საერთო აზრი იყო გუნდის შიგნით, რომ ირაკლი კობახიძე იქნებოდა ყველაზე ოპტიმალური და კარგი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. შიდა კონკურენცია ამ საკითხზე არ ყოფილა, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძისთვის პარტიული საქმიანობა ორგანული და ნაცნობია.
„შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძე პარტიულ საქმიანობაში ყველაზე აქტიურად იყო ჩართული. შესაბამისად, მისთვის უცხო არ არის, პირიქით, ძალიან ახლოა, ორგანულია და ნაცნობია პარტიული საქმიანობა. ის ხელმძღვანელობდა პარტიულ მენეჯმენტს, მათ შორის, შტაბურ მუშაობას. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაზრდას, ჩვენ გვინდოდა მაქსიმალური წარმომადგენლობა ყოფილიყო, მათ შორის, პარტიული წარმომადგენლები, პარტიის წევრები, რომლებიც არიან მთავრობაში, პარლამენტში და ასე შემდეგ, იგულისხმება პარტიული თანამდებობის პირი, „ლიდერშიფი“, რომელსაც უხელძღვანელებს ირაკლი კობახიძე. ამიტომ გახდა მიზანშეწონილი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაზრდა და მივიღეთ ოპტიმალური შემადგენლობა“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
კითხვაზე, თუ რატომ გაკეთდა არჩევანი ირაკლი კობახიძეზე და არა პარტიის გენერალურ მდივანზე კახა კალაძეზე, მდინარაძე დასძენს, რომ სპეკულაციები მართებული არ არის, ვინაიდან შიდა კონკურენცია ამ საკითხზე პარტიაში არ ყოფილა და პარტიის „ლიდერშიფმა“ ერთხმად დაუჭირა მხარი კობახიძის კანდიდატურას.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.