პურის გაძვირების შესაჩერებლად მთავრობას დიდი ალბათობით დამატებითი ფინანსური რესურსის გამოძებნა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თებერვლიდან შუა რიცხვებიდან უმთავრესი საკვები პროდუქტი გაძვირდება. ახალი ტენდერი მალე უნდა გამოცხადდეს და შესაბამისად, ხელისუფლების მხრიდან დროული ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.
ფქვილის ფასის 4-თვიანი (დეკემბერი-მარტი) სუბსიდირებისთვის მთავრობამ 10 მილიონი ლარი გაითვალისწინა, თუმცა ბოლო პერიოდში მეწარმეები ამბობენ, რომ 1 ტომარა ფქვილზე 10 ლარის სუბსიდია საკმარისი აღარ არის და საჭიროა ამ მოცულობის გადახედვა. თუ სუბსიდიის ამოქმედებისას 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი 63 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 67-68 ლარს შეადგენს.
„10-ლარიანი სუბსიდია არ ყოფნის იმისათვის, რომ წისქვილკომბინატებმა მონაწილეობა მიიღონ ტენდერში და ფიქსირებულ 53 ლარად მოხდეს პურის ქარხნებისთვის ფქვილის მიწოდება, რათა საბოლოო პროდუქტი-პური-არ გაძვირდეს. შესაბამისად, ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მთავრობა, რადგან გამოწვევა არ არის მარტო ხორბალი, რომლის ფასი საკმაოდ გაზრდილია, არამედ გამოწვევა არის აგრეთვე ლარის კურსი, იმიტომ რომ ლარის კურსის ტენდენცია საკმაოდ ბუნდოვანია და კიდევ ერთი გამოწვევა დაემატა ელექტროენერგიის ფასის სახით. დიდი ალბათობით პროგრამაში შეიცვლება პარამეტრები არსებული სუბსიდირების 10 ლარიდან დაახლოებით 15 ლარამდე გაზრდის შესახებ“, - განაცხადა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავა.
ფქვილის სუბსიდირების 4-თვიანი პერიოდი ორ ნაწილად იყოფა. ერთი ტენდერი, რომელშიც 8 წისქვილკომბინატი იღებს მონაწილეობას, 1 დეკემბრიდან 1 თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. მეორე ეტაპის ტენდერი კომპანიების ინფორმაციით, სავარაუდოდ, 25 იანვარს უნდა გამოცხადდეს. წისქვილკომბინატებს იმედი აქვთ, რომ მეორე ეტაპზე სუბსიდირების პარამეტრები გადაიხედება.
„მეორე ეტაპზე უკვე გვემატება ისეთი ფაქტორები როგორიცაა ხორბლის გაზრდილი ფასი, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი, ლარის მერყევი კურსი და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ პურისა და ფქვილის ფასის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით გადასახედია სუბსიდირების პროგრამის შემდეგი ეტაპის პირობები. გვაქვს მოლოდინი, რომ სუბსიდირების თანხა გაიზრდება, რათა უზრუნველყოფილი იქნას როგორც ფქვილის მწარმოებლების ინტერესი ტენდერისადმი, ისე მომხმარებლების ინტერესი - არ გაეზარდოთ პურის ფასი“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გვანცა ქიმაძემ, კომპანია „გლობალ მინინგის“ დირექტორმა.
ბაზარი საკმაოდ დიდი რყევების წინაშეა, არის ბევრი პრობლემა საერთაშორისო ბირჟებზე, ამიტომ მთავრობა ცდილობს ოპერატიულად მიიღოს გადაწყვეტილებები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის ინფორმაციით, თითქმის 70 საცხობია სუბსიდირების პროცესში ჩართული და დღემდე ქარხნული პური არ გაძვირებულა.
„თუმცა ახლა უკვე განსხვავებული მოცემულობა გვაქვს. რუსეთი 15 თებერვლიდან შემზღუდავ ღონისძიებებს აწესებს, საექსპორტო მოსაკრებელია მხედველობაში. ამავე დროს ვაკვირდებით მსოფლიო ბაზრებს და ფასის ზრდის რისკი კვლავ მაღალია. ამიტომ ვმუშაობთ და ვფიქრობ 2 კვირის განმავლობაში მივიღებთ ადეკვატურ გადაწყვეტილებას გაზაფხულიდან განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციისგან უკვე გვაქვს წინადადება რა ოდენობით უნდა გაიზარდოს სუბსიდირება. შევისწავლით ამ ყველაფერს და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. მინდა დავარწმუნო ყველა - საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულება, რომ ქარხნულ პურზე ფასი იქნება უცვლელი, შენარჩუნდება შემდგომ პერიოდშიც“, - განაცხადა ხანიშვილმა.
საქართველოში ხორბალი ძირითადად რუსეთიდან შემოდის. ქვეყანაში მაღალია რუსული ხორბლის წილი, კერძოდ, საქართველომ 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 448,550 ტონა ხორბლის და მესლინის იმპორტი განახორციელა. აქედან 448,433 ტონა, ანუ თითქმის 99,9% რუსეთიდან შემოიტანა. სულ მალე რუსეთმა საექსპორტო ხორბალზე საბაჟო ტარიფი შესაძლოა, 50 ევრომდე გაზარდოს. აქამდე დაანონსებული იყო, რომ გადასახადი ტონაზე მხოლოდ 25 ევრო იქნებოდა. ახალი წესი 30 ივნისის ჩათვლით იქნება ძალაში.