"მხატვრული შედარება რომ მოვიყვანოთ, თბილისი ქვეყნის გულია. გაგიკვირდებათ, მაგრამ აღმოსავლურ სამყაროში თბილისს "სახლი სიხარულისა" შეარქვეს. "თბილისი ჩემთვის ამოუწურავი თემაა, ერთი, თუნდაც ვრცელი წერილი რომ ვერ დაიტევს", - აღნიშნავს ბატონი გიზო.
ალბათ მიგვიხვდით, "პაემანი" ძირძველ თბილისელთან და თბილისის მეხოტბესთან გიზო ნიშნიანიძესთან გვექნება.
თბილისური მეგობრობა
თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში, რუსთაველის გამზირზე ჩხუბისა და წაკინკლავების უფლებას არავინ მოგცემდა. სადაც კი ამის უფლება ჰქონდა 10-12 წლის ბიჭებს, რატომღაც "თინეიჯერები" რომ შეარქვით და ადრე არაჩვეულებრივი სიტყვა, "ყმაწვილი" ერქვათ, აფრთხილებდნენ, ჩხუბის დროს ცხვირში არ დაარტყა, თვალში არ დაარტყაო... რაღა რჩებოდა? - მხოლოდ სიყვარული.
თბილისელი ძველი ბიჭი იყო რეზო ბალავაძე - ერთ-ერთი პირველი ყოჩი. მუსკომედიის თეატრის წინ სატელეფონო ჯიხური იდგა. ავტომატზე მიწერილი ჰქონდა: "შუხურის" შემთხვევაში ჩემთან დარეკეთ" და ნომერი ჰქონდა მითითებული. თუ დაურეკავდნენ, აუცილებლად მივიდოდა და მტყუან-მართალს გაარჩევდა. აქვე მინდა გითხრათ, ყველა ჩხუბი თბილისში დამეგობრებით მთავრდებოდა.
მას შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა... დაუნდობლები გახდნენ ადამიანები... მეგობრის გამო ხშირად გავხვეულვარ შარში. ჩემ გამოც ხშირად შეწუხებულან. ერთხელ, მოსკოვის მეტროში მოვხვდი. ავდიოდი თუ ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ავარდნილ ბიჭებს შევეჩეხე. მათ ფეხი დამიდეს. მოკლედ, ბევრნი იყვნენ და დამჩაგრეს. ამ დროს ულამაზესი ახალგაზრდა გამოჩნდა.
ჩემი მეგობარი გახლდათ, კარლო იმედაძე. ათივე თავდამსხმელი გალახა და აქეთ-იქით მიყარ-მოყარა.
ჩემი უახლოესი მეგობარი? - პოეტი რომ გავხდი და "პაემანი ვერაზე" დავწერე, ნიაზ დიასამიძის დამსახურებაა. იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, იმდენად მინდოდა მისი მოგონება, ლექსის გარდა, სხვა ფორმა ვერ მოვიგონე. თემურ ჩირგაძე, ანუ "ჩირგო" მოგვიანებით აღმოვაჩინე. მანამდეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ნიჭიერება გვიან გამოამჟღავნა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, გული დამწყდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სიტყვა არ მქონდა მასზე დაწერილი.
ძალიან განვიცადე მისი გარდაცვალება. ერთადერთი, რაც შევძელი, სიტყვები იყო, რომელიც ფურცელზე გადავიტანე: თუ სიკვდილმა თემურ ჩირგაძის ფასი იცის, ალალი იყოს-მეთქი.
ძალიან მინდა ქართლოს კასრაძე გავიხსენო. ისე ვერ დააფასეს. წერა გაცილებით ადრე დაიწყო. უნიჭიერესი ადამიანი გახლდათ. პირადად, შეიძლება ბევრი ადამიანი გამინაწყენებია, მაგრამ ქართლოსი... იმდენად კეთილშობილი იყო, ერთი კაცისთვის არ მიუყენებია ტკივილი. ის იყო ადამიანი, რომელიც ყოველთვის თბილისის გამხიარულებას ცდილობდა.
თბილისური იუმორი
ახლა, სახუმაროა თუ არა, ყველაფერზე ღლაბუცობენ. ასეთი დამოკიდებულებით იუმორს მარილი დაუკარგეს. ახლა ჩვენებურ იუმორს გავიხსენებ: დედაბერი მოდიოდა ქუჩაში. კაბა კი სუფთა ეცვა, მაგრამ ძველი იყო და ალაგ-ალაგ ნაკერები დაედო. გზად თბილისელი კინტო შემოხვდა და ქალს შესძახა: ვაჰ, დედი, ალაგ-ალაგ გაგიმარჯოსო. დედაბერმა კი მიუგო: იცოცხლე, შვილო, დღეგამოშვებითო.
რომელი ერთი გავიხსენო. აკი გითხარით, ყოველი ჩვენგანი რაღაცით ნიჭიერი იყო. მაგალითად, ხშირად ვიხსენებთ ნიაზ დიასამიძეს, რომელიც იუმორით გამოირჩეოდა. ნიაზისნაირი იუმორი ლამის ათ კაცში ერთს ჰქონდა.
ახლა დაიქსაქსნენ ადამიანები და იუმორიც დაუნდობელი გახდა. ახლა ჩემი ერთადერთი ნუგეში ამ ოთახში ჩაკეტვა და მუშაობაა. როცა მიხარია, წერა მინდება. მწუხარებასაც მუშაობით ვიმსუბუქებ. რაღა დამრჩენია, 83 წლის გახლავართ და ხშირად მითქვამს - "დრო მკლავს და დროს ვკლავ"...
თბილისური სიყვარული
იყო დრო, როცა გოგონებისა და ვაჟების კლასი გაყოფილი იყო. ამიტომ, სრულიად სხვა ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენ შორის. საოცარი რიდი გვქონდა ერთმანეთის. ვატარებდით განსაკუთრებულ ემოციას და ასეთივე ემოციური სიყვარულით გვიყვარდებოდა. ამ გრძნობისთვის რაღას არ ჩავდიოდით.
გურამი ლევან ასათიანის შვილი გახლდათ, - მამამისზე არანაკლები კრიტიკოსი. ნანი ბრეგვაძე უყვარდა. უნდოდა, გრძნობა გამოეხატა და ასეთი რამ მოიფიქრა: იყიდა ყვავილები და კოშკურა ამწეს მექანიკოსს მეოთხე სართულამდე აყვანა სთხოვა. ფანჯარაში მიართვა ნანის ყვავილები.
რატომღაც, ხშირად ნიაზ დიასამიძის სიყვარულის ისტორიას ვიხსენებ. მას გულიკო კასაბაშვილი უყვარდა. ნიაზი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ფული რომ არ ჰქონდა, "საჩუქრად" საყვარელ ქალს ცოცხალი გალაკტიონი მიუყვანა.
ყველაზე ლამაზი
ყველაზე ლამაზი? - ჩემი აზრით, ყველაზე ლამაზი ქალბატონი ბუბუსია თვალავაძე გახლდათ. თბილისში მას "შავ ბრილიანტს" ეძახდნენ. მისი ღიმილიც კი საკმარისი იყო, რომ მთელი თბილისი კარგ გუნებაზე დამდგარიყო. ბედი ისეთ მამაკაცს დაუკავშირა, ალალი იყო მისთვის. დათკა გამრეკელის ცოლი გახდა. ახლა ერთად განისვენებენ. არ ვიცი, ჰქონდათ თუ არა დიდი სიყვარული... და, საერთოდ, არ ვიცი ლამაზმა ქალმა როგორი სიყვარული იცის. ძალიან ძნელია... არ იცი, ეს სილამაზე და სიყვარული რამდენს გაუნაწილო.
ლამაზი იყო ლია სარიშვილი... ოოოო... ჩვენი თბილისის სექსსიმბოლო გახლდათ. ის რომ მოდიოდა, "ვვაჟკაცდებოდით". ვაჟები ეგზალტირებულები ვხდებოდით. ძალიან ლამაზი, ცისფერი, მიბნედილი თვალები ჰქონდა, სავსე მთვარესავით სახე. ახლა კი სხვა ფორმებია მოდაში, მაგრამ... ქალი ულამაზეს ფერებში იყო გადაწყვეტილი, ისეთში, კარგი მხატვარი აკვარელითაც რომ ვერ მოხატავდა. ჰქონდა ძალიან ლამაზი სხეული, კვიცივით იყო. თვალებით ვაშიშვლებდით, ვერანაირი სამოსი ვერ ფარავდა.
ახლა ასაკოვანი ქალბატონია. ძალიან მინდოდა "პაემანი ვერაზე" მიმეწვია, მაგრამ უარი შემომითვალა.
თბილისური ეზო
რაის იტალიური... მე თბილისური ეზო ვიცი. რა შეედრებოდა მას. მეზობლებში რა საჭმელი კეთდებოდა, სუნით ვიგებდით. აბეზარი ბავშვი გახლდით, საიდანაც კარგ სუნს ვიყნოსავდი და საითკენაც ცხვირი გამიწევდა, იმ ოჯახში მივდიოდი. მერე სადილზე მპატიჟებდნენ.
ზემელზე ვცხოვრობდი. აივანზე დედას "ვიშნიოვკა" ჰქონდა ჩამოკიდებული. ერთხელ უფროსი თაობის ჩეკისტმა ჩამოიარა და ამ "ვიშნიოვკას" იარაღი დაუმიზნა. ერთი მეზობელი მყავდა, მეტსახელად "ჯაბახანა". "ჯაბახანამ" მას მაუზერი ჩამოაწევინა: არ გინდა, აქ ჩვენი ძმაკაცი ცხოვრობსო. ეს "ჯაბახანა" დიდი ავარდნილი და ყომარბაზი ვინმე გახლდათ, ისეთი, "შავებს" რომ ეძახიან. სინამდვილეში, მიხეილ ჯავახიშვილის დისშვილი თუ ძმისშვილი იყო. გავიდა დრო, მიიღო კარგი განათლება, გახდა დოქტორი და ცხვრის ახალი ჯიშიც კი გამოიყვანა.
არ შემიძლია ჩემი მასწავლებელი ვარო ვარდიაშვილი არ გავიხსენო. მან გზა გამინათა და გადამარჩინა: სკოლიდან მაგდებდნენ. სამასწავლებლოსთან ატუზული რომ დამინახა, მკითხა: "ბიჭო, შენ კიდევ აქ ხარ?" მერე შევიდა სამასწავლებლოში და მასწავლებლებს უთხრა: სად უშვებთ ბავშვს, გამოდის, ვერ მოვერიეთ და მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახეთო. ჩემი მომავალი სწორედ ამ ქალბატონმა განსაზღვრა. მას ნარკვევიც კი მივუძღვენი - "ვერა და ვარო".
კარგი და ლამაზი ბავშვობა გავატარე. თუმცა, ომის პერიოდი იყო და ბავშვები ადრე დაგვაკაცა. ახლაც თვალნათლივ მახსოვს შაქრისა და კარაქის რიგები. ფარდულის კარზე პატარა სარკმელი იყო. იქ ხელს ჰყოფდი, სადაც შენს ულუფას გიდებდნენ.
მოგეხსენებათ, ძალიან აბეზარი ბავშვი ვიყავი და ამ რიგებსა და უბედურებაში მოვნახე გამოსავალი: ხელებზე სხვადასხვა ფერის ხელთათმანს ვიკეთებდი და როგორც "სხვადასხვა" ადამიანს, ორი კაცის ულუფას მაძლევდნენ.
არასდროს დამავიწყდება ნავთის რიგში ჩადენილი საქციელი. რიგში მდგარ ადამიანებს თავ-თავისი ნომრები ეწერათ ხელზე. იმდენად მიიზლაზნებოდა დრო, რიგში მდგარებს თვალზე რული ეკიდებოდათ. ერთხელ ვერ მოვისვენე და ერთ ჩაძინებულ ბერიკაცს ნომერი შევუცვალე. უცებ მოხუცმა თვალი გაახილა და მითხრა: არა გრცხვენია, მოხუც ადამიანს ნომერს მპარავ... არ შეიძლება, ბაბუ, მოხუცს სითბო წაართვაო. ეს სიტყვები დღესაც ყურში მიდგას...
მაშინდელი თბილისი? - იყო გაცილებით გაჭირვებული, დამშეული, გაყინული, ჩაბნელებული, სურსათის უსასრულო რიგებით, მაგრამ გვიყვარდა-მეთქი ერთმანეთი... სიყვარულმა გვიხსნა, გადაგვარჩინა და გაგვაძლიერა, მხოლოდ სიყვარულმა!