თუ ჩვენი მოთხოვნა, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაკმაყოფილდება, აქცენტი ქუჩის აქციებზე გადავა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს „მოქალაქეების“ და არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან შეხვედრამ, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
„ხელისუფლებას ჩაბღაუჭებულები ცდილობენ მაინც თავიანთი მოთხოვნები გაიტანონ და არა ის მოთხოვნები, რომლებიც საზოგადოებას აქვს.
მთავარი მოთხოვნა საზოგადოებისა და ერთიანი ოპოზიცის არის, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ბუნებრივია ამ შემთხვევაში პარლამენტში აღარ რჩება პოლიტიკური სივრცე პოლიტიკის გაკეთების და ამ შემთხვევაში მთელი აქცენტი გადავა ქუჩის აქციებზე“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ - შეხვედრები გაგრძელდება“.
არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, „ჩვენი და „მოქალაქეების“ პოზიცია საარჩევნო რეფორმაზე იმდენად დაახლოებულია, შესაძლოა, პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ვიხილოთ“.
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს შეხვდნენ.