სააკაშვილს მობილიზების საშუალება მოუსპეს

სააკაშვილს მობილიზების საშუალება მოუსპეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 თებერვალს პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ,  დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტის გამოსვლა მოგვიანებით შედგება.

პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პრეზიდენტს მიეცემა საშუალება, კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და პარლამენტში სიტყვით გამოვიდეს, თუმცა უმრავლესობის პოზიციაა, რომ ეს მოხდეს მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებული იქნება სათანადო გადაწყვეტილება ან როდესაც ცალსახად და მკაფიოდ იქნება გამოხატული პრეზიდენტის და მისი პოლიტიკური გუნდის პოზიცია პარლამენტისთვის იმ უფლების დაბრუნების თაობაზე, რაც მას ეკუთვნის.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის პრეზიდენტის უფლებებს, მაგრამ ამავდროულად პატივს ვცემთ საკუთარ თავს“, - აღნიშნა მან.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობაც და პრეზიდენტიც ხვალინდელი დღისთვის მზად იყვნენ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობა არც პრეზიდენტის და არც საპარლამენტო პოლიტიკური დებატის მოსმენისთვის მზად არ აღმოჩნდა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი კოლეგები უმრავლესობიდან მზად არ აღმოჩნდნენ არც პრეზიდენტის მოსმენისთვის და არც საპარლამენტო პოლიტიკური დებატისთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მათი გადაწყვეტილება, გადაწყვეტილებას იღებს საპარლამენტო უმრავლესობა და ბიურო და ერთადერთი რაც ჩვენ დაგვრჩენია, გამოვხატოთ ჩვენი სინანული და დავემორჩილოთ იმ ფაქტს, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ და საპარლამენტო ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ხვალ საქართველოს მოსახლეობას აღარ მიეცემა საშუალება მოისმინოს, ვფიქრობ, ის საინტერესო დისკუსია, რომელიც შეიძლება  გამართულიყო პარლამენტში“, - აღნიშნა ბაქრაძემ. 

პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ხვალ ქართულ საზოგადოებას იმ მიმართვით, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო, ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრემიერ-მინისტრის მოთხოვნით, საპარლამენტო უმრავლესობამ უარი თქვა კონსტიტუციით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშის მოსმენაზე, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ საზოგადოებას ეროვნული ბიბლიოთეკიდან იმ ტექსტით მიმართოს, რომლითაც პარლამენტის წინაშე უნდა წარმდგარიყო“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

რამდენად მიზანშეწონილია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების გადადება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მოტივით, მაშინ, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობამ სააკაშვილის პარლამენტში მიწვევამდეც მშვენივრად იცოდა, რომ ამ დრომდე საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ მოესწრებოდა? ამასთანავე, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამ საპარლამენტო უმცირესობის წევრებზე? ამ თემებზე for.ge პოლიტიკურ ექსპერტებს ესაუბრა.

ექსპერტი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ეს მომენტი მაშინვე უნდა გაეთვალისწინებინა, როდესაც პრეზიდენტს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე ეპატიჟებოდა. ექსპერტის შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან პრაქტიკულად შეცდომა იყო, რომ პრეზიდენტს მისი პოლიტიკური გუნდის კიდევ ერთხელ მობილიზების საშუალებას აძლევდნენ. კახიშვილი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერი დეპუტატი პარლამენტში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ ეს მათი პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო. ამიტომ, მათ პრეზიდენტის მიმართ გარკვეული ანგარიშვალდებულება აქვთ. შესაბამისად, როდესაც „ნაცმოძრაობაში“ არიან გარკვეული დეპუტატები, რომლებიც მერყეობენ, დაუჭირონ თუ არა მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა მათი აზრის შეცვლისკენ იქნებოდა მიმართული.

„ჩვენ ვიცით პრეზიდენტის სტილი, რიტორიკა და იგი ყველაფერს გააკეთებდა ამ ცვლილების საწინააღმდეგოდ საკუთარი გუნდის წევრების მობილიზებისთვის. ამას ემატება მეორე საკითხიც - ხვალ ძალიან ბევრი ადამიანი აპირებდა პარლამენტთან მისვლას და პროტესტის გამოხატვას პრეზიდენტისა და იმ საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ, რომელიც ვადაგასულ პრეზიდენტს პარლამენტში პრეზიდენტის რანგში გამოსვლის საშუალებას აძლევს. როგორც ჩანს, საკონსტიტუციო ცვლილებებამდე „ქართულმა ოცნებამ“ არამიზანშეწონილად მიიჩნია სააკაშვილისთვის ძალაუფლების დემონსტრირების საშუალების მიცემა. ზუსტად ეს იქნებოდა მისი რიტორიკა, რადგან როგორც ჩანს, სააკაშვილის გუნდში არიან ადამიანები, რომლებიც მერყეობენ და აპირებენ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას. წარმოიდგინეთ, „ქართული ოცნება“ „ნაციონალებს“ მოუწოდებს, რომ ისინი სააკაშვილს პოლიტიკურ სამარეში არ ჩაჰყვნენ, ამ დროს კი ეს ადამიანი მივიდოდა პარლამენტში და საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას მოახდენდა“, - ამბობს კახიშვილი.

მისი თქმით, მმართველი გუნდი სააკაშვილთან რადიკალური პოლიტიკური დაპირისპირებისთვის მზად არ იყო, ანუ მას სიტყვის დასრულების საშუალებასაც მისცემდნენ და ისეთ რეჟიმში წარმართავდნენ მასთან დებატებს, რომ ეს ყველაფერი ერთი მხრივ, საზოგადოების თვალში „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციას მოემსახურებოდა, ხოლოე მეორე მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეკრავდა. ამიტომ, კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ ამან გამოიწვია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადადება, თუმცა მისი აზრით, ჯობდა „ქართულ ოცნებას“ ეს ყველაფერი თავიდანვე გაეთვალა და ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მოწყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაეპატიჟებინა პრეზიდენტი პარლამენტში.

აქვე ექსპერტი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება რომ ვერ უზრუნველჰყოს, ამას გაცილებით უფრო მწვავე პროცესები მოჰყვება, ვიდრე ეს ცვლილებები საერთოდ რომ არ ყოფილიყო ინიცირებული.

„ეს ცვლილებები რომ ვერ იყოს მიღებული, ამის შემდეგ მართლაც შეიძლება ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციაში დღეს არსებულ იმ ბერკეტს მართლაც გამოიყენებს. ასეთ შემთხვევაში იგი დაითხოვს არა იმ მთავრობას, რომელსაც უმრავლესობამ გამოუცხადა ნდობა, არამედ იმ მთავრობას და მთავრობის მეთაურს, რომლის გამოც უმრავლესობა უმრავლესობაშია და რომლის გამოც ადამიანები ქუჩაში გავიდნენ და „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი. ასე რომ, ახლა „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა იმუშაოს“, - აცხადებს კახიშვილი.

პოლიტიკური ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხალხს ვერაფერ საინტერესოს ვეღარ ეტყვის, მაგრამ რადგან მისი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგომას ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს, „ქართული ოცნების“ მხრიდან პრეზიდენტის მოსმენა კანონისადმი ხარკის გაღება იქნება. ექსპერტის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ საინტერესო ნოვაცია შემოიტანა, როდესაც უმცირესობის დეპუტატების პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დასვა და მათ ამ ცვლილებისადმი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აიძულებს.

„ერთია, როდესაც სააკაშვილს ამოფარებული უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და ხმას აძლევს ან არ აძლევს კანონს, მაგრამ მეორეა, როდესაც ისინი პერსონალურად აკეთებენ არჩევანს - სააკაშვილისკენ დგებიან, თუ ხალხისკენ, ანუ უბრუნებენ თუ არა ხალს ძალაუფლებას. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის მხრიდან პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვამდე გადადება ერთ-ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ უმცირესობის დეპუტატებს არჩევანის გაკეთების საშუალება მისცენ“, - აღნიშნავს ხათუნა ლაგაზიძე.

ამიტომ იგი თვლის, რომ სწორია უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება, რომ უმცირესობის დეპუტატებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცენ. აქვე ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილის პარლამენტის წინაშე გამოსვლა მისი ხელისუფლების ერთგვარი სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს და ერთადერთ აზრს, რომ პარლამენტმა პრეზიდენტს მოუსმინოს, ხათუნა ლაგაზიძე სწორედ ამაში ხედავს.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ არსებულ ვითარებაში პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლის გადადება მიზანშეწონილია, რადგან მისი პარლამენტში მოხსენებით წარდგომის შემთხვევაში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაპირისპირება უფრო გამწვავდებოდა და ჩვენს დასავლელ პარტნიორებშიც უფრი გამყარდებოდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში პოლიტიკური სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

„ასეთი ფრონტალური პირისპირ დგომები და შეტაკებები რაც უფრო გადაიდება, უკეთესია. დრო ყველაფრის მკურნალია და მიმაჩნია, რომ უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც გამოჩნდებიან კონსენსუსის მომხრეები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ გზააბნეული მეტეორივით შემოსული ტერმინი „კოჰაბიტაცია“. სჯობს ვთქვათ, მშვიდობიან თანაარსებობა, რაც დღეს მიუწვდომელ ოცნებად გამოიყურება. ამიტომ რაც ნაკლები იქნება ასეთი მწვავე პირისპირ დგომები, საპარლამენტო თავაზიანობისა და თუ გნებავთ, ლექსიკის ზღვრებს გადასული, მით უკეთესი იქნება ქვეყნისათვის“, - ამბობს ეპქსერტი.

ამიტომ იგი უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან, ქვეყანაში სიმშვიდე უნდა დამყარდეს. სოსო ცინცაძე იმასაც არ გამორიცხავს, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დავა იმდენად გაიწელოს, რომ მის გადაწყვეტას აზრიც აღარ ჰქონდეს, რადგან შესაძლოა ამასობაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედების დრო მოვიდეს. შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ პრეზიდენტის პარლამენტის წინაშე გამოსვლის გადადებაში განსაკუთრებული არაფერია და ამ მოვლენის დრამატიზაციის საფუძველი არ არსებობს.