„ოპოზიციის ქცევა იაჰუუს ტომის ქცევას ჰგავს, მათ ცივილიზებულობის პრობლემა აქვთ“

„ოპოზიციის ქცევა იაჰუუს ტომის ქცევას ჰგავს, მათ ცივილიზებულობის პრობლემა აქვთ“

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენ შეიძლება სულ მალე ოპოზიციის გარეშე დავრჩეთ, რადგან მათი ნდობის ხარისხი დაბალია. ზოგიერთები ოპოზიციის როლს უფრო დაკნინებულად ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ოპოზიცია კლოუნია, თორემ „ქართულ ოცნებას“ ბევრ რამეს შეაცვლევინებდა.

არც ის არის გამორიცხული, „ქართულმა ოცნებამ“ თავის ნებაზე მიუშვას ოპოზიცია, რათა ქუჩის აქციებში წარუმატებლობამ სამუდამოდ გატეხოს მათი თვითდაჯერებულობა და ხალხშიც დააკარგვინოს ავტორიტეტი, რადგან დამარცხებული არავის უყვარს.

რამდენად მოსალოდნელია ოპოზიციის განულება?

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის განულების საშიშროება არსებობს, ეს საშიშროება არათუ უახლოესი მომავლის პერსპექტივაა, არამედ ჩვენ უკვე დავრჩით ოპოზიციის გარეშე, რადგან რეალური პოლიტიკის კეთება ხდება მხოლოდ საქართველოს პარლამენტში. როგორც ყველა გზა მიდის რომში, ცივილიზებულ სახელმწიფოში ასევე ყველა პოლიტიკური პროცესი მთავარ პოლიტიკურ ორგანოში -პარლამენტში უნდა გადაწყდეს.

ამის საპირისპიროდ, დღეს საქართველოში გამაოგნებელი სიტუაციაა, ოპოზიციის ნაწილი იძახის, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, იმ ადგილას, სადაც მოლაპარაკებები უნდა წარმოებდეს, ისინი არ შედიან.

„რომელ ლოგიკაზეა საუბარი?! თუ ელჩ დეგნანთან მიდიხარ მოსალაპარაკებლად, შე დალოცვილო, პარლამენტი განა სხვა რამეა, პარლამენტი არის ადგილი, სადაც პარტიები ერთმანეთს ელაპარაკებიან, სადაც მოლაპარაკებები უნდა მიმდინარეობდეს. თუ შენ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით იძახი, რომ ეს არის გზა, მაშინ, რასაკვირველია, უდავოდ უნდა შეხვიდე პარლამენტში და იქიდან ილაპარაკო. დეგნანთან კი არ უნდა წახვიდე, პარლამენტში უნდა შეხვიდე. ფასილიტაცია რატომ იკისრეს ჩვენმა მოკავშირე ელჩებმა? სწორედ მაგიტომ, რომ იქნებ დაანახონ, მოაბრუნონ მოლაპარაკების მაგიდისკენ ეს ხალხი, რომლებმაც ააყირავეს ყველაფერი მთლიანად, იქნებ, ისევ დასვან მოლაპარაკების მაგიდასთან, ცივილიზებისკენ მოატრიალონ და მიუთითონ, რომ სწორედ მოლაპარაკების ადგილია პარლამენტი. პარლამენტი მოლაპარაკების მაგიდაა. თუ ოპოზიციონრები ამას ვერ დაინახავენ, გამოჩნდებიან, როგორც ველურები. კახა კაციტაძე ასეთ ადამიანებს ეძახდა იაჰუუს ტომის ველურებს „გულივერიდან“. ასეთი ტომი იყო, რომელიც აბსოლუტურად ველურად და საშინლად იქცეოდა, ამ ოპოზიციის ქცევაც იაჰუუს ტომის ქცევას ჰგავს, მათ ცივილიზებულობის პრობლემა აქვთ. ამდენად, ოპოზიცია არ გვყავს, რადგან მათ ცივილიზებულობა აკლიათ. ელემენტარულ რაღაცებს ვერ ხვდებიან და არ აკეთებენ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის გარეშე არ დავრჩებით და ვერც დავრჩებით, მაშინ შეიძლება ახალი ოპოზიცია შეიქმნას. როდესაც ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა, როდესაც ვხედავთ ყოველ ნაბიჯზე არაპროფესიონალიზმს, ეს მინისტრები იქნებიან, პარლამენტის წევრები, თუ ადგილობრივ დონეზე რეგიონების ხელმძღვანელები, ცხადია, ასეთ დროს ოპოზიციას თავისი წონა ენიჭება.

სოსო ცინცაძის განმარტებით, საჯარო მოხელეების დანაშაულებრივი საქმიანობის შესარბილებლად კარგი სიტყვა მოიგონეს - „არამიზნობრივი ხარჯვა“. სინამდვილეში, რა არის არამიზნობრივი ხარჯვა? ან ქურდობა, ან სისულელეში ფულის დახარჯვა, ე.ი. რომელიღაც მოხელე ან ჯიბეში იდებს ფულს, ან სულელია და სისულელეებში ხარჯავს ხალხის ფულს. ასეთ ვითარებაში ოპოზიციის არსებობა აუცილებელია.

„გარდა ამისა, თვითონ ოპოზიციაც უკვე სხვა სახეს ღებულობს. ძალზე დროული იყო გრიგოლ ვაშაძის წასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ვინაიდან გრიგოლ ვაშაძე სხვა სტილის პოლიტიკოსია, ის უფრო ვესტერნიზირებულია, პარლამენტში ის ბრწყინვალე იქნებოდა, მაგრამ, რადგან წინ ქუჩის ბრძოლაა, გრიგოლ ვაშაძე ქუჩის მებრძოლი არ არის და ვერც იქნება ვერასოდეს. ამიტომ არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ოპოზიცია კლოუნია. ქუჩის აქციები გაზაფხულიდან მოსალოდნელია. წყალი რომ დავაგუბოთ და მივუშვათ, ის წყალი აუცილებლად მონახავს სადმე გასასვლელს, ან ჯებირს გაანგრევს. რევოლუცია კი გამორიცხულია. ვარდების რევოლუცია, ფერადი რევოლუცია, ხავერდოვანი რევოლუცია, უკვე სიტყვა რევოლუცია პანდემიასავითაა, შტამები რომ არის გამრავლებული, რევოლუციასაც რამდენი შტამი აქვს, აღარ ვიცით უკვე. საფრანგეთის დიდი რევოლუცია და ჩეხეთის რევოლუცია სხვადასხვაა. ამიტომ რევოლუციური ნგრევა არ შეიძლება. გვეყო ნგრევა, ამას სიკეთე არ მოუტანია. ოპოზიციას დაასუსტებს და მარგინალიზაციისკენ უბიძგებს მხოლოდ ერთი რამ - კვალიფიციური მთავრობა. გვესმის, ოპოზიციას ნდობა არ აქვსო, მაგრამ ვინ გაზომა ეს ნდობა? ნაკლები ნდობა ვის უფრო აქვს - მთავრობას, თუ ოპოზიციას? მე მგონი, არც ერთს არ აქვს ნდობა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

მისივე მოსაზრებით, დღევანდელ დღეს ოპოზიცია უკეთეს სასტარტო პირობებშია, რადგან მას შეუძლია თქვას, მთავრობა არ ვარგა და ამიტომაა შიმშილი, მე მოვალ და შიმშილი არ იქნებაო. ამიტომ ოპოზიცია დემოკრატიისთვის აუცილებელი ინსტიტუტია.

„თავის დროზე ნახევარი ევროპა მოვლილი მაქვს, ბევრ ოპოზიციონერსაც ვიცნობდი, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში არსად შევხვედრივარ, ოპოზიციას ხელოვნურად აკნინებდეს მმართველი პარტია, რადგან მმართველმა პარტიამ იცის, რომ ხვალ შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს ოპოზიციაში. კობახიძე რაც უფრო უშვერი სიტყვებით ლანძღავს ოპოზიციას, მით უფრო მეტად შეუძლებელს ხდის პატიოსან არჩევნებს. ის შეუძლებელს ხდის საკუთარ დამარცხებას, რადგან იცის, რა ელის დამარცხების შემდეგ. მაინც აღმოსავლეთია საქართველო, რაც არ უნდა ვიძახოთ ევროპა, დასავლეთი, რასაკვირველია, კობახიძემ იცის, ყველაფერს გაუხსენებენ, ამიტომ ჯადოქრული წრე შეიკრა და მმართველი პარტია იძულებულია, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ არ აღმოჩნდეს ოპოზიციაში. არჩევნების წინა პერიოდშიც ვამბობდი, რომ ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებდა, მმართველი პარტია ყველაფერზე წავიდოდა, რადგან მას არ შეეძლო დამარცხება“.

Aburjga Tasmanieli ჩეხებს და სლოვაკებს რა ჰქონდათ გასაყოფი, ერთ სახელმწიფოში რამ არ აცხოვრა ეს ერთი და იგივე ხალხი?! პასუხი - დემოკრატიამ როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულმა ზამბარამ, დიდიდენტ ვაცლავ ჰაველის მეთაურობით წამოწყებულმა და განხორციელებულმა დემოკრატიულმა პროცესებმა! ძირს ნებისმიერი სახელმწიფოსათვის ყველა უბედურების სათავე დემოკრატია!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ფუფალა ჩარკვიანის გვერდზე ვინ დგას?!
3 წლის უკან