„ამ მოცემულობიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რისი თანმდევიც შეიძლება იყოს ზოგიერთი პარტიის გაქრობა“

„ამ მოცემულობიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რისი თანმდევიც შეიძლება იყოს ზოგიერთი პარტიის გაქრობა“

„პოლიტიკური კრიზისი არ არის მხოლოდ ის თემა, რომ რომელიღაც პარტია შევიდა პარლამენტში, ან არ შევიდა. ეს არის პრობლემების დაგროვება, რაზეც დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ამ მოცემულობიდან რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რისი თანმდევიც შეიძლება იყოს ზოგიერთი პარტიის საერთოდ გაქრობა, ან ახალი პარტიების ჩამოყალიბება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.

- წლის მოვლენა არის კორონავირუსი, რომელმაც აბსოლუტურად შეცვალა მოლოდინიც, მოცემულობაც. რეალობა აღმოჩნდა განსხვავებული იმისგან, რასაც მთელი მსოფლიო და, მათ შორის, საქართველო ელოდა 2019 წლის დასასრულს. ამიტომ თავისთავად ცხადია, ნომერ პირველი მოვლენა ეს არის კოვიდი, რომელიც აისახა საქართველოზეც, იმედი მაქვს, ამ კონტექსტში მომავალი წელი გაცილებით უკეთესი იქნება. კარგია, რომ, ბოლოს და ბოლოს, 2020-ის დასასრულს გამოჩნდა ვაქცინა. თუ დანარჩენ თემებს გადავხედავთ, ჩვენთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი იყო წელს, რომელსაც თავისი გრძელვადიანი ზეგავლენა ექნება ბევრ რამეზე, აქედან გამოვყოფდი ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს, ეს არის, პირველი, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნები და ბაიდენის გამარჯვება ამ არჩევნებზე, მისი ადმინისტრაცია, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს საქართველოს, ჩვენს რეგიონს, კარგად იცნობს, ასევე, რუსეთს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს სერიოზული შანსი, ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. გარდა ამისა, გამოვყოფდი ყარაბაღის თემას, რომელმაც შეცვალა სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ვითარება. ამ თემასთან მიმართებით საქართველოს მართებს სერიოზული დაფიქრება, ანალიზი, საფრთხეების შეფასება, რაც, სამწუხაროდ, იზრდება რუსეთის ყოფნის გაძლიერებით ჩვენს რეგიონში. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში უნდა დადგეს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ევროკავშირსა და ნატოში, განსაკუთრებით, ნატოში საქართველოს სწრაფი ინტეგრაციისთვის. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია საქართველოს როლის გაზრდა.

ალბათ, ყარაბაღის მაგალითი საქართველოს გამოადგებოდა ჩვენს ორ კონფლიქტურ რეგიონთან მიმართებით, რომ არა რუსეთი, რადგან რუსეთის ორმაგი სტანდარტი სულ ახლახანს აშკარად გამოჩნდა - საქართველოსთან მიმართებით რუსეთი ხისტია, მაგრამ ყარაბაღთან მიმართებით თითქოს ისტორიული სამართლიანობის მხარეს დადგა და სომხები „გადააგდო“.

- რუსეთი არასდროს არ დგას ისტორიული სამართლიანობის მხარეს, რუსეთი ყოველთვის იმ მხარესაა, რომელიც მის გავლენას აძლიერებს. დღეს ვითარება ასეთია, გარეგნულად თითქოს ჩანს, რომ რუსეთმა ყარაბაღთან მიმართებით დაიკავა სამართლიანი მხარე, მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსეთს დღესდღეობით მეტი ზეგავლენის პროცენტი აქვს სამხრეთ კავკასიაში, ვიდრე აქამდე ჰქონდა. აზერბაიჯანი იყო ერთადერთი სახელმწიფო, სადაც რუსული ჯარი არ იდგა და დღეს უკვე უსაფრთხოების მანტიით რუსები წარმოდგენილნი არიან. რუსი ე.წ. სამშვიდობოები კი რას ნიშნავს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.

სომხეთი ამბობს, რომ რუსეთმა მას უღალატა. ესეც არაფერს ნიშნავს რუსეთისთვის, იმდენად დიდი საფასურია ე.წ. სამშვიდობოების განლაგება ყარაბაღში?

- მესმის ის სიხარული, რაც აზერბაიჯანში ახლა სუფევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყარაბაღის პრობლემა არ მოგვარებულა და არ დამთავრებულა, ანუ ტერიტორიების გარკვეული ნაწილის დაბრუნება მოხდა, მაგრამ ამით ყარაბაღის პრობლემა მთლიანობაში არ გადაწყვეტილა, ყარაბაღის 2/3 კვლავაც აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმაა. რეალურად მოხდა კონფლიქტის გაყინვა და არა გადაწყვეტა. გადაწყვეტა საკმაოდ რთული პრობლემა იქნება, მით უმეტეს, რუსეთის დამატებითი ბერკეტების ჩარევით. ამიტომ ეს სერიოზული თემაა, რომელზეც უფრო მეტად უნდა ვიფიქროთ.

საქართველოსთვის წლის მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს არჩევნები, რომელმაც ამდენი პრობლემები მოიტანა?

- წლის მოვლენად დავასახელებდი არჩევნებს, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისთვის, სამწუხაროდ, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება საუკეთესო არჩევნებად ისტორიაში, მას ჰქონდა სერიოზული ხარვეზები, რასაც შედეგად დღევანდელი სამწუხარო მოცემულობა მოჰყვა. ოპოზიცია უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე და ეს ეხება სრულ ოპოზიციურ სპექტრს და არა ერთ ან ორ რომელიმე პარტიას. 2020 წლის მემკვიდრეობად ვიღებთ მოცემულობას, რომ, თუ ეს კრიზისი არ განიმუხტა, სახეზე გვაქვს სერიოზული პოლარიზაცია, რაც არანაირად არ წაადგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ 2021 წელს საქართველო ხვდება ისე, როგორც პირადად მე, საქართველოს მოქალაქე, ვისურვებდი. იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩვენს საზოგადოებასაც, პოლიტიკურ ძალებსაც ეყოფათ იმდენი შორსმჭვრეტელობა, საღი აზრი, რომ ეს კრიზისი და პოლარიზაცია დროზე დაამთავრონ და რადიკალიზაციიდან პროცესი კონსტრუქციულ ჩარჩოში გადაიყვანონ, რაც საკმაოდ რთული, მაგრამ მიღწევადია.

წლის ბოლოს პოლიტიკური ცვლილებებით შეხვდა ოპოზიცია. ელენე ხოშტარიამ დატოვა საკუთარი პარტია და დამოუკიდებელ დრეიფში გადაეშვა, აღარაფერს ვამბობთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და, საერთოდ, გრიგოლ ვაშაძის ქმედებაზე, რომელმაც პოლიტიკური ტაიმ-აუტის აღება არჩია. ზოგისთვის პოლიტიკა მიზიდულობად რჩება, ზოგისთვის განზიდულობად, დრო ხომ არ მოჭამეს პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელ ცურვას ხომ არ ენიჭება უპირატესობა?

- რეალობა, რომლის წინაშეც დღეს დავდექით, არის გამოწვევა ოპოზიციისთვისაც და მმართველი პარტიისთვისაც. საბოლოო ჯამში, ეს არის პრობლემა საქართველოსთვის, რადგან გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესები, რომელიც ასეთ ვითარებაში ზიანდება. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ამ ვითარებაში სერიოზულად ზიანდება საქართველოს ეროვნული ინტერესები. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ სერიოზული პროცესი ელით წინ, რაც დაკავშირებული იქნება გადახალისებასთან და ა.შ. ხვალ შეიძლება მსგავსი რამ ვიხილოთ არა მხოლოდ ამ პარტიებში, არამედ სხვა პარტიებშიც. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად ბევრი რამის გადააზრების დრო დადგება „ქართულ ოცნებაშიც“, რადგან სხვანაირად ვერ მოხდება კრიზისის დაძლევა. პოლიტიკური კრიზისი არ არის მხოლოდ ის თემა, რომ რომელიღაც პარტია შევიდა პარლამენტში, ან არ შევიდა. ეს არის პრობლემების დაგროვება, რაზეც დიდი ხანია, ვლაპარაკობთ. ჩვენს საზოგადოებაშიც დიდია რადიკალიზაცია. საზოგადოებაშიც კლებულობს ნდობა პოლიტიკოსების მიმართ. ბევრი ფაქტორი ერთად დაგროვდა, ამ მოცემულობიდან რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, რისი თანმდევიც შეიძლება იყოს ზოგიერთი პარტიის საერთოდ გაქრობა, ან რამდენიმე პარტიის შეერთება, ახალი პარტიების ჩამოყალიბება. ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ ცივილურად, პროცესი უნდა დაბრუნდეს კონსტრუქციულ კალაპოტში, თორემ, თუ გავაგრძელეთ ისე, როგორც მივდივართ, ეს არის პოლარიზაციის და რადიკალიზაციის გზა.

Maverick „საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე ამბობს: "(1)ჩვენს საზოგადოებაშიც დიდია რადიკალიზაცია. საზოგადოებაშიც კლებულობს ნდობა პოლიტიკოსების მიმართ. (2)ბევრი ფაქტორი ერთად დაგროვდა, ამ მოცემულობიდან რაღაც გამოსავალი უნდა მოიძებნოს, (3)რისი თანმდევიც შეიძლება იყოს ზოგიერთი პარტიის საერთოდ გაქრობა, ან რამდენიმე პარტიის შეერთება, ახალი პარტიების ჩამოყალიბება."

(1)საზოგადოებაში 0%-ნი, ყავლა გასული ლიბერასტი პარტიების, ამ პარტიების გადაბერებული, დრომოჭმული და საკუთარი ვნებების, ცრუ, მომხვეჭელი, არაეროვნული მიდრეკილებების დაკმაყოფილების მსურველ ხელმძრვანელობის გამო არის რადიკალიზაცია, რაც თავიანთ თავს უნდა დააბრალონ და არა საზოგადოებას!
(2) გამოსავალი არსებობს ახალი, ეროვნული ღირებულებებით აგებული პარტიების წინ წამოწევა, მხარდაჭერა და არა ლიბერსტების შემოტენვა, ცხვირში ჩაჩრა საზოგადოებისთვის, რითაც კარგა ხანია კვე აღარ ტყუვდება!
(3)ყველა პარტია გაქრება სადაც "უკრაინელი" სააკაშვილი, "ქართველი" ბოკერია, "რკინის ლედი" ბურჯანაძე, "ანარქისტი" ანანია, უკაცრავად შალია ნათელაშვილი, და ძმა მო>ელგებეტე<ო ბერძენიშვილები, ბ>უსუპაშვილი და კიდევ მრავალი სხვა ზემოთჩამოთვლილთა მსგავსები იფართხალებენ ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე!
3 წლის უკან