ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი გახდა

ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი გახდა

თუ ადამიანობაში, ვაჟკაცობაში და მამულიშვილობაში არ ხარ ჩემპიონი, რაც გინდა ტიტულები და ოქროს მედლები გიმშვენებდეს მკერდს, ნამდვილი ჩემპიონი ვერასდროს იქნები. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასეა და ასეც უნდა იყოს. სპორტში ჩემპიონები ბევრი გვყავს, მაგრამ, სამწუხაროდ, აქედან ყველა ცხოვრებაშიც ჩემპიონი ვერ არის.

ათენის ოლიმპიადაზე გიორგი ასანიძის გამარჯვებამ უდიდესი სიხარული და ღირსების გრძნობა მოჰგვარა ერს, უფრო მეტიც, - „ბატონო ბადრი, რომ არა თქვენ, ეს დიდი გამარჯვება არ იქნებოდა“, - უთხრა ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეს ბადრი პატარკაციშვილს გიორგი ასანიძემ, როცა 3 წლის წინ ბიზნესმენისგან სოლიდური ფულადი ჯილდო - 400 ათასი ლარი მიიღო. და აი, სამი წლის მერე გიორგი ასანიძე უდრტვინველად ჩაერთო პატარკაციშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიაში და ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან იმ ადამიანის გადაყენებას მისცა ხმა, რომლის ძალისხმევითაც ქართული სპორტი, მეტადრე მისი ოლიმპიური სახეობები ფერფლიდან აღსდგა, ხოლო თავად ასანიძემ ცხოვრება მოიწყო.

მნიშვნელობა არ ჰქონდა, პატარკაციშვილის გადაყენებას ასანიძე ხმას მისცემდა თუ არა. შესაძლოა, ამის გაკეთებას პირადად მას არც არავინ აიძულებდა, რადგან პატარკაციშვილს ასანიძის ხმის გარეშეც გადააყენებდნენ, მაგრამ ასანიძე დროების მონურ მორჩილებაში არავის ჩამორჩა.

როცა ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან რიცხავდნენ, მის წინააღმდეგ, სამარცხვინოდ, ბევრი მწერალი გამოვიდა.

ამ მწერალთა ნაწარმოებებზე თაობები იზრდებოდნენ, მაგრამ მათ სახელს ყოველთვის ჩრდილად გასდევდა და გასდევს ის, რომ მწერალთა კავშირიდან ზვიად გამსახურდიას გარიცხვას მისცეს ხმა.

კიდევ კარგი, ასანიძისა და მისნაირი ჩემპიონების ამარა არ ვართ და ნონა გაფრინდაშვილისნაირი ჩემპიონიც გვყავს არაერთი. დიახ, ჭადრაკის დედოფალმა დაამტკიცა, რომ ის არამარტო ჭადრაკშიც, არამედ მამულიშვილობასა და ქართველობაშიც ნამდვილი ჩემპიონია.

ნონა გაფრინდაშვილი არასდროს არცერთი ხელმწიფის ნავში არ მჯდარა და არცერთი მეფის სიყვარულის გამო ხალხის სიყვარული არ დაუკარგავს.

მას მეფე მხოლოდ საჭადრაკო დაფაზე უყვარდა და მისი ოსტატურად გამოყენებით ჩემპიონის ტიტულებსა და ქართველი ერის სიყვარულს იმკიდა.

ნონა გაფრინდაშვილი აქამდე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი იყო, ახლა კი შვიდგზის ჩემპიონია უკვე. კიდევ ორი ჩემპიონობა ნონამ ზედიზედ მაშინ მოიპოვა, როცა საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის უმძიმეს დროს მოკლე როქი არ გააკეთა და უბადლო ლაზიერად დარჩა.

ნონა გაფრინდაშვილმა ხელისუფლების მიერ ოლიმპიურ კომიტეტში დატრიალებული გულისამრევი სპექტაკლი ცრემლით გააპროტესტა და მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი ყველა ღირსეული ქართველის თვალში.

იმ დღეებში ნონა გაფრინდაშვილს ტელეფონით ველაპარაკე. ჭადრაკის დედოფალი ისეთი აღფრთოვანებით მიყვებოდა, მისი გამოსვლის შემდეგ როგორი სიყვარულით ხვდებოდა ხალხი ქუჩაში, რომ გეგონებოდა, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი კი არა, ახალბედა სპორტსმენი ყოფილიყო, რომელმაც ეს - ესაა, პირველ წარმატებას მიაღწია და საკუთარი ხალხის ზღვა სითბო და სიყვარული მხოლოდ ახლა მოიმკო.

დიახ, ტელევიზიით თვალცრემლიანი გამოსვლიდან მეორე დღეს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს მეექვსედ გაჩემპიონებას ულოცავდა ხალხი და ყველაზე დიდ ტიტულს - ერისშვილისა და ზნეობრივი გმირის წოდებას ანიჭებდა.

ჯერ სად იყო. ნონა გაფრინდაშვილს კიდევ ერთი ჩემპიონობა ჰქონდა წინ. როცა ასიათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა, უკვე ექვსგზის ჩემპიონი, ხალხის ჩემპიონი ხალხის მხარეს დადგა მორალურად და ზნეობრივად. როცა სამართლიანი მოთხოვნების გამო მშვიდობიანი მანიფესტანტები დაარბიეს, ნონა გაფრინდაშვილი ტელევიზიით გამოვიდა და სინანულს მოყვა იმის გამო, რომ ჯანმრთელობა არ აძლევდა საშუალებას, იმ დარბეული, ნაცემი და ნაგვემი ხალხის გვერდით ქუჩაში ფიზიკურად დამდგარიყო.

როცა გაფრინდაშვილი მეშვიდედ გაჩემპიონდა, გიორგი ასანიძე და მისნაირი „ჩემპიონები“ ურცხვად აცხადებდნენ: იქ მხოლოდ ასი ათასი კაცი დგას, ჩვენს უკან კი მთელი საქართველოაო.

სხვათაშორის, ასანიძემ პატარკაციშვილის გადაყენებას რომ ხმა მისცა, ნონა გაფრინდაშვილს ვკითხე, ამაზე რას ფიქრობთ-მეთქი. „მას შემდეგ, რაც მაგან სპორტის აკადემიის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მისგან არაფერი მიკვირსო“, - მიპასუხა შვიდგზის ჩემპიონმა!

მართლაც არაფერი უნდა გაგიკვირდეს იმ პაიკებისგან, მეფის მორჩილებით ხალხთან მისასვლელ გზებს რომ იჭრიან და ისიც არ იციან, რომ ცხოვრება დიდი საჭადრაკო დაფაა და მეფესაც და პაიკსაც ბოლოს ერთ ყუთში ყრიან.

ზოგისთვის ეს ყუთი შეიძლება ისტორიის სანაგვე აღმოჩნდეს.

ნამდვილი ჩემპიონებისთვის კი, რომლებიც ცხოვრებაშიც ლაზიერებად დარჩნენ, ხალხის სიყვარული და ჭეშმარიტი მამულიშვილის სახელია მთავარი.

სწორედ ასეთი ლაზიერია ნონა გაფრინდაშვილი, რომელსაც ჩვენი გაზეთის ფურცლებიდან ამაყად მივულოცავ შვიდგზის ჩემპიონობას.