მზიურელებთან იმ დროს მივედი, როცა რეპეტიცია ჰქონდათ. რეპეტიცია, რა თქმა უნდა, ტრადიციულ ადგილას, ყოფილ პიონერთა, აწ უკვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ტარდებოდა. იქვე ჩამოვჯექი, არ მინდოდა „გარეშე პირის" ჩარევით მათი საქმიანობა თუნდაც რამდენიმე წუთით შეჩერებულიყო.
ანსამბლი „მზიური" 40 წლის წინ დაარსდა. პირველი თაობის ყველაზე პატარა მზიურელი მაშინ 8-9 წლის იყო... და მიუხედავად ამჟამინდელი „სოლიდური ასაკისა", თითოეული ისევ ის ცელქი, ემოციური გოგონაა.
ლია ხორბალაძე ჩვეული ღიმილით, ენერგიითა და ხალისით მისჯდომია დასარტყამ ინსტრუმენტებს, ნანა სანებლიძე იონიკასთან დასკუპებულა, ნინო დათუკიშვილი სალამურს აკვნესებს, ელენე ცარციძე ვიოლინოს „ესიყვარულება," ეკა გოდერძიშვილს ბას-გიტარა მოუმარჯვებია...
„მზიურის" კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 9 ნოემბერს გაიმართება. იმავე საღამოს გაიხსნება ანსამბლის სახელობის ვარსკვლავიც, რომლის თაოსანიც დათო ოქიტაშვილი გახლავთ.
მზიურელების კონცერტი საქველმოქმედოა. ფონდი „იავნანა" თაობს ყველაფერს, რაც კი ამ საღამოს ხარჯებთანაა დაკავშირებული. ისინი იმედოვნებენ, რომ ლეგენდარული „მზიურის" კონცერტზე დასასწრები ბილეთები მთლიანად გაიყიდება, ზარიც ბევრი შევა, თანხებიც გადაირიცხება ფონდის სახელზე და... კიდევ რამდენიმე ოჯახს გაუჩნდება ჭერი.
მზიურელების რეპეტიციაზე მცირეხნიანი შესვენება გამოცხადდა. ამით ვისარგებლე და ანსამბლის ხელმძღვანელ გურამ ჯაიანს და გოგონებს გავესაუბრე:
გურამ ჯაიანი: - თავდაპირველად ბიჭების ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი არსებობდა. სკოლა რომ დაამთავრეს, ანსამბლიც დაიშალა. იმ პერიოდში ერნა თოდუა გახლდათ სასახლის ესთეტიკური და მხატვრული აღზრდის განყოფილების გამგე. მას ძალიან უნდოდა ახალი ანსამბლის ჩამოყალიბება და დაგვიძახა ჩვენ: კომპოზიტორ გურამ ბზვანელს, მუსიკალური წრეების ხელმძღვანელებს - შურა ჯანელიძეს, ციცინო ციცქიშვილს, რაფაელ კაზარიანს. ანაზდად სცენიდან ხმაური მოგვესმა.
სხვადასხვა წრიდან გამოსული გოგონები სცენაზე ასულიყვნენ, ზოგი ფორტეპიანოზე უკრავდა, ზოგი გიტარაზე... სწორედ მაშინ გადავწყვიტეთ, რომ გოგონათა ანსამბლი შეგვექმნა. მახსოვს, ვესწრებოდით სასახლის თეატრალურ-მუსიკალურ და ცეკვის წრეების მოსწავლეთა სკეტჩებს. ვინც მოგვეწონებოდა, ვთავაზობდით ანსამბლში გადაყვანას. ლია ხორბალაძის სკეტჩმა ისე მომხიბლა, ინსტრუმენტებთან მივიყვანე და ვკითხე, - ამათგან რომელს აირჩევ-მეთქი. მაშინვე დასარტყამ ინსტრუმენტებს მიუჯდა.
ეკა კახიანი ვერცხლისწყალივით ბავშვი იყო, ვერ ვაჩერებდი რეპეტიციებზე, თუმცა გავიდა დრო და იხვის ჭუჭული გედად იქცა. თამრიკო ჭოხონელიძე ახლა დადინჯდა, თორემ მაშინ ძნელი იყო მისი დამორჩილება. ნანიკო სანებლიძეს „პატარა პროფესორს" ვეძახდი, სულ „ბრძნულ აზრებს" გამოთქვამდა. მაია ჯაბუა ისეთი დინჯი და გაწონასწორებული ბავშვი იყო, შენიშვნა არასოდეს მიმიცია.
ქეთი დეკანოზიშვილი: - 1975 წელს „საბჭოთა კავშირ-უნგრეთის პირველი საერთაშორისო ფესტივალი“ ბუდაპეშტში ტარდებოდა. მოსკოვიდან „მეგობრობის მატარებლით" (ასე ერქვა!) ბუდაპეშტში გავემგზავრეთ. ჩვენს ვაგონში იყვნენ ევგენი კინდინოვი, ანდრეი მარტინოვი, ალექსანდრ ჟერომსკი (პანტომიმისტი, შემდგომში „ბურატინოს" რეჟისორი) და სხვა მსახიობები. მე და ლიამ გადავწყვიტეთ, ჩამოგვევლო კუპეები და ყველა გაგვეცნო. ჟერომსკი ჩვენთან საუბარში ძალიან გაერთო და გახალისდა... მოგვიანებით კი, როცა ფილმ-მიუზიკლ „ბურატინოს" გადაღება გადაწყვიტა, მთელი ანსამბლი მიგვიწვია.
ლია ხორბალაძე: - როცა ბატონმა გურამმა გამოგვიცხადა, გაგრაში გველოდებიან როლების განაწილებაზეო, ძალიან ბედნიერი ვიყავი. მეგონა, მნიშვნელოვან როლს მომცემდნენ. ჩავედით გაგრაში, დაიწყეს როლების განაწილება. თითქმის ყველას არგუნეს როლი, მე კი... ფიქრებში ჩაძირულს ჩემი გვარი ჩამესმა - ყარაბას-ბარაბასის როლზე არ დამამტკიცეს?!
ნინო კობიაშვილი: - „ბურატინო" ფილმ-მიუზიკლად გადაიღეს, მაგრამ სპექტაკლებიც გავმართეთ სხვადასხვა ქალაქში. ლენინგრადში, სადაც სრული ანშლაგით მიდიოდა „ბურატინო", სპექტაკლი კინაღამ ჩაგვეშალა. წინა რიგში ბავშვები ისხდნენ. ბოლოს, როცა ყარაბას-ბარაბასის თოჯინები თავს აღწევენ მრისხანე პატრონს, სცენაზე გამოდის ჟღალწვერიანი ლია-ყარაბასი და გოდებს: „где мои куклы, отдаите их мне!" ლია ისეთ ეშხში შევიდა, რომ ერთ-ერთ სკამზე მჯდომი პატარა ბიჭი შეშინებული წამოვარდა და იყვირა: „мама, мама, помоги".
ნანიკო სანებლიძე: - გერმანიაში ყოფნისას ლუნა-პარკში წაგვიყვანეს. განსაკუთრებით კარგი დრო ვატარეთ სიცილის ოთახში, მაგრამ ჩემთვის კინაღამ საბედისწეროდ დამთავრდა სიცილი. იქ იყო კასრი, რომელიც სწრაფად ტრიალებდა. შიგ კი შევედი, მაგრამ ვეღარ გამოვდიოდი, კასრი კი ტრიალებდა და ტრიალებდა. სანამ არ ვიყვირე, - მიშველეთ, ცუდად ვარ-მეთქი, მანამდე ყურადღება არავინ მომაქცია...
ეკა გოდერძიშვილი: - კიკეთის ბანაკში ვატარებდით რეპეტიციებს. სხვები რომ ერთობოდნენ, გურამ ჯაიანს სარეპეტიციო ოთახში ვყავდი ჩაკეტილი და კალათით მაწვდიდა საჭმელს - სანამ ბას-გიტარაზე დაკვრას არ ისწავლი, მაქედან არ გამოგიშვებო.
ნინო დათუკიშვილი: - არასოდეს დამავიწყდება, კრემლში ვატარებდით კონცერტს. საკონცერტო კაბები დაპატარავებული გვქონდა, ახლის შეკერვას ვერ ვასწრებდით, ამიტომ იმ კაბებში ვაი-ვაგლახით ჩაგვტენეს. რუსმა ბიჭებმა შეგვატყვეს, რა გასაჭირშიც ვიყავით და შაყირი დაგვიწყეს: - გოგოებო, კაბები ხომ არ გიჭერთო. ჩვენ ცხვირი ავწიეთ და გავედით სცენაზე, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ. დამთავრებისას კი ყველას კაბა შემოფლეთილი გვქონდა...
დასასრულ, „იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელსა და სცენარისტს, თეო ჯორბენაძეს ვთხოვე ორიოდე სიტყვა ეთქვა „მზიურის" კონცერტის შესახებ:
- საღამო ყველას გაახსენებს „მზიურის" ეპოქას, როგორც დღემდე ვეძახით იმ პერიოდს. საღამოს რეჟისორია გია კიტია, მხატვარი - მედეა ბაქრაძე. მზიურელებისთვის იკერება ულამაზესი კაბები, მაგრამ, რა თქმა უნდა, „ტრადიციული" ფორმებითაც გამოვლენ. გაიხსენებენ უდროოდ წასულებს - ხათუნა დონდუასა და ხათუნა საბაშვილს. იქნება ფოტოკოლაჟიც. საღამოს წაიყვანენ დავით სოკოლოვი და ჯულიეტა ვაშაყმაძე, ანუ ის ადამიანები, რომელთა თვალწინ დაფრთიანდნენ და გაიზარდნენ გოგონები.