საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში მგზავრების საქალაქთაშორისო რეგულარული გადაყვანა აკრძალულია, მათ შორის, რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე, მათ შორის ტაქსებზე აკრძალვა არ მოქმედებს. სწორედ ამის გამოა, რომ რეგიონებში მგზავრობა რეალურად არ შეწყვეტილა, თუმცა გაძვირდა ღირებულება, აღარ იკრიფება გადასახადი და ვერც წესების დაცვა ხერხდება ინფიცირების რისკის თავიდან ასარიდებლად.
შეზღუდვების მიუხედავად, დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრების გადაყვანა ყოველდღე ხდება, თუმცა მოქალაქეები არა კომპანიებს, არამედ კერძო პირებს, ე.წ. „ხიშნიკ მძღოლებს“ გადაჰყავთ, ამისთვის კი „მინივენებს“ და მსუბუქ ავტომობილებს იყენებენ.
დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ ისინი არათანაბარ პირობებში არიან, ხოლო ბიუჯეტი კი თანხას კარგავს. გამოდის, რომ წესებს რეგისტრირებული კომპანიები იცავენ, რომლებიც გადასახადებსაც იხდიან, ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია კი ქაოსურია.
„მგზავრთა გადაყვანა, ფაქტობრივად, არ შეჩერებულა, იგივე მოცულობით არა, მაგრამ განახევრებული მასშტაბებით ისევ ხორციელდება. დიდუბის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრები გადაჰყავთ „მინივენებით“, „დელიკებით“, მსუბუქი მანქანებით და ა.შ. თან გაორმაგებული და გასამმაგებული ფასებით...
საქმიანობა მთლიანად ამოვარდნილია კონტროლიდან და მისგან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. ამასთან, ზარალდებიან ავტოსადგურები. თუ შეიძლება მგზავრთა გადაყვანა, ჩვენ მოგვცენ ამის უფლება, დავაწესებთ კონტროლს და უსაფრთხოდ გადავიყვანთ მგზავრებს“, - განცუხადა „ბიემს“ მიქატაძემ.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე მზადყოფნა არსებობს, მაგრამ ვერაფრით გაურკვევია რატომ არ არის შესაბამისი გადაწვეტილება მიღებული.
„ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორისაც კი, სადაც ძალიან მწვავე პრობლემა იყო, არ აკრძალულა ტრანსპორტი. არაადამიანობაა, მობილობა შეამცირო იმ ხალხის ხარჯზე, ვისაც საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ჰყავს ავტომობილი და მათი გადაადგილების ერთ-ერთი საშუალება სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტია.
ჩვენ კი, ვინც ამ სფერში ვართ, რეკომენდაციები მიწოდებული გვაქვს. ყველა ამბობს, რომ მათი შესრულება ნამდვილად შესაძლებელია. მაშინ რაღა დარჩა, რატომ არ მუშაობს ტრანსპორტი? ეს ეხება ბათუმსაც, ქუთაისსაც, მუნიციპალიტეტებს“, - განაცხადა მესხიშვილიმა.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძეც მიიჩნევს, ტრანსპორტის აკრძალვა უაზრობაა, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს გადაადგილება მაინც შეუძლია, რაც არ ამცირებს კონტაქტსა და მობილობას, ხელმოკლე ფენა კი იჩაგრება.
„ვფიქრობ, შესაძლებელი იყო შეზღუდვების ისე დაწესება, რომ ტრანსპორტს ემუშავა. ახლა იგი თითქოს აკრძალულია, მაგრამ ხალხი ავტმობილებით მაინც გადაადგილდება და ეს ისევ აქტიურ ფაზაშია. მეტიც, ერთ მანქანაში იმდენად მჭიდროდ სხედან მგზავრები, რომ უფრო მეტად საფრთხის შემცველია.
შესაძლოა, დაწესებულიყო რეგულაციები და განსაზღვრულიყო ადამიანების რაოდენობა, რამდენს შეეძლო მგზავრობა ერთ კონკრეტულ ავტობუსში ან მიკროავტობუსში, მკაცრად გაკონტროლებულიყო დისტანცია, პირბადის აუცილებლობა და ა.შ.
მოსახლეობის საკმაო ნაწილს გადაადგილების გადაუდებელი საჭიროება აქვს. ჩვენ ვართ დედაქალაქი, რომელსაც 70%-ით მაინც რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ავსებს. მათ რეგიონებში, მინიმუმ, ვიღაც მაინც ჰყავთ: დედა, მამა, ბებია, ბაბუა. ამასთანავე, ვართ ძლიან ტრადიციულები, შესაბამისად, წასვლა-მოსვლა ყოველთვის ხდება, რასაც ვერ გავექცევით“, - აღნიშნა მელაძემ.