუსი სრულად არ იქნება დაძლეული.
კარგად გვესმის, რომ ბიზნესის ინტერესი არის შეზღუდვების სრული მოხსნა, მაგრამ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ბალანსზე, რომელიც უნდა დავიცვათ შეზღუდვების მოხსნასა და ეპიდვითარებას შორის“, - განაცხადა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ ყველა შეზღუდვა, მათ შორის 1-ლი თებერვლიდან მოიხსნება ეპიდემიოლოგიური ვითარების გათავლისწინებით.