„ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე 68-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა და 2017 წლის აპრილის შემდეგ „ენფილდ როუდზე“ პირველად დამარცხდა.
იურგენ კლოპის მომზადებული გუნდის მეტოქე პრემიერ ლიგის მე-19 ტურში „ბარნლი“ იყო, რომელმაც მასპინძლებს 1:0 მოუგო. ერთადერთი ბურთი 83-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ეშლი ბარნსმა გაიტანა.
საკუთარ მოედანზე წაუგებელი თამაშების რაოდენობით რეკორდი „ჩელსის“ ეკუთვნის, რომელიც 2007-2008 წლებში ზედიზედ 86 შეხვედრაში არ დამარცხდა. „ლივერპულს“ ინგლისის ჩემპიონატში 5 ტურია არ მოუგია და ზედიზედ 4 თამაშია ბურთს ვერ იტანს, ასეთი ცუდი შედეგი კი მერსისაიდელებს ბოლოს 2000 წელს ჰქონდათ.
ცხრამეტი ტურის შემდეგ „ლივერპული“ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 6 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრას კლოპის მომზადებული ფეხბურთელები 28 იანვარს, სტუმრად „ტოტენჰემთან“ გამართავენ.