სააკაშვილის საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს ახალ მთავრობას ჩაუსაფრდა

სააკაშვილის საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს ახალ მთავრობას ჩაუსაფრდა

ერთი თვე გავიდა ახალი წლიდან და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მისი „ნაციონალური მოძრაობის“ წამყვან წევრებთან ერთად მეთოდურად გმობს „ქართული ოცნების“ ყოველ ახალ ინიციატივას. „ქართულმა ოცნებამ“ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა.

გასულ კვირას თბილისს საკანონმდებლო საკითხებში ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს ხელმძღვანელი ჯანი ბუკიკიო ეწვია და სააკაშვილის ზოგიერთ ბრალდებას დაუპირისპირდა. ამავე დროს, ჯანი ბუკიკიომ კომპეტენტური მხარდაჭერა გამოხატა ზოგიერთი იმ საკონსტიტუციო ცვლილებისადმი, რომელთა შემოღების ინიციატივით „ქართული ოცნება“ გამოდის და რომელთა მიზანი პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვაა.

სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ისეთი გზავნილის გავრცელებას ცდილობენ, რომლის თანახმად, „ქართული ოცნება“ და პერსონალურად ივანიშვილი პრორუსულად განწყობილნი არიან და ამის გამო არ არიან დაინტერესებულნი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციით; ხოლო შიდა პოლიტიკაში ახალი მთავრობა ცდილობს გააუქმოს ყველაფერი ის, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია გასული 9 წლის განმავლობაში დემოკრატიზაციისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კონტექსტში.

ბოლო კვირას სააკაშვილმა ყურადღება „პოლიტიკური დევნიდან“, ანუ, კორუფციაში ეჭვმიტანილი ათზე მეტი ყოფილი ჩინოვნიკის დაპატიმრებიდან, „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაზე და საახალწლო ამნისტიაზე გადაიტანა. ამ ამნისტიით საქართველოს გადავსებული ციხეებიდან 3000-მდე პატიმარი გაათავისუფლეს.

კანონს ამნისტიის შესახებ ხელი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა მოაწერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ის არ დაამტკიცა. ამნისტირებულთა შორის იყო ის 190 პატიმარი, რომელთაც „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. ზოგიერთ მათგანს პატიმრობა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის საეჭვო ბრალდებით ჰქონდა მისჯილი. გარდა ამისა, გათავისუფლდა 6 კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებმაც ამის შემდეგ საქართველო დატოვეს.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და „ენმ“-ის ამჟამინდელი თავმჯდომარე ვანო მერაბიშვილი აკეთებდა პროგნოზს იმის თაობაზე , რომ ამ უკანასკნელთა გათავისუფლება კრიმინალური სიტუაციის გაუარესებას გამოიწვევდა.

თბილისში, 1-ლ თებერვალს თანაპარტიელებთან შეხვედრაზე ის აცხადებდა, „ჩვენ ვერ დავუცდით ამ მთავრობას ოთხ წელიწადს (ხელისუფლებაში)… ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ დასამხობად შეთქმულებას მოვაწყობთ, მაგრამ ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ იმ გეგმის შესრულების საშუალება, რომელიც აქვთ – ეს საქართველოს დასუსტებაა“.

ბუკიკიომ გააკრიტიკა „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ის არ დაელოდა ვენეციის კომისიის მიერ ამნისტიის კანონის შეფასებას და ისე უყარა კენჭი.

სააკაშვილმა, თავის მხრივ, ცალკე გამოყო ამნისტიის კანონით ვაჰან ჩახალიანის გათავისუფლება. ჩახალიანი საქართველოს სამხრეთ რეგიონში, სომხეთის მოსაზღვრე ჯავახეთში, სადაც სომხური მოსახლეობა დომინირებს, სომეხთა უფლებების დამცველი იყო.

ჩახალიანს 2009 წლის აპრილში 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ისეთი ბრალდებებით, რომლებიც სომეხი უფლებადაცვითი ორგანიზაციების განცხადებით, დაუსაბუთებელი იყო. კერძოდ კი, მას ბრალად ედებოდა იარაღის უკანონო შენახვა, მასობრივ არეულობებში მონაწილეობა, წინააღმდეგობა დაპატიმრებისას და ხულიგნობა.

სააკაშვილმა ჩახალიანის გათავისუფლებაზე შემდეგნაირად ირეაგირა, უწოდა მას „ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი“ და რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტი.

მისი თქმით, ჩახალიანის საპატიმროდან გათავისუფლების გადაწყვეტილება იმთავითვე წარმოადგენდა სერიოზულ საფრთხეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. (ეს ბრალდებები შესაძლოა იმ ვარაუდებს ეფუძნება, რომ ჩახალიანი რამენაირად იყო დაკავშირებული მიმართვასთან, რომელიც ამასწინათ რუსეთში მცხოვრებმა ჯავახელებმა გაუგზავნეს საქართველოს მთავრობას. ამ მიმართვაში ისინი ითხოვდნენ ეკონომიკურად დათრგუნული ჯავახეთისთვის თავისუფალი ეკონომიკური ზონის სტატუსის მინიჭებას. სააკაშვილმა ეს მოთხოვნა, როგორც სეპარატიზმის მანიფესტაცია, უარყო).

საქართველოს პენიტენციარული სისტემის მინისტრმა, სოზარ სუბარმა, შემდეგი კითხვა დასვა – თუ წინა ხელმძღვანელობას ჰქონდა იმის მტკიცებულება, რომ ჩახალიანი მართლა მუშაობდა რუსეთის დაზვერვისათვის, რატომ არ წაეყენა მას ბრალი ამაში ოფიციალურად.

პროდასავლური კურსის დადასტურება

ივანიშვილმაც და მისი მთავრობის წევრებმაც არაერთხელ განუცხადეს დასავლელ ოფიციალურ პირებს, რომ მათ არა აქვთ პროდასავლური კურსის უარყოფის განზრახვა. ეს კურსი აირჩია პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და მერე სააკაშვილმა. ის ფაქტი, რომ საქართველო ერთგულია ნატოში გაწევრიანებისა, კიდევ ერთხელ დაადასტურა მიუნხენის ყოველწლიურ კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.

მიუხედავად არაერთხელ განმეორებული ამ განცხადებისა, „ერთიანმა ნაცინალურმა მოძრაობამ“ გასულ კვირას გამოაცხადა საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის თანახმადაც, პროდასავლური კურსი ყველა მომავალი ეროვნული მთავრობისათვის კანონით სავალდებულო უნდა გახდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ წინადადებას შემდეგნაირად უპასუხა – ის გამოვიდა ინიციატივით, რომ პარლამენტის ყველა ფრაქციამ ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელშიც დაადასტურებენ ერთიან პოლიტიკურ ხედვას.

მაგრამ ამ წინადადებამ ვერ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 24 საათის შემდეგ ახალი წინადადება წამოაყენა – „ქართულ ოცნებასთან“ ერთად შემუშავდეს ერთობლივი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რათა „კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული მომავალია და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გაგრძელდება“.

ბუკიკიომ 31 იანვარს მიანიშნა, რომ, მისი აზრით, ასეთი კონსტიტუციური ცვლილება ირელევანტურია.

თუმცა ბუკიკიომ აღიარა, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლი სასწრაფოდ ითხოვს შეცვლას. მაგრამ, ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ეს არ უნდა გაკეთდეს ნაუცბათევად და სასურველია შედგეს საზოგადოების მაქსიმალური კონსენსუსი.

კერძოდ, ბუკიკიომ კომპეტენტური თანხმობა განაცხადა კონსტიტუციის შესწორების იმ პროექტზე, რომელიც შეზღუდავს პრეზიდენტის უფლებას, დაითხოვოს პარლამენტი.

„მე მესმის, რომ მთავრობისა და პარლამენტის სტაბილურობისათვის, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, აუცილებელია კონსტიტუციის შეცვლა, რათა შეიზღუდოს სახელმწიფოს მეთაურის (პრეზიდენტის) უფლება, დაითხოვოს და დანიშნოს ახალი მთავრობა პარლამენტის თანხმობის გარეშე“, ნათქვამია ციტატაში, რომელიც ივანიშვილთან ბუკიკიოს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა და პოლიტიკოსმა შეშფოთება გამოხატა იმაზე, რომ სააკაშვილმა შეიძლება ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება, რათა გამიზნულად დაამხოს ივანიშვილის მთავრობა და იძულებით ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.foreignpress.ge