პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ მზად არის, საზოგადოების წინაშე აღებული პასუხისმგებლობა პირნათლად შეასრულოს. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, უახლოეს პერიოდში პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა ჩატარდება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეცნობება.
„ბიძინა ივანიშვილმა მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. უახლოეს პერიოდში ჩვენ ჩავატარებთ პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობას. მანამდე პოლიტიკური საბჭოს სხდომა იქნება და საზოგადოებას ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას შევატყობინებთ. ვფიქრობ, რომ მან ძალიან საინტერესო წერილი გამოაქვეყნა, სადაც სრულად საუბრობს იმ არგუმენტაციაზე, რომლითაც იხელმძღვანელა ამ გადაწყვეტილების მიღების მომენტში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივცეთ პოლიტიკური შეფასება და ასევე, მსურს ადამიანურად მადლობა გადავუხადო მას გაწეული საქმიანობისთვის, ვინაიდან სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ“,-განაცხადა თალაკვაძემ.
მან აღნიშნა, რომ ეს იყო საკონსტიტუციო რეფორმა, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები და ინსტიტუციური რეფორმები. თალაკვაძის განმარტებით, შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციების გამიჯვა მოხდა და ინსტიტუციური დემოკრატია განხორციელდა.
„სრულიად ლოგიკურია მის გადაწყვეტილება, რომ ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მმართველობაზე. მინდა ჩემი მხრივ გითხრათ, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე“,-განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.