ევროლიგაში მოსკოვის ცსკა-ს 12-მატჩიანი გამარჯვებების სერია ესპანეთში, „ბასკონიას“ წინააღმდეგ დასრულდა. თორნიკე შენგელიას ყოფილმა კლუბმა რუსულ გრანდს აჯობა და გაცილებით დიდი სხვაობითაც მოიგებდა, ბოლო პერიოდში მოსკოველებს სოლიდური ჩამორჩენა რომ არ შეემცირებინათ.
ისე კი, თამაში დაძაბული გამოდგა. პირველი და მესამე პერიოდი „ბასკონიასი“ იყო, ხოლო მეორე და მეოთხე პერიოდში უკეთ სტუმრებმა ითამაშეს. საბოლოოდ, ბასკებმა ორი ქულის სხვაობით - 95:93 იმარჯვეს.
თორნიკე შენგელიამ 28:57 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა (6 მეტოქის ფარზე), 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 14-დან 5 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა. სწორედ შეტევაში დაშვებულმა შეცდომებმა იქონია გავლენა მარგი ქმედების კოეფიციენტზე, რომელიც მხოლოდ 11-ს გაუტოლდა.
ამრიგად, ცსკა-ს წაუგებელი სერია შეწყდა, მაგრამ 14 გამარჯვებით და 4 მარცხით ისევ ლიდერია, მომდევნო ტურში კი 13 იანვარს, კაუნასის „ჟალგირისს“ უმასპინძლებს.