ზუსტად 35 წლის წინ ოსლოს Ame Bendiksen Studio-ში ჩიკ კორეა და გარი ბარტონი თავიანთ ერთობლივ ისტორიას ქმნიდნენ. სწორედ 1972 წლის ნოემბერში ჩაიწერა ალბომი Crystal Silence, რომელიც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზ-ალბომად მიიჩნევა. ამ ალბომის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ორივე მუსიკოსი ერთობლივ ტურნეს ატარებს, რომელიც 14 სექტემბრიდან დაიწყება და გაზაფხულამდე გასტანს.
ტურნეს განაცხადში თბილისიცაა მოხსენიებული - ოპერისა და ბალეტის თეატრში Crystal Silence-ს 26 სექტემბერს იქნება წარმოდგენილი.
კომპანია "ისტერნ პრომოუშენის" თანამშრომლებს ჯერ ჯაზ-ფესტივალის სიგიჟეები არ დავიწყებიათ და უკვე მომავალ ვარსკვლავურ კონცერტზე მუშაობენ.
ჯაზფესტივალის დასკვნით კონცერტზე კომპანიის წარმომადგენელმა მიშა გიორგაძემ სექტემბრის კონცერტი დააანონსა, რასაც ჯაზის მოყვარულთა მორიგი გააქტიურება მოჰყვა. ჩიკ კორეასა და გარი ბარტონის კონცერტის ბილეთები უკვე იყიდება. თუმცა, ასე მხოლოდ 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამიტომ, კონცერტზე დასწრების, თანაც ნორმალური ადგილების დაპატრონების მსურველებს გააქტიურებისკენ მოვუწოდებთ. სალაროები მხოლოდ სექტემბერში, კონცერტამდე ერთი კვირით ადრე გაიხსნება. ბილეთების ფასი 50-დან 200 ლარამდე მერყეობს.
ჯერჯერობით ზუსტად არაა ცნობილი, რამდენ დღეს გაჩერდებიან კორეა და ბარტონი თბილისში, მაგრამ ამის განსაზღვრა ტურნეს კალენდრის მიხედვით მეტ-ნაკლებად მაინც შესაძლებელია: დუეტი ტურნეს 14 სექტემბრიდან ჰავაის კუნძულებზე დაიწყებს. ოთხი დღის შემდეგ პორტუგალიის დედაქალაქში გადაინაცვლებს, იქიდან კი პორტოს ესტუმრებიან.
სწორედ პირენეის ნახევარკუნძულიდან აიღებენ გეზს თბილისისკენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტოსა და თბილისის კონცერტებს შორის სამდღიანი პაუზა აქვთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მუსიკოსები ჩვენთან ერთ ღამეს მაინც გაათევენ.
თბილისის დასათვალიერებლად დუეტს კიდევ ერთი დღე ექნება, რადგან მომდევნო კონცერტი მოსკოვში 28 სექტემბერსაა დაგეგმილი. მოსკოველი მსმენელი მათ მუზიცირებას 30 სექტემბერსაც მოუსმენს. ამის შემდეგ მუსიკოსების მოგზაურობა დასავლეთისკენ გაგრძლედება და ამერიკასაც მოიცავს. ტურნე 10 მაისს სიდნეიში დასრულდება.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ორივე მუსიკოსი 1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოწვევით საბჭოთა კავშირში იმყოფებოდა. თუმცა მაშინ დახურული კონცერტი ჩაატარეს და მათი სტუმრობის შესახებ, უცხოელებისა და საბჭოთა ფუნქციონერების გარდა, თითქმის არავის გაუგია.