ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი ალექს სანდრო კორონავირუსით დაინფიცირდა. ბრაზილიელ მცველს მსუბუქი სიმპტომები აქვს და გუნდისგან იზოლირებულია.
თუმცა, მან გუშინ „უდინეზესთან“ 83 წუთი ითამაშა და ეს განგაშის საფუძველია. დანარჩენი ფეხბურთელები ტესტს გაიკეთებენ და პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი. ანდრეა პირლოს გუნდისთვის ეს დიდი თავსატეხია, რადგან იანვრის თვე „იუვესთვის“ ნამდვილად გადამწყვეტია.
6 იანვარს „იუვენტუსი“ „მილანს“ შეხვდება, ხოლო უახლოეს ორ კვირაში „როსონერის“ გარდა, „სასუოლოს“, „ინტერს“ და იტალიის სუპერთასზე „ნაპოლის“ უნდა ეთამაშოს. შესაბამისად, თითოეული მოთამაშის გამოკლება დიდი დარტყმაა და მითუფრო, თუ ეს რაოდენობა გაიზარდა.
მიმდინარე სეზონში „იუვენტუსის“ ორ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუსა და ვესტონ მაკკენის უკვე ჰქონდათ კოვიდინფექცია, გასულ სეზონში კი პაულო დიბალას.