თემურ ქეცბაია კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ დასაჯა. „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს ფულადი ჯარიმა ამჯერად „ომონიასთან“ შეხვედრის 28-ე და 34-ე წუთებზე მომხდარი ინციდენტების გამო დააკისრეს, როდესაც მან სიტყვიერი შეურაცხყოფა თავისი გუნდის ფეხბურთელებს მიაყენა. ეს შეხვედრა მისმა გუნდმა 0:3 წააგო.
ადრე მსგავსი კონფლიქტი თემურ ქეცბაიას თორნიკე ოქრიაშვილთანაც მოუვიდა და ფედერაციამ სათანადო რეაგირების გარეშე არც ის ეპიზოდი დატოვა.
გარდა ამისა, წლევანდელ სეზონში პრეს-კონფერენციებზე ჟურნალისტების კითხვების იგნორირებისთვის საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ფინანსური სანქცია რამდენჯერმე დაეკისრა. კვიპროსის ჩემპიონატში თვრამეტი ტურის შემდეგ „ანორთოსისი“ მეოთხე ადგილზეა და ლიდერ „აელს“ 4 ქულით ჩამორჩება, თუმცა მეტოქეს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.