გია ჭანტურია, ლევან მამალაძე - ახალი პოლიტიკური ალიანსი

გია ჭანტურია, ლევან მამალაძე - ახალი პოლიტიკური ალიანსი

შევარდნაძის კარზე ახალი ფავორიტი გამოჩნდა. სახელისუფლებო პოლიტიკის ახალ „კუტიურიედ“ შეიძლება გია ჭანტურია მოგვევლინოს. ავთანდილ ჯორბენაძეს ჩაჩოჩება მოუწევს. პრეზიდენტი პოლიტიკაში მოდას საკუთარი გემოვნებით ცვლის. ახლა ჭანტურიას რიგია. მაგრამ მთავარი მისი დათანხმებაა.

გია ჭანტურია პოლიტიკაში მის შესაძლო გადმობარგებას უარყოფს. ის უკვე დიდი ხანია ამტკიცებს, თუ რა შორს დგას პოლიტიკისგან და როგორ ერთგულად ემსახურება ბაქო-ჯეიჰანის პროექტს. თუმცა, ამავე დროს, დიდი მონდომებით ცდილობს, ხალხს დაუმტკიცოს, რომ შავი ოქრო და მასთან დაკავშირებული სიკეთეები მისი პირადი მონდომება და დამსახურებაა. ასეთი მანევრირება პოლიტიკურ ბაზარზე დიდი ხანია დანარჩენი „მოვაჭრეების“ ინტერესებს იწვევს.

მაგრამ გია ჭანტურიას სუფთა დაფაზე სურს საკუთარი პოლიტიკური იმიჯის დაფიქსირება. ანუ, არ სურს ვინმეს წარმატებები ან წარუმატებლობები გაიზიაროს. მით უმეტეს, შევარდნაძის პარტიის.

მას შეიძლება პრეზიდენტის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ ამ, წესით, მის აღფრთოვანებას სულაც არ უნდა იწვევდეს. ამიტომაც გაჩნდა ახალი პოლიტიკური დაჯგუფების აუცილებლობა. საერთოდ, აპოლიტიკურ ფიგურებს საკუთარი პოლიტგეგმების აფიშირება-პრეზენტაცია არ ეხერხებათ ხოლმე. ამიტომაც ჟურნალისტების შეკითხვებზე ბავშვივით იშმუშნებიან და სიმართლეს ხშირად ტყუილსაც კი არჩევენ. შესაბამისად, ორგანიზაცია „აბრეშუმის გზის“ შექმნის იდეა თან დასტურდება, თან-არა.

აკაკი ჩხაიძემ ერთხელ კი დაადასტურა, თუმცა იქვე დააზუსტა, პროფკავშირული ტიპის გაერთიანება იქნება და არა პოლიტიკურიო.

ამის მიუხედავად, აბრეშუმის გზას კანცელარიაში ხშირად ახსენებენ და იმასაც ამბობენ, სია წარმომადგენლობითიაო. აბრეშუმის გზას გაუდგებიან ვანო ზოდელავა, ლევან მამალაძე და რაც მთავარია, გია ჭანტურია. ჩვენივე ინფორმაციით, სწორედ გია ჭანტურია ჩაუდგება ამ გზას სათავეში.

რამდენიმე ხნის წინათ ჭანტურიამ და მამალაძემ ამ უკანასკნელის ტერიტორიაზე კარგად მოილხინეს. არ არის გამორიცხული, სამომავლო გეგმებზეც ესაუბრათ. თითოეულ დასახელებულ ფიგურას სოლიდური ფინანსები და სერიოზული გავლენები აქვს. ახლა მათ ამის შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდებათ.

ჭანტურია ყველაფერს უარყოფს. ამის შესახებ მან ტელევიზიითაც კი განაცხადა. თუმცა, სარწმუნო წყაროების მტკიცებით, უკვე არსებობს საარჩევნო სიის მონახაზი. აბრეშუმის გზას საარჩევნო „ტრასას“ გაუყენებენ. პირველი ნომერი სწორედ გია ჭანტურია გახდება.

მაგრამ ჭანტურია ბევრს რისკავს. პოლიტიკაში გადმობარგებამ ის შეიძლება შავ ოქროს დააშოროს. ამიტომაც ის ახლა ბევრს ფიქრობს. ახალი ატამანის „კამანდას“ ზოდელავა და მამალაძე დააკომპლექტებენ. შესაბამისად, ორივე მათგანმა საკუთარი წარმომადგენლები ან სმკ-დან უნდა გადმოიყვანონ და პოზიციები ახალ გაერთიანებაში დაუმკვიდრონ, რაც ჯორბენაძის მიტოვებას ნიშნავს, ანდა ისე გაანაწილონ, რომ სმკ-შიც დარჩეთ „საკონტროლო პაკეტი“.

ჯორბენაძე შეიძლება კარგი ადამიანია, მაგრამ პოლიტიკაში მან საკუთარ თავს ნამდვილი რევოლუცია მოუწყო. ყველა აიმხედრა: ზოდელავაც და მამალაძეც. შესაბამისად, მათი ჭანტურიასთან დაწყვილება მერვე საოცრება სულაც არ უნდა იყოს.

ასე, რომ მალე პოლიტიკაში ახალი ფიგურა გამოჩნდება. შავი ოქრო მსოფლიო მიზიდულობის ძალად იქცა. ქართველი ფინანსური „მაგნატები“ ვარაუდობენ, რომ შავი ოქრო ქართველ ელექტორატსაც გააბრუებს.

ისე, თავის დროზე, როცა საქართველოს პრეზიდენტს აზერბაიჯანის რეკომენდაციით ნავთობის პრეზიდენტად გია ჭანტურია შესთავაზეს, შევარდნაძემ მას ჰკითხა: ნავთობის ფორმულა იციო? არაო, - უპასუხა ჭანტურიამ. არც მეო, - დაამშვიდა შევარდნაძემ.

საინტერესოა, ახლა, როცა შევარდნაძე ახალ ფავორიტს პოლიტიკაში აკურთხებს, თუ ჰკითხავს: პოლიტიკის ფორმულა იციო? თუ ჭანტურიას გულწრფელობა ისევ ეყოფა, უნდა უპასუხოს: არაო. ამ ლოგიკით შევარდნაძემ ისევ ძველებურად უნდა დაამშვიდოს: არც მეო... მაგრამ საქართველოში ვერავის ვერაფრით გააოცებ.