„სააკაშვილი გახარებულია, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით, მაგრამ რა უხარია მაგ საცოდავს, ეგ არ ვიცი“

„სააკაშვილი გახარებულია, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლით, მაგრამ რა უხარია მაგ საცოდავს, ეგ არ ვიცი“

ოპოზიციურ სპექტრში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ უკვე გამოითქვა სურვილი და მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა პოლიტიკას მიხელ სააკაშვილიც ჩამოშორებოდა. პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ბელადომანური პოლიტიკოსობა უნდა დასრულდეს და გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმონ. ეს გადაწყვეტილება, როგორც ჩანს, ივანიშვილმა უკვე მიიღო, ხოლო მიხეილ სააკაშვილი მსგავს აზრს თავშიც არ ივლებს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის ერთმანეთთან შედარება დაუშვებელია, რადგან რადიკალურად განსხვავებული ლიდერები არიან. მათი აზრით, ივანიშვილი უფრო საქმის ლიდერია, სააკაშვილი კი ქარიზმატული, ცუდი პოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკის გამო ყველანაირ ხერხს გამოიყენებს. მას ჰყავს სექტა, რომელთათვისაც მისი პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლა სულ ერთია. ამიტომაც ანალიტიკოსები ოპოზიციას ურჩევენ, რომ სააკაშვილის ნებით წასვლას კი არ დაელოდონ, არამედ ისეთი პოლიტიკური გარემო შექმნან, რომ ის გვერდით ჩააჩოჩონ და ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა აღარ იყოს. მათი აზრით, სანამ ოპოზიცია ნაციონალების და სააკაშვილის ჩრდილიდან არ გამოვა, მანამდე ვერ გაძლიერდებიან.

„მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას თუ გააკეთებს და ქართული პოლიტიკიდან წავა, ძალიან კარგი იქნება, რათა ამ კინკლაობის ნაცვლად, საქმიან, რაციონალურ პოლიტიკურ პოლემიკაზე გადავიდეთ, რომელიც ქვეყანაში მოიტანს მეტ სტაბილურობას“, – განაცხადა მედიასთან  „სრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ მისი „ნაციონალურ მოძრაობაში“ ყოფნისას, კარგი იქნებოდა, სააკაშვილს ასპარეზი ახალი თაობის პოლიტიკოსებისთვის დაეთმო. ასეთ შემთხვევაში, ვაშაძის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მოვლენები აბსოლუტურად სხვაგვარად წარიმართებოდა.

„ვფიქრობ, ეს კარგი იქნებოდა თვითონ მიხეილ სააკაშვილისთვის – დაფოკუსირდებოდა სხვა ქვეყნებში არსებულ ვითარებაზე. მას ვერავინ ვერ აუკრძალავს, რომ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე საკუთარი პოზიცია გამოთქვას, მაგრამ კარგი იქნებოდა, რადგან ამ მოჯადოებულ სივრცეს გახსნიდა და რეალური პოლიტიკური კონკურენცია დაიწყებოდა ქვეყანაში, ადამიანებს რეალური არჩევანი ექნებოდათ. ამ ჭიდილმა – მიშა თუ ბიძინა, ბიძინა უფრო ცუდია თუ მიშა, რომელი უფრო კარგი იყო – ცხრა თუ რვა წელი, ჩვენი დისკურსი ისეთ პროცესში გადაიყვანა, რომელიც ქვეყნისთვის არაფრის მომტანი არ არის.

ამიტომ კარგი იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილიც იგივე განცხადებას გააკეთებს, კარგი იქნება ბიძინა ივანიშვილი მარტო განცხადებას კი არ გააკეთებს, არამედ რეალურად შეასრულებს ამას. ამის შემდეგ ჩავატაროთ ხელახლა საპარლამენტო არჩევნები და ხალხმა აირჩიოს, ვის ანდობს ქვეყნის მართვას. ეს არსებულ ვითარებაში ყველაზე რაციონალური და სწორი გამოსავალია, როცა არც მიშა იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და არც ბიძინა იქნება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. დავისვენებთ ჩვენ და ახალი თაობის პოლიტიკოსებს უფრო ფართო არეალი გაეხსნებათ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„რამდენჯერაც უნდა ვთქვათ, რომ კარგი იქნება თუ ივანიშვილი და სააკაშვილი გაიწევიან პოლიტიკიდან და ეს გააჯანსაღებს სიტუაციას, ასე არ ხდება, ზღაპარში ხომ არ ვცხოვრობთ?! პოლიტიკა არის ასეთი სფერო, სადაც ძალით უნდა გაწიო ვიღაცები, არავინ საკუთარი ნებით პოლიტიკურ ძალაუფლებას არ თმობს, თუ არ დაიღალა და მართლა არ წავიდა, ჯერჯერობით დაღლის არაფერი არ ეტყობა არც ერთს და არც მეორეს“, - ეს კომენტარი პოლიტიკური პარტია „მეტი თავისუფლება-გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, პრობლემას ის წარმოადგენს, რომ საზოგადოების მხრიდან ერთგვარი დაკვეთაა ბელადის ტიპის პოლიტიკოსებზე და ამ გარემოებით განპირობებული პოლარიზაციის დასრულება მხოლოდ სხვა პოლიტიკური პარტიების გაძლიერებით არის შესაძლებელი. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელოვნურად სააკაშვილისა და ივანიშვილის გვერდზე გაწევით პოლარიზების დასრულებას ვერავინ შეძლებს.

„მე, ზოგადად, მგონია, რომ ეგ თვითონ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის გადასაწყვეტია და ვერც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი გარედან ვერ განსაზღვრავს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“ ან მიხეილ სააკაშვილი. ზოგადად, მე მგონია, რომ ოპოზიციის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია, თუ პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში არიან და რაღაც თვალსაზრისით, დაადასტურეს უკანსკნელი წლების განმავლობაში, რომ მათი პოლიტიკაში წინა ხაზზე ყოფნა აღარაა ოპოზიციისთვის დამატებითი რესურსის მომტანი, წინა ხაზზე აღარ იქნებიან და გადაიწევენ უკან, გნებავთ ეს მიხეილ სააკაშვილი იყოს, გნებავთ ნებისმიერი სხვა. მაგრამ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, საბოლოო ჯამში, როგორ შეიძლება რომელიმე პოლიტიკოსს ვინმემ მიაღებინოს ასეთი გადაწყვეტილება გარედან, მე არ ვიცი“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ცხოველია, რომელსაც იმ დონის ქარიზმა აქვს, რომ ის ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით პოლიტიკიდან ნებით არ წავა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მისთვის სააკაშვილი სრულიად მიუღებელი და ამაზრზენი ფიგურაა, მაგრამ მაინც ცუდი პოლიტიკოსია. ივანიშვილი კი პოლიტიკოსი არ იყო. ის იყო ბიზნესმენი, რომლისთვისაც პოლიტიკიდან წასვლა მარტივია და სასურველიც კი. ამიტომ სააკაშვილი თუ თავად სხვა ახალმა ოპოზიციურმა ძალამ არ ჩაანაცვლა, ის პოლიტიკიდან ნებით მაინც არასდროს წავა.

„სააკაშვილი ფიქრობს, რომ ახლა რაც პოლიტიკიდან ივანიშვილი წავიდა, ის ძლიერდება, მაგრამ მე ასე არ მგონია. გიორგი ვაშაძის განცხადება უცნაურია, რადგან ის სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. ივანიშვილი პოლიტიკოსი არაა, ის ბიზნესმენია, რომლისთვისაც პოლიტიკაში ყოფნა პირიქით ტვირთი იყო და ეს მას აწუხებდა. სააკაშვილისთვის კი პოლიტიკაა მნიშვნელოვანი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი. ამიტომაც ის ივანიშვილის მსგავსად პოლიტიკურ ველს არ დატოვებს.

პირიქით, სააკაშვილი გახარებული და ბედნიერია, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. რა უხარია მაგ საცოდავს ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ახარებს. ვაშაძის განცახდება უფრო სურვილია, ვიდრე რეალობის აღქმა. ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ის გვერდით ჩააჩოჩოს და არ ელოდოს თავისით როდის წავა. სააკაშვილი არის ბინძური და საზიზღარი პოლიტიკოსი, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, ის პოლიტიკოსია. პოლიტიკა არაა ისეთი, როგორიც შენ გინდა. ჯობია იმაზე იფიქრონ, პოლიტიკიდან არწასულ სააკაშვილთან როგორ იბრძოლონ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა იმაზე უნდა იზრუნონ, რომ საზოგადოება დაარწმუნონ - სააკაშვილზე უკეთესები არიან. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ როცა პოლიტიკოსი 4%-ს იღებს და სააკაშვილი ისევ 27%-ს, ჯობია საკუთარ გულში ჩაიხედოს და იკითხოს ამაში დამნაშავე თავად ხომ არ არის. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ ის სააკაშვილს ხმას არასდროს მისცემს, მაგრამ არარეალური მესიჯებით საზოგადოება ხმას სხვას არ მისცემს, მით უმეტეს სააკაშვილის ამომრჩეველი, რომელიც სექტის მრევლივით არის და თავის ბელად-წინამძღვარს მაინც არაფრის გამო უღალატებს.

„ მე ეჭვი მეპარება, რომ ივანიშვილის წასვლამ „ოცნება“ დაასუსტოს და შემდეგ დაიშალოს, რადგანაც ადგილობრივ არჩევნებამდე შიდა რაიმე დაპირისპირებას მაინც გამოვრიცხავ. ყველაფერი მაინც ამ არჩევნებზე იქნება დამოკიდებული. თუ მმართველმა გუნდმა კიდევ გაიმარჯვა, მაშინ უფრო გამყარდება და გაძლიერდება, ხოლო თუ წააგებს, არ არის გამორიცხული, რომ რყევები დაიწყოს. ახლა მთავარია, რომ პარტიის შიგნით რყევები არ დაიწაყოს და ამომრჩეველმა „ოცნებაზე“ გული არ აიყაროს,

არ თქვას, რომ რეალურად ყველაფერი ივანიშვილი ყოფილა და ესენი არაფრის მაქნისები არიანო. თუ ნაციოანლებმა ამით სარგებლობა მოახერხეს და შიდა პარტიული დაპირისპირება პოლიტიკურად გამოიყენეს, რა თქმა უნდა, გაძლიერდებიან. სააკაშვილი პარტიიდან და პოლიტიკიდან კი არ წავა, კიდევ უფრო მოძლიერდება“, - აცახდებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით პოლიტიკიდან არასდროს წავა, ამიტომაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური გარემო შეიქმნას, რომელიც მას ამის გაკეთებას აიძულებს. მისი რეიტინგი სხვა ახალი, ალტერნატიული პოლიტიკური ძალით ჩანაცვლდება და მას ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირების საშაულება აღარ მიეცემა. ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა სააკაშვილს ვერ მოაძლიერებს, რადგან ის სახლში ხალხმა გაუშვა. ის ადგილი, რაც მას ახლა ქართულ პოლიტიკაში უკავია, მოსახლეობის დაკვეთა იყო, რომელსაც ივანიშვილი წაეხმარა. ამიტომ ივანიშვილი იქნება თუ არა პოლიტიკაში, სააკაშვილის უკან დაბრუნებას სანამ ქართველი მოსახლეობა არ მოინდომებს, ის უკან ვერ დაბრუნდება.

„სააკაშვილს და ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში სრულიად სხვადასხვა პოზიცია აქვთ. სააკაშვილმა უკრაინიდან ხმა საერთოდ რომ არ ამოიღოს, მისი მიმდევრები ისევ მის თაყვანისმცემლად დარჩებიან. ეს არის ქარიზმატული პიროვნების მიმართ დამოკიდებულება, ამიტომაც არის, რომ მისი ტყუილების მიუხედავად, რომ ის საქართველოში ბრუნდება, ამომრჩეველი მაინც ჰყავს. ივანიშვილს წასვლა-არწასვლას ასეთი მიმდევრების ბრმა მხადაჭერა არ აქვს. ივანიშვილი საქმიანი ლიდერია, რომელიც ყველა ნაბიჯს თვლის და ჭადრაკს თამაშობს. ის ამომრჩევლის მოტყუებას არ ცდილობს. ამიტომაც მისმა წასვლამ შესაძლოა ამომრჩევლის გადალაგება გამოიწვიოს. ხოლო სააკაშვილს თავისი მომხრეები მაინც რჩება. ესაა ჩვენი მოსახლეობის მიდრეკილება - ჰყავდეს ბელადი, რომელსაც მუდმივად ეტრფის და ბრმად მიჰყვება. ამიტომ ქართველმა პოლიტიკოსებმა, ლიდერებმა და ახალგაზრდა თაობამ ბევრი უნდა ქნან იმისთვის, რომ სააკაშვილის ჩანაცვლება, როგორც პოლიტიკური ფიგურის, მოახერხონ. ეს დიდ შრომას, ნდობას და ძალისხმევას მოითხოვს“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.