„ოპოზიციისათვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი სადამსჯელო სანქციებს უფრო ჰგავს“

„ოპოზიციისათვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი სადამსჯელო სანქციებს უფრო ჰგავს“

პარლამენტს მიღმა დარჩენილი პარტიები, რომლებმაც დადგენილი ბარიერი ვერ გადალახეს, დღემდე იმ აზრზე რჩებიან, რომ არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, თუმცა, არა სერიოზული დარღვევებით. პარტია „მომავალი საქართველო“-ს ლიდერი გიორგი ლაღიძე for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ თუ ხელისუფლება რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ოპოზიციურ პარტიებს უპირობოდ მოუწევთ ჩატარებული არჩევნების აღიარება, რა შედეგითაც არ უნდა დამთავრდეს. რაც შეეხება პარტიების დაფინანსების შესაძლო შეწყვეტას, მისი თქმით ეს ხელისუფლების მხრიდან დიდი შეცდომა იქნება.

გიორგი ლაღიძე: მე ვფიქრობ, ხელისუფლების მიერ ოპოზიციისათვის დაფინანსების შეწყვეტაზე საუბარი შეცდომაა. ეს რაღაც სადამსჯელო სანქციებს უფრო ჰგავს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვით მიმართა ვენეციის კომისიას, მოცემულ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოსავალია. ვენეციის კომისია შეისწავლის და დადებს დასკვნას, თუ ეს საკითხი რამდენად არის შესაბამისობაში საქართველოს კონსტიტუციასთან, ხოლო კომისიის დასკვნის გათვალისწინება მოუწევს ორივე მხარეს. თუმცა, ჩემი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახაა - საქართველოს მოსახლეობამ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეშვეობით გამოუცხადა ნდობა. მაშინ როდესაც, საზოგადოების დიდი ნაწილი და ოპოზიციაც, თანხმდება, რომ საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას და ამისი გაპროტესტება ხდება არა პარლამენტში, არამედ ქუჩაში, რისი უფლებაც ოპოზიციას ნამდვილად აქვს, ამის გამო არ შეიძლება გამოიყენო იძულებითი ღონისძიება და დაემუქრო იმ დაფინანსების შეწყვეტით, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

თუკი ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს და ასევე უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მართვაში, მაშინ დაფინანსების შეწყვეტა რატომ არის არალოგიკური?

- მე აღვნიშნე, რომ არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევების ფონზე და მან ვერ გამოხატა ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, ეჭვქვეშ დგება მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხიც. მის ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს, როგორც ოპოზიციური პარტიების უმეტესობა, ასევე საზოგადოების დიდი ნაწილიც. ამ მოცემულ შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესების გადმოტანა ოპოზიციის მიერ მოხდა ქუჩაში და იქ კეთდება პოლიტიკა. ასე რომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისთვის პარლამენტში ყოფნაა აუცილებელი, ძალიან ცდება. მაჩვენონ, კანონში თუნდაც ერთი ჩანაწერი, სადაც ამ საკითხზეა ხაზგასმა. საქართველოში დღეს არის პოლიტიკური კრიზისი, რაც კიდევ უფრო გაღრმავდა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ფაქტია, რომ თითოეული არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის ტესტს, და უნდა ასახავდეს ხალხის ნებას. სამწუხაროდ, ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება იქნა ცნობილი, მე ვფიქრობ, ეს პარლამენტი ვერ იქნება სიცოცხლისუნარიანი და ვერ უპასუხებს დემოკრატიის სტანდარტებს. პროცესები რაც დღეს ქვეყანაში ვითარდება, ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, სხვა შემთხვევაში მე უბრალოდ ვერ ვხედავ კრიზისის განმუხტვის გზას. პოლიტიკური სპექტრის ნაწილი, ანუ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და ქუჩიდან აპროტესტებს „ქართული ოცნებ“-ის მოქმედებებს. დღემდე, ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად, მათ ვერ დაიყოლიეს ბარიერგადალახული პარტიები შევიდნენ პარლამენტში, რაც მანიშნებელია იმისა, რომ ხელისუფლებას ადრე თუ გვიან, დათმობაზე მოუწევს წასვლა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ჯერ კიდევ გაურკვევლობაა, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს ეს თუ შეცვლის რამეს?

- მე ვფიქრობ, ბარიერგადალახული მცირე პარტიებიდან, თითო ადამიანის პარლამენტში შესვლა პოლიტიკურ კრიზისს ვერ განმუხტავს და უბრალოდ, მოხდება პერსონების მარგინალიზაცია. თავიდანვე ნათელი იყო, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არ იყო ერთი იდეის ირგვლივ შეკრებილი და მათ რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა აქვთ, თუმცა, ისიც ხაზგასასმელია, რომ „ქართული ოცნება“ ამ დრომდე პარლამენტში მარტოა.

რამდენად ადეკვატურია ოპოზიცია, ბოიკოტი არის სიტუაციიდან გამოსავალი? ქვეყნის მომავალი კეთილდღეობა მაქვს მხედველობაში და არა პარტიების ამბიციების დაკმაყოფილება.

- პანდემია, მძიმე სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა ბუნებრივია, გასათვალისწინებელია, თუმცა ეს პირდაპირ კავშირში ნამდვილად არ არის პოლიტიკურ პროცესებთან. ვერაფერი ვერ იქნება იმის საპირწონე, როდესაც ადამიანებს არჩევანის უფლებას წაართმევენ და სხვა ნებისმიერი თემის გამო ამაზე თვალი უნდა დახუჭონ. შესაბამისად, მე სრულიად ვიზიარებ იმ ოპოზიციის აზრს, ვინც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

თუნდაც ხელისუფლება წავიდეს ვადამდელ არჩევნებზე, სადაც ოპოზიცია უმრავლესობის აღებას ვარაუდობს, ამ დროს გაერთიანებულ ოპოზიციაში არსებული არამყარი სიტუაცია ხომ არ არის იმისი მანიშნებელი, რომ პარტიები ჯერ კიდევ არ არიან მზად ამხელა პასუხისმგებლობა აიღონ?

- ეს საკითხი ოპოზიციის მზაობის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. გამოწვევა არის შემდეგი - ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ვერ ასახა შესაბამისად ქართველი ხალხის ნება, რაც ჩემი აზრით გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და ცალსახაა, რომ ხელახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, რა შედეგიც არ უნდა დაიდოს, ის უნდა მიიღოს „ქართულმა ოცნებამაც“ და ოპოზიციურმა სპექტრმაც. ამ პროცესებში, უმთავრესია ქართველი ხალხის ნება, სხვა ყველა სუბიექტი ამ ძალასთან შედარებით მეორეხარისხოვანია. რაც შეეხება, პოლიტიკურ პარტიებში არსებულ არასტაბილურ ვითარებას, მე ვფიქრობ, რომ ეს არის ბუნებრივი ცოცხალი პროცესი და პოლიტიკურ ძალთა გადახალისებაში მე პირადად ტრაგედიას ვერ ვხედავ.

 

 

 

 

Aburjga Tasmanieli იმის შემდეგ რაც აშშ-მ საკუთარ პრეზიდენტს დამართა, საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებზე საუბარი საერთოდ უნდა შეწყდეს!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პოლიტიკური პარტიების მოქმედებაზე მორატორიუმი უნდა დაწესდეს! მივანდოთ ქვეყანა გახარიას და მინისტრთა კაბინეტს. დამდგარი რეალობა, რაც ჩვენს სამშობლოს უკანასკნელი 31 წლის მანძილზე დავმართეთ იმაზე უკეთესი თუ არა უარესი მაინც ვერ იქნება! რისთვის უნდა დაიხარჯოს ფული, პარაზიტების (პოლიტიკური პარტიები) გასამრავლებლად და გამოსაკვებად?!
3 წლის უკან
kolxi +პოლიტიკური პარტიები, გვყავს საერთოდ პოლიტიკური პარტიები?!
ჯერ ერთი დიდი შეცდომა იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, იმიტომ რომ, მოკლედ ვიტყვი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური პარტიები, ერთის გარდა არა გვყავს. რეალურად გვყავს გათითოკაცბული, საკუთარ და საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილის პირად ინტერესებზე მორგებული ვითომ პარტიები. ის ერთი პარტიაც ხანდახან ისეთ შცდომენს უშვებს, იფიქრებ რომ სპეციალურად უნდა რომ ხალხს თავი შეაძულოსო. ანუ ქვეყანაში პარტიების რეალური პოლიტიკური სპექტრი ფაქტობრივად
არ არსებობს!!!
თან ხალხმა აირჩია და რადგან გააყალბეს, პარლამენტში არ შევალთო?! ასეთი ხალხი საერთოდ არ უნდა გააკარო პოლიტიკას.კი მაგრამ, თუ გაგიყალბეს, პირიქით არ უნდა შეხვიდე პარლამენტში და იბრძოლო სიმართლის დადგენისათვის?!
თან ფული მოგვეცითო, წადი ბიძია სოფელში, მოიწიე მოსავალი, გამოადექი შენ ოჯახსაც და ქვეყანასაც და მერე თუ სურვილი გექნება, მოდი პოლიტიკაში და იმსჯელე ეროვნულ საკითხებზე. მაგრამ არა, ეს ურჩევნიათ, წურბელებივით ასხდნენ ქვეყანას, მათგან ნოლი უკუგება და თვითონ უზრუნველად იცხოვრონ, თან ანტისახელმწიფოებრივად იმოქმედონ!!!
ეს მართლაც პარაზიტები!!!...
3 წლის უკან
kolxi დემოკრატია არა კვატი:):))))...
3 წლის უკან