ლიონელ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსელონას“ მაისურით მე-500 შეხვედრა ჩაატარა. კატალონიელებმა ლა ლიგის მეჩვიდმეტე ტურში სტუმრად „უესკა“ 1:0 დაამარცხეს და ერთადერთი ბურთი ფრენკი დე იონგმა სწორედ მესის პასით გაიტანა, რომლისთვისაც ეს კარიერაში საიუბილეო, მე-300 საგოლე გადაცემა გამოდგა.
ბურთის გატანა თავად არგენტინელსაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მისი ჯარიმა მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი პედრის პასით დასარტყმელ პოზიციაზე გასულმა ვერ შეძლო შეტევის ლოგიკურად დამთავრება. მომდევნო შეხვედრას მესი და მისი თანაგუნდელები 7 იანვარს, სტუმრად "ბილბაოსთან" გამართავენ.