1937 წლის ივნისში, მოსკოვში, საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისართან, ვოროშილოვთან, გაიმართა სამხედრო საბჭოს სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ წითელი არმიის უმაღლესი წოდების მეთაურები და პოლიტმუშაკები. სხდომის მონაწილეები გააფრთხილეს, რომ დაპატიმრებული იქნენ ზოგიერთი უმაღლესი წოდების სამხედროები, მათ შორის – მარშალი მიხაილ ტუხაჩევსკი. სამხედრო საბჭოს სხდომაზე გამოვიდა სტალინი, რომელმაც აღნიშნა: „მთავარია, რომ შეთქმულების მონაწილენი დროულად იქნენ გამოაშკარავებულნი. მათ ვერ მოასწრეს თავიანთი შხამიანი ფესვების გადგმა“.
ტუხაჩევსკის ბიოგრაფები აღნიშნავდნენ, რომ იგი პოლონური შლიახტის მდიდარი ოჯახის შვილი იყო, რამაც მას ხელი შეუწყო, კადეტთა სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულიყო. თავიდანვე გამოირჩეოდა წარჩინებული სწავლით და მალე სასწავლებლის უფროსი ფელდფებელი გახდა. იგი უმცროს კურსელებს დესპოტურად ექცეოდა და სამხედრო დისციპლინისადმი მიუჩვეველ ახალბედებს ყველაზე მკაცრი სასჯელით სჯიდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მან მხოლოდ ხუთ-ნახევარი მოასწრო ბრძოლა და გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ. ისტორიკოსები მისი ბიოგრაფიის ბევრ ფაქტს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდნენ, განსაკუთრებით კი – ტყვეობიდან ადვილად გამოქცევას. საერთოდ, ტუხაჩევსკის ბიოგრაფები ხაზს უსვამენ მის სამსახურებრივ სიას, რომელიც თვით ტუხაჩევსკის ზეპირი ნაამბობით არის შედგენილი. ასე რომ, თავად ტუხაჩევსკი არის საკუთარი ბიოგრაფიის ყველა ინფორმაციის წყარო.
მეფის არმიის ყოფილი პორუჩიკი 1918 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში. თავისი რევოლუციური მრწამსის შესახებ მან მხოლოდ მაშინ განაცხადა, როდესაც თავი უსაფრთხოდ დაიგულა. მან დაიწყო თავბრუდამხვევი კარიერის გაკეთება: იგი ჯერ არმიებს მეთაურობდა, ხოლო 1925 წელს სათავეში ჩაუდგა წითელი არმიის შტაბს. 1931 წელს ტუხაჩევსკი წითელი არმიის შეიარაღების უფროსია. 1933 წელს მას ლენინის ორდენით აჯილდოებენ, ხოლო იმავე წლის 7 ნოემბერს იგი წითელ მოედანზე იღებს ჯარების საზეიმო აღლუმს. 1934 წელს ტუხაჩევსკი არჩეული იქნა საკავშირო კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად და დანიშნული იქნა თავდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ. 1935 წელს მას ვოროშილოვთან, ბუდიონთან, ბლიუხენთან და ეგოროვთან ერთად მიენიჭა საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება.
სამხედრო საქმის სპეციალისტების აზრი ორადაა გაყოფილი: ერთნი ამტკიცებენ, რომ მომავალი მარშალი ყველა თავის გამარჯვებას რიცხობრივად დიდი ჯარის ხარჯზე აღწევდა; მეორენი ამტკიცებენ, რომ მას სერიოზულ მოწინააღმდეგესთან არასდროს უბრძოლია და მის „სამხედრო ტალანტს“ ქებით არ იხსენებენ. მოჰყავთ ასეთი მაგალითი: 1918 წელს ლენინმა მოსკოვში მისგან მიიღო ასეთი შინაარსის ტელეგრამა: „პირველი არმიის გულმოდგინედ მომზადებულმა ოპერაციამ ბრწყინვალედ ჩაიარა. ჩეხოსლოვაკები დამარცხებული იქნენ და საზრიანი ბრძოლით იქნა აღებული“. ტელეგრამას ხელს აწერდა პირველი არმიის მეთაური ტუხაჩევსკი. სწორედ ასეთი მიზნებისთვის ეძებდა ლენინი „კომუნისტ-პორუჩიკებს“ და ტუხაჩევსკის სახით პოულობდა კიდეც. შემდგომში არმიის მეთაურის „ტალანტი“ რამდენჯერმე იქნა გამოყენებული „კონტრრევოლუციური გამოსვლების“ ჩასახშობად, განსაკუთრებით კი – კრონშტადტსა და ტამბოვის გუბერნიაში.
კრონშტადტის მეზღვაურები სამოქალაქო ომის დროს იცავდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. ეს „ზღვის მგლები“ ძირითადად გლეხები იყვნენ წარმოშობით. ისინი თავიანთი სოფლებიდან იღებდნენ აღმაშფოთებელ წერილებს, სადაც აღნიშნული იყო მათი ოჯახების წევრებისა და ნათესავების მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობა სურსათის უქონლობისა და შიმშილობის გამო.
ამბოხებულმა მეზღვაურებმა, პირველ ყოვლისა, ხელმძღვანელი თანამდებობებიდან გადააყენეს კომისრები, ხოლო შემდეგ თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნეს მოსალაპარაკებლად, მაგრამ, პარლამენტარი-მეზღვაურები ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი – დახვრიტეს. 1921 წლის 1 მარტს დაიწყო მეზღვაურთა ამბოხება.
ხელისუფლება ისე იყო შეშინებული, რომ ამბოხების ჩასახშობად ტუხაჩევსკის მეთაურობით უზარმაზარი არმია გაგზავნა. 1921 წლის 17 მარტს, ლევ ტროცკის განკარგულებით, ტუხაჩევსკის ჯარები იერიშზე გადავიდნენ, მეორე დღეს ქალაქში შეიჭრნენ და დაიწყეს ამბოხებულთა ხოცვა-ჟლეტა. ეს იყო მძვინვარე და მხეცური ანგარიშსწორება, სადაც მთავარ როლს ტუხაჩევსკი ასრულებდა. შემდგომში, როდესაც მას კრონშტადტის სისხლისღვრას ახსენებდნენ, იგი მოკლე ფრაზით პასუხობდა: „მე ბრძანებას ვასრულებდი“.
ტუხაჩევსკი ასრულებდა ლენინისა და ტროცკის ბრძანებებს, როდესაც იგი ტამბოვის გუბერნიაში წავიდა გლეხთა ამბოხების ჩასახშობად. ამბოხების მიზეზი იგივე იყო, რაც კრონშტადტში – ძალზე გახანგრძლივებული შიმშილობა, სურსათის არქონა, სიდუხჭირე და მასობრივი სიკვდილიანობა. ტუხაჩევსკიმ ტამბოვის გუბერნიაში ძალიან „შეტოპა“: აჯანყებულ გლეხებთან ერთად, ხოცავდნენ მათი ოჯახის წევრებსაც. მუდმივად აწარმოებდნენ სოფლებში და მათ გარშემო დამალული მეამბოხეების „წმენდას“. ოფიციალური მონაცემებით, იმ დროს ჩატარებული „საბრძოლო ოპერაციების“ შედეგად, ტამბოვის გუბერნიაში სიცოცხლეს გამოასალმეს 200 ათასზე მეტი ადამიანი. ამრიგად, წითელი არმიის რეგულარული ნაწილები იქცნენ დამსჯელ რაზმებად. თვით ტუხაჩევსკის უწოდებდნენ ამბოხებათა ჩახშობის სპეციალისტს. სხვათა შორის, მან დაწერა ბროშურა, სახელწოდებით – „ბანდიტიზმის განადგურების ინსტრუქცია“, რომელიც გამოქვეყნდა გრიფით – „საიდუმლო“.
ბევრს არ ახსოვს, მაგრამ, ტუხაჩევსკის საქართველოს წინაშეც მიუძღვის „ღვაწლი“. თუ ორჯონიკიძის ხელმძღვანელობით მეთერთმეტე არმია შემოვიდა თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს, ცოტა მოგვიანებით, ტუხაჩევსკის მეცხრე არმია სოხუმში შევიდა და აფხაზეთის ანექსია მოახდინა...
გავიდა ხანი და 1938 წლის 11 მაისს საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე, მარშალი ტუხაჩევსკი ჩამოაქვეითეს და გადაიყვანეს ვოლგისპირეთის სამხედრო ოლქის სარდლად, ხოლო, იმავე წლის 26 მაისს იგი დააპატიმრეს. თხუთმეტი დღის შემდეგ, 11 ივნისს, გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც მასთან ერთად წარდგნენ: იაკინი, კორკი, უბორევიჩი, ეიდემანი, ფელდმანი, პრიმაკოვი და პუტნა. საინტერესო იყო ის, რომ, სასამართლო პროცესზე ბრალმდებლად გამოდიოდა მარშალი ბლიუხერი. ბრალდებულებს ბრალად წაუყენეს ანტისახელმწიფოებრივი მოღვაწეობა და სასამართლოს განაჩენით მათ დახვრეტა მიუსაჯეს. შეთქმულებაში და ჯაშუშობაში აღიარებული დამნაშავეები მეორე დღესვე დახვრიტეს. სულ მალე, 1938 წელს, ყოფილი ბრალმდებელი ბლიუხერი მათსავე გზას გაუყენეს. დასჯის ბორბალი ჯალათებზე დატრიალდა.
1937-1938 წლებში დაპატიმრებათა ახალ ნაკადს დასაბამი მისცა წითელ მეთაურთა შეთქმულებამ, რომელსაც სათავეში ედგა ტუხაჩევსკი. ასე დასაჯა ბედმა იგი იმ სისხლიანი ნიაღვრების სანაცვლოდ, რომლებსაც მანამდე თვითონვე ღვრიდა თავისივე თანამემამულეების წინააღმდეგ ბრძოლის დროს.
ზოგიერთ წიგნსა და პუბლიკაციურ მასალაში მოყვანილია ვერსია, რომ ტუხაჩევსკის მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია სტალინმა ჰიტლერისგან მიიღო, – თითქოს და, ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტ ბენეშის მეშვეობით, თვით გერმანიის ხელისუფლებამ, ინფორმაცია მოიპოვა მეფის რუსეთის გენერალ სკობლინისგან, რომ წითელი არმიის სარდლობა, ტუხაჩევსკის ხელმძღვანელობით, ამზადებს შეთქმულებას სტალინის წინააღმდეგ. სკობლინმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ ტუხაჩევსკის ურთიერთობა ჰქონდა გერმანიის უმაღლესი სარდლობის გენერლებთან და დაზვერვასთან. სტალინი რომ არ დაეჭვებულიყო, მას მასალები გადასცეს და გააცნეს შინსახკომის მეშვეობით. გამორიცხული არ არის ის ფაქტი, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ტუხაჩევსკი ჯერ კიდევ მისი ტყვეობისას გადაიბირეს.
ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ სტალინმა ეჭვი აიღო ტუხაჩევსკის ღალატზე და თვითონვე მიუგდო გერმანელებს ინფორმაცია, რომ მოეხდინა გერმანელი გენერლების დისკრედიტაცია და კომპრომეტირება.
ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ სტალინის ეჭვს გარკვეული საფუძველი ჰქონდა, როგორც ამას აღნიშნავენ წიგნში, სახელწოდებით „სისხლიანი მარშალი“. არსებობს ზოგიერთი ფაქტი, რომელთა განხილვაც სხვადასხვანაირი კუთხით შეიძლება, მაგრამ, საბოლოო დასკვნა ასეთია – „უცეცხლოდ კვამლი არ იქნებაო“.
ძველ საარქივო საქმეში აღმოაჩინეს მეფისდროინდელი ორი ოფიცრის ჩვენება, რის საფუძველზეც იუწყებოდნენ, რომ ანტისაბჭოთა ორგანიზაციის სულისჩამდგმელი იყო ტუხაჩევსკი. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფოს მთავარი პოლიტიკური სამმართველოს იმჟამინდელმა უფროსმა, იაგოდამ, სიცრუედ ჩათვალა. თვით, ჰენრიხ იაგოდა კი ასეთი და სხვა მრავალი ცოდვის ჩადენისთვის დახვრიტეს.
ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება ერთი ცნობილი ფაქტის გახსენება: საქმე ისაა, რომ 1932 წელს საბჭოთა კავშირის სამხედრო-საზღვაო სახალხო კომისრის, გამარნიკის წინადადებით, შორეულ აღმოსავლეთში შეიქმნა სამხედრო მოსამსახურეთა კოლმეურნეობა. ამ კორპუსში ითვლებოდა 60 ათასი კაცი და ისინი ძირითადად დაკავებული იყვნენ სამხედრო-საბრძოლო სამსახურით. მათ გარდა, აგრეთვე, იყო 50 ათასი რეზერვისტი, რომლებიც მინდვრებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდნენ. ეს გაერთიანება პრაქტიკულად არ იყო დამოკიდებული წითელი არმიის მმართველობის სისტემაზე და დამოუკიდებელ რეალურ ძალას წარმოადგენდა. ეგრეთ წოდებული „სამხედრო კოლმეურნეობების“ შემოქმედი და ორგანიზატორი გამარნიკი ტუხაჩევსკის ახლო მეგობარი იყო და, ბუნებრივია, შეთქმულების საქმეში ერთად გადიოდნენ. აქედან გამომდინარე, გამარნიკი დაპატიმრებას არ დაელოდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
ზოგიერთები აღნიშნავდნენ, რომ გამარნიკის მიერ შექმნილი ხაბაროვსკის კორპუსი თითქოსდა ტუხაჩევსკის პირად დაქვემდებარებაში გადავიდა და მას შეეძლო, ის საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა. მაგრამ ტუხაჩევსკის იმდენი კი ესმოდა, რომ სტალინის ძალა და შესაძლებლობა გაეთვალისწინებინა, რადგან სტალინს უკვე „ხალხთა მამას“ და „დიდ მესაჭეს“ უწოდებდნენ და მის წინააღმდეგ დაუფარავად გალაშქრების შემთხვევაში, რიგითი ჯარისკაცები ტუხაჩევსკის ადგილზევე დახვრეტდნენ.
ტუხაჩევსკის, რომელიც თავდაცვის სახალხო კომისრის პირველი მოადგილე იყო, უნდოდა, დაეკმაყოფილებინა თავისი ამპარტავნობა და ამბიციები, შეეცვალა ვოროშილოვი და თვითონ გამხდარიყო სახალხო კომისარი. მიიჩნევდა რა თავს სამხედრო ტექნიკაში, ტაქტიკასა და სტრატეგიაში უფრო განათლებულ და გათვითცნობიერებულ პიროვნებად, ტუხაჩევსკი უპირისპირდებოდა ვოროშილოვს და მის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, ბუდიონს კი, უბრალოდ, აბუჩად იგდებდა. შესაბამისად, ტუხაჩევსკის ორივე სიძულვილით პასუხობდა.
ასეთი იყო რეალური არგუმენტები და ფაქტები სტალინის წინააღმდეგ შეთქმულების მზადების შესახებ. ყველასთვის ცნობილია, რომ დიდი სამამულო ომის დაწყების წინ საბჭოთა კავშირში არსებობდა ეგრეთ წოდებული „მეხუთე კოლონა“, რომელიც არა მარტო ეწეოდა ძირგამომთხრელ და მავნებლურ საქმიანობას, აწყობდა დივერსიებსა და ტერორებს, არამედ, მჭიდროდ თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების დაზვერვასთანაც.
ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრეები უსამართლოდ და უსაფუძვლოდ გაიძახოდნენ, რომ სტალინი ომის დაწყებას მოუმზადებელი შეხვდა, რომ ომის პირველ დღეებში განცდილი წარუმატებლობა ძირითადად გამოწვეული იყო უმაღლესი რანგის ოფიცრების უკმარისობით და ასე შემდეგ. არადა, სწორედ დიდი სამამულო ომის მიმდინარეობისას, პირადად სტალინის უშუალო სურვილითა და ხელმძღვანელობით აღიზარდა და ჩამოყალიბდა უმაღლეს სამხედრო მეთაურთა ძლიერი შემადგენლობა, რომლებიც დაეუფლნენ სამხედრო მეცნიერებასა და ხელოვნებას, ტაქტიკასა და სტრატეგიას, რომ წარმატებით ებრძოლათ მრისხანე და ვერაგი მტრის წინააღმდეგ. სწორედ ასეთებს შორის გამოირჩეოდნენ ჟუკოვი, როკოსოვსკი, ვასილევსკი, კონევი, გოვოროვი და სხვები.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია გებელსის ბოლო დღიურები, შედგენილი 1945 წლის 15 მარტს. აი, რას წერდა გებელსი: „სტალინს ყველა საფუძველი აქვს იზეიმოს, პირდაპირ, როგორც კინოვარსკვლავებით, საბჭოთა მარშლებით, რომლებმაც უდიდესი სამხედრო ნიჭიერება გამოიჩინეს“.
65 წლის წინათ ამერიკელი პოლიტოლოგი ჰოვარდ სმიტი წერდა: „თუ რუსები არ გაანადგურებდნენ ათიათასობით დამნაშავესა და სამხედრო ოფიცრებს, მაშინ წითელი არმია ომის დაწყებიდან ორი თვის განმავლობაში უეჭველად დამარცხდებოდა“.
აი, რას წერდა გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ფილოსოფოსი, ფსიქოლოგი და მწერალი ალექსანდრე ზინოვიევი მაღალი ჩინის სამხედრო ოფიცრების დახვრეტის შესახებ: „სტალინი თუ ამას არ გააკეთებდა, საბჭოთა კავშირს 1941 წლის პირველივე თვეში გაანადგურებდნენ“. შემდეგ: „...მე ვფიქრობ, რომ თუ დარჩებოდა ტუხაჩევსკი, მაშინ 1941 წლის ბოლოსთვის საბჭოთა კავშირი აღარ იარსებებდა“. შემდეგ: „ტუხაჩევსკი ნაპოლეონჩიკი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, თუ როგორ ჩამოეგდოთ სტალინი და მის მაგივრად სხვა ვინმე დაენიშნათ“ (გაზეთი „სოვეტსკაია როსია“, 1997 წლის 22 ნოემბერი).
საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ტუხაჩევსკის ხელმძღვანელობით დაგეგმილი იყო შეთქმულება, რომელიც, უპირველესად, მიმართული იყო პირადად სტალინის პიროვნების მიმართ, ხოლო შემდეგ – ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ სტალინის ინტუიციამ, გამჭრიახობამ, უნარმა და გამბედაობამ ბოლო მოუღო ეგრეთ წოდებულ „განწირულთა შეთქმულებას“. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ დავუშვებდით სამხედრო გადატრიალებას, მაშინ დანამდვილებით შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მოხდებოდა ფართო მასშტაბის სისხლიანი ტრაგედია.
მთავარი და საბოლოო დასკვნა იმაში მდგომარეობს, რომ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები გაწმენდილი იქნა შეთქმულთა და გამცემთაგან, რომელთა განზრახვა იყო ქვეყანაში ბონაპარტისტული წესრიგის დამყარება და რასაც შურისძიებაც მოჰყვებოდა.